Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგა რაზმაძე: ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდა


გოგა რაზმაძე, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი
გოგა რაზმაძე, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე, რომელმაც გუშინ საკუთარ ფეისბუკზე დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს, ეხმაურება შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნას და ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ერთი ადამიანის - გოგა რაზმაძის - წინააღმდეგ გაერთიანდა.

„სისტემაში 2018 წელს არსებითი ხასიათის ცვლილება განხორციელდა და შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას დისკრიმინაციული შემთხვევების მონიტორინგი წარმოადგენდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2023 წელს სამსახურში, სადაც კონკურსის გზით მოვედი, თავად გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი. თუმცა, სამწუხაროდ, მე სისტემის პირველი მსხვერპლი არ გახლავართ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დაიწყო ჩემი პრობლემები, რადგან მე თითოეულ ამ შემთხვევას ვაპროტესტებდი კონკრეტულ თანამშრომლებთან ერთად. სახალხო დამცველს მივმართე 26 ივნისს, რომელმაც, სამწუხაროდ, ჩემი უფლებები ვერ დაიცვა“, - ამბობს გოგა რაზმაძე.

რაზმაძის ცნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი მიზნად ისახავდა მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას.

12 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას გოგა რაზმაძემ თქვა, რომ, მისი ვარაუდით, ყველაფერი იყო წინასწარ შეთანხმებული და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწორედ ამის გამო არ დაიწყო მის საქმეზე გამოძიება. ეს, გოგა რაზმაძის თქმით, გენერალურ ინსპექციას ხელს შეუშლიდა „მის მიმართ კონკრეტული რეპრესიების განხორციელებაში“.

„ამას ველოდი, თუმცა ეს გააკეთეს ძალიან უხეში ფორმით. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი სამაგალითოდ დასჯა უმოკლეს ვადაში. თავიდან ამას სახალხო დამცველის სამართალაწარმოებამ შეუშალა ხელი, თუმცა, როგორც კი ეს პროცესი დასრულდა, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს დასკვნა საბჭოთა ბიუროკრატიასაც კი შეშურდებოდა“, - აღნიშნავს გოგა რაზმაძე.

როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ეცდება დასკვნის აბსურდულობა და საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს სამართლებრივი გზით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ის მოელის, რომ მას შემდეგ, რაც შსს-ს თანამშრომელი აღარ არის, მის დისკრედიტაციას მეტად შეეცდებიან, თუმცა ამბობს, რომ ამ პროცესში შეგნებულად ჩაერთო და ბრძოლას აგრძელებს.

გოგა რაზმაძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად გაასაჩივრებს გენინსპექციის დასკვნას, რაც შეეხება სამსახურში აღდგენის მოთხოვნას, ამაზე საუბარი ნაადრევია:

„ჩემი თვითმიზანი სკამი და თანამდებობა არასოდეს ყოფილა“.

გოგა რაზმაძის თქმით, ეს სისტემისთვის იყო პირველი ასეთი პრეცედენტი, რომელიც მალე უნდა დაესრულებინათ, რომ ჯაჭვური რეაქცია არ მოჰყოლოდა.

გოგა რაზმაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულში გახდა ცნობილი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა სოციალურ მედიაში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ხმამაღლა ილაპარაკა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და თავის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე. რაზმაძემ უწყება აზრის გამოხატვის შეზღუდვაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში სამსახურიდან დაითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG