ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას „ჰყვებიან“ ხალები პატრონის შესახებ და რა საიდუმლოს ამხელს ამ თანდაყოლილი ნიშნების განლაგება ქალის სახეზე

№47

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 01.12, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ეზოთერიკოსთა აზრით, თანდაყოლილი ხალები ნიშანია იმისა, თუ როგორ წარიმართება მთელი ჩვენი ცხოვრება: ბევრ რამეს ამბობს ჩვენს ფარულ, ძლიერსა თუ სუსტ მხარეებზე. მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობასაც თუ გაეცნობით, ნებისმიერი ადამიანის „წაკითხვას“ შეძლებთ. განსაკუთრებით ყოვლის მეტყველია ამ მხრივ, სახე და თანაც, ქალისა. გაინტერესებთ, რა იმალება ქალის სახეზე მიმობნეულ „ხალთა თანავარსკვლავედს“ მიღმა? - ყურადღებით გაეცანით ეზოთერიკოსი ქალბატონის, ნუნუ ც-ს რჩევებს.

- თანდაყოლილი ხალები - დაბადების ეს პატარა საოცარი ნიშნები ბევრი რამის მთქმელია ადამიანის ფარულ, ძლიერსა თუ სუსტ მხარეებზე. ხოლო, თუ ხალების ადგილმდებარეობის მნიშვნელობაც იცი, ნებისმიერი ადამიანის „წაკითხვას“ შეძლებ და გაიგებ, ვისთან გაქვს საქმე. განსაკუთრებით ყოვლის მეტყველია ამ მხრივ, სახე და თანაც, „იდუმალი“ ქალისა. ქალის სახეზე ხალების ადგილმდებარეობამ შეიძლება ბევრი რამ თქვას მის ხასიათზე, შესაძლებლობებსა და ნიჭზე. მაშ ასე, ხალი ცხვირის ფუძის ზემოთ ქალის კარგ ინტუიციასა და ინტელექტზე მიუთითებს - ის ყოველთვის ცდილობს, რაღაც ახალი ისწავლოს და ცხოვრებაში გამოიყენოს, უფრო მეტიც, სხვა სამყაროსთან კომუნიკაციის უნარი აქვს და შეიძლება ნათელმხილველი გახდეს. აი, შუბლზე ხალიან ქალს კი, მართლაც შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება.

- თვალები ხომ სულის სარკეა, ხალებიც ასეა მის ირგვლივ?

- თვალებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ხალი მარჯვენა თვალის კუთხეში ეჭვიან, საეჭვო რეპუტაციის და სკანდალურ ქალს აქვს; ქუთუთოზე - მშფოთვარეს, ნებისმიერმა უბედურებამ რომ შეიძლება სტრესამდე მიიყვანოს, თუმცა ჭკუა და ნიჭიერება არ აკლია; თვალის ქვეშ - მის ღრმა გრძნობებზე მეტყველებს, კეთილი, ნაზი და მომხიბვლელია. ასეთი ხალი ხშირად კეთილშობილური წარმოშობის ნიშანიცაა. რაც შეეხება ხალს მარჯვენა თვალის ქვეშ, ცხვირთან - ასეთმა ქალებმა არასოდეს იციან, რა სურთ, დღეში რამდენჯერმე იცვლიან აზრს, კაპასი და ზედმეტად ემოციურები არიან, აქვთ ძალიან ვნებიანი, მაგრამ მოკლევადიანი ურთიერთობები; ხოლო ხალი თვალებს შორის ცხვირზე - მოგზაურობის მოყვარულ ქალს აქვს, რომელიც კრეატიული, მოუსვენარი და მეტად კომუნიკაბელურია. გადავიდეთ მარცხენა თვალზე, მის ქვეშ, ცხვირთან ახლოს ხალი ძალიან ეჭვიან ქალებს აქვთ, ცხვირიდან მოშორებით - სექსუალურებს; თვალის მარცხენა კუთხეში - მუდმივად რომ საკუთარ თავს აკრიტიკებენ, პრობლემებიანი და კონფლიქტურები არიან; ხოლო ხალი ქუთუთოზე - ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და დამახსოვრების უნარზე მეტყველებს.

- გადავიდეთ ცხვირის მიდამოებზე...

- ხალი ცხვირის წვერზე - ხუმარა, სასიამოვნოდ მოსაუბრე და წესების დამრღვევ ქალს აქვს, რომელსაც იზიდავს ყველაფერი აკრძალული: სიყვარულში თავქარიანი ბავშვურად და სასაცილოდაც კი იქცევა, ამიტომ ვერც კი გაბრაზდებით მასზე - დიდხანს ეძებს საკუთარ ადგილს ცხოვრებაში, იცვლის სპეციალობას და სამუშაო ადგილს. თუ ქალს ლოყაზე ხალი თვალის ქვეშ აქვს, გრძნობები ყოველთვის ჭარბობს გონიერებას, თავის რომანტიკულ ცხოვრებას დრამად აქცევს, საქმეების გართულებისა და ცხოვრების სერიალად გადაქცევის „ნიჭი“ აქვს. ქალს, რომელსაც ხალი ცხვირის ქვეშ აქვს, იზიდავს ყველაფერი მისტიკური, ნებისმიერი პრობლემიდან იპოვის გამოსავალს, მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს ჩიხიდან გამოსასვლელად, შეგიძლიათ ანდოთ საიდუმლო. თუ ქალს ხალი ცხვირის გასწვრივ აქვს, დამოუკიდებელია, უყვარს მოგზაურობა და ცხოვრებით ტკბობა, მაგრამ, თუ ტუჩის ზემოთ (ცხვირისგან მოშორებით და ზედა ტუჩთან ახლოს) - პირიქით, სახლის კომფორტი და სიმშვიდე ურჩევნია. ქალს ხალით ცხვირის მარცხენა მხარეს, - უყვარს ცდუნება და პროვოცირება, ექსტრავაგანტური საქციელით, ხშირად შოკშიც კი აგდებს სხვებს, თუმცა ქორწინებას ძალიან სერიოზულად უყურებს და დაქორწინებამდე დიდხანს ფიქრობს. ხალი ზედა ტუჩის ზემოთ, მარჯვნივ აქვს ჭორიკანა, ინტრიგების მოყვარულ, ზოგჯერ სასტიკ ქალს, რომელსაც უყვარს მამაკაცზე დომინირება, შეცდომის გამო შურს იძიებს პარტნიორზე, შეურაცხყოფას კი საერთოდ არავის აპატიებს. ასეთ ქალს სამსახურში ძალიან აფასებენ - ეს კი საშუალებას აძლევს, წარმატებული კარიერა შეიქმნას და ბრწყინვალე შედეგებს მიაღწიოს. რაც შეეხება ხალს ქვედა ტუჩქვეშ - ასეთი ქალი ყოველთვის ნამდვილ სიყვარულს ეძებს და თანაც, ძალიან ეჭვიანია. როგორც წესი, სხვებს ყოველთვის მისი დაცვის სურვილი უჩნდებათ. ხშირია რამდენიმე ხალი ტუჩებზე, რაც ქალის რბილ ხასიათზე მიუთითებს - ისინი თავს არიდებენ პასუხისმგებლობას და ხშირად ზარმაცები არიან.

- დარჩა ლოყები და სახის ქვედა ნაწილი...

- ხალი მარცხენა ლოყაზე ყურის გვერდით რთული ხასიათის ნიშანი - ასეთი ქალი ჩუმი და პირქუშია. თუმცა მათ შორის ხშირია შემოქმედი ადამიანები: მწერლები, მხატვრები, პოეტები. ასეთი ქალი ნიჭიერი და წარმატებულია, ფაქტობრივად, ყველაფერში, რასაც კი აკეთებს, განსაკუთრებით კი სიყვარულში! ის ბუნებით მომხიბვლელია! ხოლო ქალი, ხალებით ტუჩის კუთხეებში, წარმოუდგენლად მიმზიდველი, სექსუალური და ბევრისთვის სასურველია. მაგრამ ლოიალობა, სამწუხაროდ, მისი თვისება არ არის. ხალები ლოყებზე ხელმძღვანელი, ლიდერი ქალის ტიპზე მიუთითებს, განსაკუთრებით, თუ მარჯვენა ღაწვზეა. ნიკაპზე ხალი კი ძალაუფლების ნიშანია. ასეთი ქალი გარეგნულად ტკბილი და ნაზია, თუმცა მტკიცე ხასიათი და შეუპოვარი სული აქვს. თუ ხალი ნიკაპის მარჯვენა მხარესაა, ქალი საზრიანი და ხალისიანია, ყოველთვის სჯერა საკუთარი თავის, ტაქტიანი და ბრძენია; ნიკაპის მარცხენა მხარეს - ქალის ცუდ ჩვევებს ამხელს, მის კაპრიზულობასა და ეგოიზმზე მიუთითებს; ნიკაპის ცენტრში კი - მის სიჯიუტეს უსვამს ხაზს. ასეთ ქალთან კამათს აზრი არ აქვს! დაბოლოს, ქალი ხალებით ყურებზე ძალიან ორიგინალურია სამყაროს აღქმაში. ის ხშირად ტრაბახობს საკუთარი დაუცველობით, რაც ერთგვარი თავდაცვაა. ასეთი ქალი ცდილობს, ებრძოლოს თავის უსუსურობასა და შეზღუდულობას და საბოლოოდ, იმარჯვებს კიდეც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი