2020 წლის საჩოგბურთო სეზონი კარგად გახურდა. წლის პირველ დიდი სლემის ტურნირთან ერთად უკან, რამდენიმე პრესტიჟული შეჯიბრია მოტოვებული. სამწუხარო ის არის, ჩოგბურთის მეფეს – როჯერ ფედერერს ტრავმისგან გამოწვეული ქირურგიული ჩარევის გამო იძულებითი შესვენება უწევს და ზაფხულამდე უქმობს.

მაესტროს არყოფნას კი რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსებენ, რომლებმაც თავიანთ შთამბეჭდავ კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო მიამატეს. ესპანელმა მექსიკურ აკაპულკოში, ხოლო სერბმა დუბაიში გაინავარდეს.

აკაპულკოში, რაფამ კარიერის 122-ე ფინალი ითამაშა და 85-ე ტიტული მოიხვეჭა. მან ფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს მარტივად – 6:3, 6:2 აჯობა და ჩოგბურთის ისტორიაში მოგებული ტურნირების რაოდენობით ივან ლენდლის (94), როჯერ ფედერერის (103) და ჯიმი კონორსის(109) შემდეგ მეოთხე გახდა. მიუხედავად აკაპულკოში ტრიუმფისა, ნადალი რეიტინგის პირველ საფეხურზე მაინც ვერ გადასკუპტა, არადა ამის მინიმალური, მაგრამ შანსი ნამდვილად იყო. საამისოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი დუბაიში მეოთხედფინალს იქით ვერ უნდა წასულიყო. და კიდევ ერთი: რაფაელ ნადალი აკაპულკოს პრესტიჟული ტურნირი ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი ჩემპიონია. ესპანელმა მეჩოგნემ, მექსიკაში 2005 წელს 18 წლისამ იმარჯვა, ახლა  კი იგივე  33 წლისამ გაიმეორა.

„ვიცი მარტივი არ იქნება, მეტიც, შეიძლება წარმოუდგენლადაც მოსჩანდეს, მაგრამ ჩემი სურვილია 2020 წლის სეზონი წაუგებლად გავიარო. არ ვხუმრობ, სიმართლეს გეუბნებით,“ – აღნიშნა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, როდესაც დუბაის პრესტიჟული ტურნირის თასი მეხუთედ ჩაიხუტა. ნოლემ, წლეულს ზედიზედ უკვე 21 მატჩი მოიგო, მაგრამ ნოემბრამდე ანუ სეზონის ბოლომდე არ წაგებისა, რა გითხრათ. ჯოკოვიჩი კორტზე ნამდვილი მონსტრია, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ წინ გრუნტის სეზონი და „როლან გაროსია“, იქ კი მბრძანებელი ვინც არის, კარგად გეცოდინებათ.

დუბაიში ჯოკოვიჩს ყველაზე მეტად ნახევარფინალში გაუჭირდა, სადაც ბეწვის ხიდზე იარა და გაელ მონფისთან 3 მატჩბოლის გადარჩენა მოუხდა. ფინალში კი სერბმა ახალგაზრდა სტეფანოს ციციპასს – 6:3, 6:4 აჯობა. საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩი ციციპასთან ურთიერთშეხვედრებში პირველად დაწინაურდა – 3:2.

ვაჟთა ტურნირების პარალელურად, დოჰაში ურთიერთობას ქალები არკვევდნენ. ყატარის დედაქალაქში, ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ არინა საბალენკა და პეტრა კვიტოვა დადგნენ. კვიტოვა საკმაო გამოცდილია და სპეციალისტები ფინალში გამარჯვებას სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბელარუსი ჩოგბურთელი სხვანაირად ფიქრობდა. საბალენკამ არა მხოლოდ ფინალური დაპირისპირება, მთელი ტურნირი აღმაფრენით ჩაატარა და თასიც დამსახურებულად აღმართა. 6:3, 6:3 -ასეთი იყო ფინალის ანგარიში, რომლიდანაც თვალნათლივ ჩანს, რომ მან ძლიერ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

არინა საბალენკამ წლეულს პირველი, ხოლო კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო, ხოლო რეიტინგში მე-11 ადგილზე აინაცვლა.