Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამების ტაძარში ერთ-ერთ ხატზე სტალინია გამოსახული - რა ახსნა აქვს საპატრიარქოს


წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი და მის ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახული იოსებ სტალინი
წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი და მის ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახული იოსებ სტალინი

7 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც, მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც. წმინდა მატრონა მოსკოველის ხატმწერის ვინაობა ცნობილი არ არის.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე "ტაბულასთან" საუბარში ამბობს, რომ სტალინის ხატზე გამოსახვის შესახებ საუბარი შობის დღესასწაულის გადასაფარად არის შემოტანილი საინფორმაციო სივრცეში და აზუსტებს, რომ ეს არის არა სტალინის, არამედ მატრონას ხატი.

"ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის", - უთხრა ანდრია ჯაღმაიძემ "ტაბულას".

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებას დეკანოზი ილია ჭიღლაძე არადამაჯერებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ ორი შემთხვევის კონტექსტი განსხვავებულია.

"დიოკლიტიანე ხატებზე ისახება, როგორც ეკლესიის და წმ. გიორგის მდევნელი მკვლელი, როგორც დამარცხებული ბოროტება. ხოლო სტალინის მატრონას ხატზე გამოსახვის ერთადერთი აზრი და მიზანდასახულობაა, გაავრცელოს ხალხში აზრი, რომ სტალინი იყო ფარული ღრმადმორწმუნე და მოქმედებდა “წმინდა” მატრონას ლოცვა-კურთხევით, რომ იყო წმინდანის გზით და მითითებით მავალი ქრისტიანი", - ამბობს ის. მატრონა მოსკოველის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებში მართლაც ნახავთ, რომ მასთან სტალინი ომის დროს დადიოდა "რჩევების მისაღებად", თავად წმინდანმა კი სრულიად ახალგაზრდამ იწინასწარმეტყველა "საბჭოთა რევოლუცია".

სარწმუნო წყარო სტალინისა და მატრონას შესახებ არ არსებობს და ლეგენდა მათ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, მოდის 1993 წელს გამოცემული წიგნიდან, რომლის ავტორიც არის ზ. ვ. ჟდანოვა. რუსეთის ეკლესიის კანონიზაციის სინოდიალურმა კომისიამ საბუთებისა და ისტორიული წყაროების შესწავლით შეადგინა კანონიკური ტექსტი კეთილმსახურ მატრონას ცხოვრებისა, საიდანაც ამოღებულ იქნა სადავო და ღვთისმეტყველურად დამახინჯებული ცნობები. სტალინთან შეხვედრის ამბავიც ასეთ ცნობად ჩაითვალა.

ანდრია ჯაღმაიძეს რადიო თავისუფლებაც დაუკავშირდა. გვინდოდა მიგვეღო პასუხი კითხვებზე, რა დროიდან არის განთავსებული რუსი წმინდანის ხატი სამების ტაძარში და ვინ არის მისი ხატმწერი.

"გილოცავთ ქრისტეს შობას, იფიქრეთ ამ საიდუმლოზე და გაიხარეთ. სტალინი და მატრონა მოიცდიან სხვა დღეებისთვის", - მოგვწერა დეკანოზმა ჩვენი კითხვების პასუხად.

სტალინის გამოჩენა ქართულ ეკლესიებსა და იკონოგრაფიაში სიახლე არ არის. "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი იხსენებს, რომ იოსებ ჯუღაშვილის ფოტო 2017 წელს ბაგრატის ტაძარში იყო გამოფენილი. ამ ფოტოზე ის სასულიერო პირებთან არის გამოსახული.

თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ამ ფოტოს ბაგრატის ტაძარში გამოფენის შესახებ საპატრიარქო მაშინ ამბობდა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა და ფაქტის გასაჯაროებიდან მეორე დღესვე გაიტანეს ფოტო ტაძრიდან.
თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ამ ფოტოს ბაგრატის ტაძარში გამოფენის შესახებ საპატრიარქო მაშინ ამბობდა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა და ფაქტის გასაჯაროებიდან მეორე დღესვე გაიტანეს ფოტო ტაძრიდან.

იოსებ სტალინის ხატები რამდენიმე წელია ჩნდება რუსულ ეკლესიებში, რუსი მორწმუნეების ნაწილი მის წმინდანად შერაცხვასაც კი ითხოვს.

მითი იოსებ სტალინის ღვთისმოსაობის შესახებ თანამედროვე რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი პროდუქტია - რეალურად კი საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ რელიგიები, მათი მსახურები და მიმდევრები იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების პირველივე წლებში დაიწყო ღვთისმსახურთა მასობრივი დაპატიმრება, დაიხურა ეკლესიები და დაარსდა "უღმერთოთა კავშირები".

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური "დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.

XS
SM
MD
LG