Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს - სხვა კლინიკაში, საპატიმროში თუ საზღვარგარეთ?


მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედი", ჩართვა სასამართლოს სხდომაზე, პირველი თებერვალი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედი", ჩართვა სასამართლოს სხდომაზე, პირველი თებერვალი, 2023 წელი

„როგორ მდგომარეობაში დამხვდა დღეს? ჩათვალეთ, რომ საწოლზე წევს მკვდარი ადამიანი“, - ასე უთხრა რადიო თავისუფლებას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, მას შემდეგ რაც მან კლინიკა „ვივამედი“ დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა ბოლოს ერთი კვირის წინ მოინახულა. ამბობს, რომ დღეს ის ნანახით „გაოგნებულია“.

22 მარტს, კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ კლინიკა, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამ განცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის კვლავ საპატიმროში დააბრუნონ:

შალვა ხაჭაპურიძე
შალვა ხაჭაპურიძე

„დიახ, უშვებს, რომ შეიძლება მოკიდონ ხელი და გადაიყვანონ პენიტენციურ დაწესებულებაში. ერთადერთი, რაც მითხრა, თუ გადამიყვანეს, ჩათვალეთ, რომ ვერ გადავიტანო. მომაკვდავი კაცი წევს საწოლში, აი, ეს არის მისი მდგომარეობა. მისი წონა დაახლოებით 60 კილომდეა ჩამოსული. ბოლო ერთი კვირა არ მყავდა ნანახი და გამაოგნებელი სურათი დამხვდა“.

შალვა ხაჭაპურიძემ 23 მარტს კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციასთან და მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ:

„შეხვედრაზე უარს ამბობენ. მეორე სართულზე, სადაც ადმინისტრაციაა განთავსებული, ადვოკატებსაც აღარ გვიშვებენ. ახალი წესი შემოუღიათ. ავადმყოფობის ისტორია გამოვითხოვე ორი კვირის წინ და არ გვაძლევენ. დღესაც გამოვითხოვე და იმედია, მოგვცემენ. სრულ იზოლაციაში ვართ. დღეს მოვითხოვე მისი პირადი ექიმის ნახვა, მაგრამ არ არის, გასულიაო“.

რას ამბობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი „ვივამედის“ განცხადებაზე

შალვა ხაჭაპურიძე მიმართავს სახალხო დამცველს, რათა სასწრაფოდ უზრუნველყოს კლინიკაში სახალხო დამცველთან არსებული, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელი კონსილიუმის ვიზიტი, რათა კიდევ ერთელ შეაფასონ მათ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელად ერთი თვის წინ, 19 თებერვალს მოინახულა და პატიმარი-პაციენტის მდგომარეობა მძიმედ შეაფასა.

მათ დასკვნაში, რომელიც 27 თებერვალს გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ პაციენტთან ბოლო ვიზიტის (2022 წლის 4 დეკემბერი) შემდეგ, სახეზეა პაციენტის „საგრძნობი დამძიმება“.

კუნთების მნიშვნელოვანი განლევა, სისუსტის გამო გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდვა, კახექსიის მძიმე, მე-4 სტადია.

კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ მოინახულა, გიორგი გრიგოლიაა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

დღეს ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ერთი თვის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დამძიმებული უნდა იყოს:

გიორგი გრიგოლია
გიორგი გრიგოლია

„ბოლოს დაახლოებით სამი კვირის წინ ვნახეთ. იყო წონის კლება, კუნთების თითქმის აბსოლუტური განლევა და უკვე დაწყებული იყო ძვლების დაშლის პროცესი. იმის მერე გამოვიდა ინფორმაცია, რომ კიდევ ორი კილო დაიკლო“.

რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას, რომლითაც კლინიკა მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, რომ შეაფასოს პაციენტის „ვივამედში“ დაყოვნების მიზანშეწონილობა, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ ეს განცხადება ზოგად ხასიათს ატარებს და კარგი იქნებოდა, კლინიკის ადმინისტრაციას დაეკონკრეტებინა, თუ რა იგულისხმება ამ განცხადების მიღმა:

„წავიკითხე „ვივამედის“ განცხადება, სადაც არ არის დაზუსტებული, რას ითხოვენ ისინი, პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას თუ ციხეში დაბრუნებას. თუ სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, ჩემთვის ეს გასაგებია, რადგან 10 თვეა მკურნალობენ და მკურნალობის შედეგი ვერ დადგა. პაციენტი კლინიკაში შესვლის დროს გაცილებით უკეთ იყო, ვიდრე დღეს არის. თუკი ეს ციხეში დაბრუნების მინიშნებაა, მაშინ ეს ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული, რადგან ეს ადამიანი კლინიკაში ვერ გამოსწორდა. უფრო კონკრეტული რომ ყოფილიყო მათი განცხადება და ეთქვათ, რომ ჩვენს პირობებში არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვუმკურნალოთ და იქნებ მოხდეს ან სასჯელის გადავადება ან უცხოეთში გაშვება, მაშინ „ვივამედის“ განცხადება გაცილებით ლოგიკური იქნებოდა“.

გიორგი გრიგოლია ეხმაურება „ვივამედის“ განცხადების მთავარ პათოსსაც, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ძირითადი დაავადება პოსტრ-ტრავმული სტრესული აშლილობა, იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება შეუძლებელია და შესაბამისად, მას, ცხადია, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა თუ ჩაუტარდება:

„პირველ [გორის ჰოსპიტალი] და მეორე კლინიკაშიც და საერთოდ, რა მკურნალობაც უტარდებოდა პაციენტს ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა მკურნალობა, იყო სიმპტომური და არცერთი იყო მიმართული ძირითადი დაავადების მკურნალობაზე. სააკაშვილის ძირითადი დაავადება არის პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა. იმისათვის, რომ ამ დაავადებას უმკურნალო, პაციენტი იმ გარემოდან უნდა გამოიყვანო, რომელ გარემოშიც ეს დაავადება დაემართა. ვინაიდან ეს ასე არ ხდება, შესაბამისად, ამ დაავდების მკურნალობა შეუძლებელია. ეს ჩვენს დასკვნებშიც წერია. ვთვლი, რომ სიმპტომური მკურნალობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხმარება ავადმყოფს სნეულების დაძლევაში. სააკაშვილი უკვე მეორე კლინიკას იცვლის, ვერც პირველ და ვერც მეორე კლინიკაში მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხდა. ჩვენ, დეკემბრის დასკვნაში დავწერეთ, რომ ჩვენს პირობებში ამ ტიპის პაციენტის გამოჯანმრთელება არის შეუძლებელი“.

რაც შეეხება შალვა ხაჭაპურიძის მიმართვას სახალხო დამცველისადმი, რომ კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად მივიდნენ კლინიკა „ვივამედში“, გიორგი გრიგოლია ამბობს:

„ჩვენი ყველა ვიზიტი დაგეგმილი იყო სახალხო დამცველის სამსახურის მიერ. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ეს ვიზიტი სახალხო დამცველის ოფისმა უნდა დაგეგმოს“.

სახალხო დამცველის პასუხი შალვა ხაჭაპურიძეს

თავად სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, 23 მარტს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან, შალვა ხაჭაპურიძესთან შეხვედრა ვერ მოახერხა. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შალვა ხაჭაპურიძის სახალხო დამცველის ოფისში მისვლა დაუგეგმავი იყო და გაწერილი გრაფიკის გამო, ის სააკაშვილის ადვოკატთან შეხვედრას თავად ვერ მოახერხებდა, თუმცა, ადვოკატს შეხვდნენ მისი თანამშრომლები.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება კონსილიუმის წევრების მიერ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მონახულება:

ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

„რომ იცოდეთ ქრონოლოგია, ამ დღეების განმავლობაში, რა გააკეთა სახალხო დამცველის ოფისმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კვირას შევხვდი მას „ვივამედის“ კლინიკაში“. ასევე კლინიკაში შევხვდი ქალბატონ გიული ალასანიას და მასაც ვესაუბრე. გამოთხოვილი იყო კლინიკიდან და ვთხოვე, რომ დროულად გამოეგზავნათ დოკუმენტაცია, რომელიც ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მივიღეთ ეს დოკუმენტაცია 20 მარტს და იმავე დღეს გადავგზავნეთ ეს დოკუმენტაცია კონსილიუმთან, გავმართე შეხვედრა კონსილიუმის წევრებთან და მათაც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი პოზიცია, რომ არანაირი ხელის შეშლა და უფრო მეტიც, ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, უახლოეს მომავალში ისინი გეგმავენ, რომ მივიდნენ მიხეილ სააკაშვილთან და მოინახულონ“.

კლინიკა „ვივამედის“ განცხადების თაობაზე კი სახალხო დამცველი ამბობს, რომ ის სრულად იზიარებს, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას პოზიციას:

„არ ვიცი, ეს განცხადება გულისხმობს თუ არა, მაინც და მაინც, ციხეში დაბრუნებას. შესაძლოა აქ საუბარია სხვა დაწესებულებაზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყოფილ სახალხო დამცველს ამაზე ნამსჯელი აქვს და გამოქვეყნებული პოზიცია, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შესაძლოა საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც ყოფილ სახალხო დამცველს ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ ისეთი ქმედება განხორციელდეს, რამაც შეიძლება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს“.

რას ამბობდა „ვივამედი“ ზუსტად ერთი თვის წინ?

ზუსტად ერთი თვის წინ, 22 თებერვალს, "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებდა, რომ კლინიკა ვერ გასცემდა რეკომენდაციას მსჯავრდებული პაციენტის სხვა კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.

კლინიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა, ზურაბ ჩხაიძემ, თქვა, რომ კლინიკა მსოფლიოში მიღებული თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს პაციენტს. ამასთან, პაციენტს "პენტინეციურმა სამსახურმა თუ პრემიერ-მინიტსტრმა შესთავაზა, რომ ნებისმიერი ექიმი იქნეს მოწვეული და მის მიერ იქნეს კონსულტირებული“, რასაც ზურაბ ჩხაიძის თქმით, კლინიკა მიესალმება. მაგრამ მისივე სიტყვებით, მიზანი რაც აქვს პაციენტს, რომ მისი თავისუფლება მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე ამას ვერ დაუშვებენ:

„მე მესმის პაციენტის მდგომარეობა და ნებისმიერი პატიმრის მიზანია თავისუფლების მოპოვება და რა თქმა უნდა იგივეა ადვოკატების მიმართულებაც და მათ ხაზიც. მაგრამ ეს მინდა კატეგორიულად აღვნიშნო, ჩვენ არამც და არამც არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის კომპრომეტირების ხარჯზე. ჩვენი ექიმების პროფესიონალების კომპრომეტირების ხარჯზე", - განაცხადა 22 თებერვალს ზურაბ ჩხაიძემ.

ამავე პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ პაციენტის მდგომარეობა - ტენდენცია არის დამძიმებისკენ, რადგან სხეულის წონა და მასა ძალიან დაქვეითებულიაა. 20 თებერვლის მდგომარეობით წონა იყო 67კგ და 200გ და სხეულის მასის ინდექსი 18,2. პაციენტს გამოხატული აქვს ზოგადი საერთო სისუსტე. ძირითადად საწოლშია, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, კვება რჩება არაბალანსირებული.

რადიო თავისუფლება ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, 23 მარტს, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა ზურაბ ჩხაიძეს და მოესმინა მისი განმარტება „ვივამედის“ მიერ 22 მარტს გავრცელებული განცხადების უფრო კონკრეტული მიზეზის შესახებ. ასევე იმის თაობაზე, თუ რა შეიცვალა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში და რატომ გადაწყვიტა „ვივამედმა“ სააკაშვილის კლინიკაში დატოვება-არ დატოვების საკითხის დაყენება, თუმცა, ზურაბ ჩხაიძისგან კომენტარის მოძიება, ამ ეტაპზე, ვერ მოხერხდა.

„პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და დასჯა“

23 მარტს განცხადება გააკეთა კლინიკა „ვივამედის“ მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. როგორც ის ამბობს, კლინიკის მიერ გავრცელებული გზავნილი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც, საავადმყოფო ამბობს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის ჯანმრთელობას:

ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი

„აქედან არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.

გიორგი ჩალაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ განცხადება, რომელიც 22 მარტს „ვივამედმა“ გაავრცელა, არა კლინიკის, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კარნახითაა დაწერილი და გავრცელებული, რომელიც ერთი მხრივ, კლინიკის მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების, მეორე მხრივ კი სააკაშვილის დაშინების მცდელობაა, რომ ის, ჯანმრთელობის ამ მძიმე მდგომარეობით, შესაძლოა კვლავ ციხის კედლებში აღმოჩნდეს:

გიორგი ჩალაძე
გიორგი ჩალაძე

„ეს არის სუს-ის და სპეცსამსახურების მიერ გაკეთებული განცხადება. ამ განცხადების მიღმა იკითხება „ვივამედის“ მიერ თავის გადარჩენის და პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობა. ჯოხი რომ მათზე არ გადატყდეს, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვთქვით, რომ აქ ყველაფერი დასრულებულია და ახლა თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება. და ეს არის პრეზიდენტის დაშინების მცდელობა და ვაჭრობა“.

როდის ჩამოვლენ საქართველოში უცხოელი ექიმები?

გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ახლა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და შესაფასებლად პოლონეთის ეგიდით ევროპული მისიის მედიკოსები უნდა ჩამოვიდნენ, ქვეყანა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს.

რაც შეეხება ევროპელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლას, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ეს საკითხი, ჯერჯერობით, „ჰაერში კიდია“ ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერების გამო.

ერთი მხრივ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის თხოვნით, ექსპრეზიდენტისგან და მისი ოჯახისგან ოფიციალური განცხადება არ მიუღიათ. მეორე მხრივ, გიორგი ჩალაძე გვეუბნება, რომ იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებულია მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლების განცხადება, რომ ისინი თანახმა არიან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ჩაერთონ უცხოელი ექიმები და ამ უწყებას თანხმობის გასაცემად სხვა არანაირი მიმართვა და წერილი არ სჭირდება:

„იუსტიციის სამინისტრო ლაპარაკობს იმაზე, რომ ვითომ ოჯახმა უნდა მოიწვიოს ექიმები. ოჯახი ვერ მოიწვევს ამ ექიმებს. ეს არის საერთაშორისო მისია, ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით შექმნილი მისია, რომლის ინიციატორიცაა პოლონეთი. ჩვენ დავწერეთ განცხადება, სადაც წერია, რომ ვართ თანახმა, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ჩართული იყოს უცხოური სამედიცინო მისია. იუსტიცის სამინისტრო ახლა ცდილობს, რომ მათი მოწვევის პასუხისმგებლობა ჩვენზე გადმოიტანოს“.

გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ევროპული მხარე მართავს კონსულტაციებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა, ამ ეტაპზე, დეტალების გახმაურებისაგან ის თავს იკავებს:

„მე მელაპარაკებიან ევროპარლამენტარები, მეუბნებიან, რომ პროცესი მიმდინარეობს და გვთხოვენ, თავი შევიკავოთ ზედმეტი განცხადებებისგან, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ არ გახდეს მიზეზი, ჩაშალონ ის კონსულტაციები, რაც არსებობს. მე ვერ ვიტყვი ვისთან და რა კომუნიკაცია მიდის. და ამ კომუნიკაციის საჯაროობას მე თავს ვარიდებ. იუსტიციის მინისტრი მიზანმიმართულად, ვერაგულად თუ ჩერჩეტულად, ცდილობს ისრები სხვა მხარეს გადაიყვანოს“.

გიორგი ჩალაძე გვეუბნება, რომ მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია დადასტურებულად, რომ უკვე მზად არის სრულად აღჭურვილი თვითმფრინავი, რომელიც ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში, ექიმების ჯგუფთან ერთად გამოფრინდება საქართველოში:

„დადასტურებით ვიცით, რომ უნდა შესრულდეს სპეც-რეისი, არის სპეციალური თვითმფრინავი, აღჭურვილი ტექნიკით, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს სჭირდება არა სამკურნალოდ, არამედ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად მოსაპოვებლად. ექიმები, რომლებიც საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, არ აპირებენ, გამოიყენონ აქ არსებული რესურსი. აპირებენ, სრულიად დამოუკიდებლად შეისწავლონ ის, რაც მათთვის საინტერესოა. დადასტურებულად ვიცით, რომ ჯგუფი შექმნილია, მას ჰყავს ხელმძღვანელი. ასევე დადასტურებულად ვიცით, რომ თუკი რაიმე ბიუროკირატიული საკითხები უნდა გავლილიყო ევროკავშირის სტანდარტების თანახმად, უკვე გავლილია. ახლა, ერთადერთი შემაფერხებელი არის ქართული მხარე. რას მოიმიზეზებენ აქ იმისათვის, რომ უცხოელი ექიმების ვიზიტი შეაფერხონ, იქნება ეს ლიცენზირების პრობლემა, ამინდი თუ სხვა, ეს უკვე ქართული მხარის საქმეა. ევროკავშირი მზად არის, სამედიცინო მისია მზად არის, მხოლოდ საქართველოს კომპონენტიღა აკლია“.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, იმისათვის, რომ უცხოელ ექიმებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმებმა ჯანდაცვის სამინისტროს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც სააგენტოში უნდა შედგეს კომისიის სხდომა, რომელიც გადაწყვეტს უცხოელი ექიმებისთვის საქართველოში საქმიანობის დროებითი ლიცენზიის მინიჭების საკითხს.

ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ამ მოთხოვნით უცხოელ ექიმებს მათთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

თუკი საქართველოში ჩამოვლენ პოლონეთის ეგიდით შექმნილი ევროპული სამედიცინო მისიის ექიმები, ისინი არ იქნებიან პირველი უცხოელი მედიკოსები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიან.

გასული წლის შემოდგომაზე, საქართველოში იმყოფებოდნენ უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც ადგილზე გამოიკვლიეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათ მონაწილეობა მიიღეს სასამართლო საექსპერტო კომისიის მუშაობაში, სადაც 10 ქართველი და ექვსი საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობდა.

საბოლოოდ, კომისიის თითქმის 3000-გვერდიანი დასკვნა 2022 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და ის სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში განისაზღვროს მკურნალობა და რეაბილიტაცია.

უცხოელი ექსპერტები გამოიკითხნენ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე, რომელიც ექს-პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს ეხებოდა.

როგორც ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა, ერთ-ერთ სხდომაზე დისტანციური გამოკითხვის დროს განაცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით არის მოწამლული, რომელიც პრაქტიკულად, ყველა ორგანოს აზიანებს.

ბრიტანელი ექსერტი, კორნელიუს კატონა კი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გასული წლის 22 ნოემბერს მოინახულა „ვივამედში“, სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ პაციენტის გასინჯვის შემდეგ, მან აღმოაჩინა, რომ მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), კოგნიტური დარღვევები, რისი შედეგიც იყო დემენცია...ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტი, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც გრძნობს საშიშროებას".

მიუხედავად ექსპერტთა გამოკითხვებისა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებდნენ, 2023 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არც გაათავისუფლა და არც სასჯელი გადაუვადა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, 21 თებერვალს ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამის შესახებ მან 23 მარტს უთხრა რადიო თავისუფლებას:

„ევროსასამართლოსთვის მიმართვის საკითხზე ამ დღეებში გავავრცელებთ ჩვენს პოზიციას. სააკაშვილის ოჯახის წევრებს უნდა ვესაუბრო და ამის შემდეგ გავაკეთებთ უკვე განცხადებას“.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ დღესვე მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს:

გიული ალასანია
გიული ალასანია

"ეს ჩვენზეა დამოკიდებული, დღესვე შეგვიძლია, შევიტანოთ, მე ვფიქრობ, ძალიან სწრაფად, გადაუდებლად, არაფერია გამორიცხული", - თქვა გიული ალასანიამ 23 მარტს, მას შემდეგ, რაც კლინიკა „ვივამედი“ დატოვა.

თებერვლის დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგებო დებატები გაიმართა ევროპარლამენტში, რომლის ინიციატორიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იყო.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ევროკომისარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს, როგორც სააკაშვილის სასამართლო მოსმენებს, ასევე მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა:

"ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს კანონიერი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობა, უზრუნველყოს მათი მკურნალობა“.

დებატების მსვლელობისას, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებდნენ.

მმართველი გუნდის წევრები, ისევე როგორც უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დღესაც ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი „თვითდაზიანებას“ ეწევა, ის განზრახ ამბობს უარს მკურნალობაზე და მისი მიზანია, „როგორმე მოხდეს მისი დახსნა ციხიდან“:

კახა კალაძე
კახა კალაძე

„ახალი არაფერი ხდება, ეს ადამიანი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაანახოს საზოგადოებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა არის ცუდი. რეალურად არის ის, რომ ადამიანი არ იკვებება, არ იღებს შესაბამის კალორაჟს, ძალიან მარტივია. შეიძლება "ვივამედში" დამზადებული საკვები არ მიიღოს, მაგრამ ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟი, ეს არის სპეციალურად მიზანმიმართული კამპანია, ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას და აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას“, - თქვა 23 მარტს თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ გასული წლის მაისში უთხრა სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ იღებდა საკვებს და ექიმებს საქმე მის ახირებასთან არ ჰქონდა:

თენგიზ წულაძე
თენგიზ წულაძე

„მას აჩემება კი არ აქვს, რომ არ უნდა და არ შეეგუება, ან მიდი, ჭამე, ხომ გაქვს საჭმელი. ეს მისი ახირება არ არის, რომ არ უნდა და არ ჭამს. ის ვერ იკვებება, ვერ ჭამს. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს ადამიანი ავადმყოფობის გამო ვერ იკვებება“.

ამ შინაარსის სიტყვები გაიმეორა მან პირველ თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზეც, სადაც ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი განიხილებოდა:

„თავიდან, როცა მან შიმშილობა დაიწყო, მაშინ, ალბათ არ ჭამდა, ხოლო ახლა ვეღარ ჭამს, რადგან ანორექსია და კახექსია იწვევს გასტროპარეზს, გულისრევას, მადის დაქვეითებას და პაციენტისთვის თავისი მდგომარეობის მართვა შეუძლებელია“.

როდის შეაფასებს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახური კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დაყოვნების საკითხს? - რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით მიმართა იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურს. მათი განმარტებით, კლინიკას უწყებისთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს. პრეს-სამსახურში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე, მათთვის უცნობია, გაავრცელებს თუ არა რაიმე განცხადებას იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივამედიდან" გაყვანის თაობაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG