სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

10 ლექსი დედაზე, რომლებიც ღონისძიების დაგეგმვისას პედაგოგებს გამოადგებათ
21-02-2023
-
+


3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლები ღონისძიებებს გეგმავენ და ბავშვებს ლექსებსა და სიმღერებს ასწავლიან. 

etaloni.ge გთავაზობთ ლექსებს, რომლებიც შეგიძლიათ, დედის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში გამოიყენოთ.


ნონა ბეჟანიშვილი - გაზაფხული 

გაიღვიძა ციცქნა იამ, შეისწორა ბაფთა.
ენძელას კი ჩაუცვია თეთრი, ნაზი კაბა,
ყოჩივარდამ გადაისვა ვარდისფერი პუდრი,
სურნელებამ გააბრუა ,ნაზ პეპლების გუნდი...
გაპრანჭულან სათითაოდ,
დიდი ჟრიამული აქვთ,
გვირილებს ელოდებიან,
თითქოს სადღაც მიდიან.
აი მერცხალიც გამოჩნდა,
ნისკარტით აქვს ბარათი:
„დედის დღეა“ გილოცავთო,
გამალებით დაგვძახის.
 
მაყვალა მრევლიშვილი - ხელისგულზე
 
- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.

ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.

ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

 
მორის ფოცხიშვილი - დედის ბედნიერება
 
შვილები თუ მღერიან,
დედა ბედნიერია.
თუ ფერხულსაც უვლიან,
დედა მხიარულია.

თუ კარგადაც სწავლობენ
და კარგადაც შრომობენ,
რომ სამშობლოს ერთგულად
ემსახურონ ბოლომდე.

მაშინ დედის კეთილ გულს
დარდიც ვეღარ ერევა, -
ჩვენი კარგად ყოფნაა
დედის ბედნიერება!

 
ნათია აბულაძე - დედას

დედი, დედი, დედა
სულ მინდოდა მეთქვა:
ჩემი სიცოცხლე ხარ,
ჩემი გულის ფეთქვა!


ნატალია ნადირაშვილი - დედა
 
შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია,
არ მიყვარს, როცა ვერ გხედავ,
შენი გულისტკენაც თითქოს ადვილია,
მინდა მომეფერო დედა.
დღედაღამ ფუსფუსებ, დღედაღამ მხარს მიჭერ,
როგორ არ იღლები ნეტა,
დარდსა და საფიქრალს ახლოს არ მაკარებ,
ჩემო საყვარელო დედა.
რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო მჭირდები,
სულ უფრო მეტად და მეტად,
შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილია,
მინდა დიდხანს მყავდე, დედა.

 
ავთანდილ მეგრელიშვილი - დედა
 
დედის ხმაზე უფრო ტკბილი,
ხმა არც მწამს, არც მეგულება;
დედის გულზე უფრო ცხელი,
გული არსად მეგულება;
დედის სულზე უფრო სუფთა
სული არსად მეგულება;
დედის თვალზე უფრო სათნო,
თვალი არსად მეგულება.
დედა არის სიყვარული,
სიცოცხლე და ერთგულება!...
 
 
სოფო გასიტაშვილი - დედა
 
- იცი ქვეყნად რა არის
თაფლზე უფრო ტკბილი?
- კოცნა და ჩახუტება
დედიკოს და შვილის.

- და თუ იცი წამალი
ყველაფერს რომ შველის?
- დედის კოცნა ნატკენზე,
ტირილით რომ ველით.

- ყველა შეკითხვის დასმას
სხვასთან თუ ვერ ვბედავთ,
პასუხს ვინ არ იზარებს?
- რა თქმა უნდა, დედა!!!

 
ნათია აბულაძე - დედი...
 
დედი, ჩემო საყვარელო,
კეთილო და ენამზე,
მშვენიერო, სანატრელო,
გლოცავ, ყველა ენაზე!

დედი, ჩემო ტკბილზე ტკბილო,
სხივნათელო, მზეთამზე,
დედოფალო, თბილზე თბილო,
საამაყო ყველაზე!

 
ხათუნა გულიაშვილი - დედიკონა
 
თუ როდისმე გაწყენინე
ახლა ვითხოვ პატიებას.
შენ შვილს ცუდი საქციელი
ვიცი, არ მეპატიება.
დღე და ღამე მარიგებ და
მუდამ ჩემზე დარდიანობ.
მასწავლი , რომ „კარგი შვილი
დედის გულის ვარდიაო“
მსურს დავკრიფო ია- ვარდი,
სიყვარულით შევკრა კონა.
პირობას ვდებ: ვისწავლი და
გასახელებ დედიკონა.
 
 
მუხრან მაჭავარიანი - დედა
 
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?! 
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - 
ვინ იამაყებს?!

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება