Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: "მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე"


ვიდეოკადრი: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვა სასამართლოს სხდომაზე. 27 ოქტომბერი, 2023.
ვიდეოკადრი: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვა სასამართლოს სხდომაზე. 27 ოქტომბერი, 2023.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ორი დღის წინ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ საკუთარ განცხადებას და თქვა, რომ ის მაღალი წარმოდგენისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე, და მის გუნდზე.

„იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა. უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკში.

3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა“.

4 ნოემბერს ნიკა მელია ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა მოწოდებებს მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ და დაწერა: „სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით“.

ნიკა მელიას თქმით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის ბრმა შესრულება „მისი გზა არ არის“ და „მით უმეტეს არ მიიღებს ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შემდეგ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებაში სწორედ ნიკა მელიას გულისხმობდა.

XS
SM
MD
LG