შემოდგომის ფერები, ანუ ლომისა და კურდღლის იგავი

© http://widefon.com/load/24-1-0-17880ფოთოლცვენა
ფოთოლცვენა - Sputnik საქართველო
გამოწერა

  სულხან მელაძე

  ღვინობისთვის ნახევარი გაილია, თუმცა ფოთოლცვენა ჩვენში გაცილებით ადრე დაიწყო და სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება, რომ ყოველი მომდევნო თვე, წელიწადის დროისა და კლიმატის მიუხედავად, გააშიშვლებს გარემოს, მიმოფანტავს კიდევ უფრო მეტ ფოთოლს — ნედლსა, თუ ხმელს. ასე იქნება მომავალი წლის ღვინობისთვის ჩათვლით, ვიდრე ავდარია და ქარბორბალა არ დაცხრება. და მაშინ, როცა ძალზე მაღალი ალბათობით, სრულიად დაუმსახურებლად, ბუნების კეთილგანწყობის იმედად ვიქნებით, შეიძლება კიდევ უფრო გაავდრდეს და უფრო ძლიერი ფოთოლცვენაც მოჰყვეს.

 ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: „ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში უცნაური რამ ხდება, თუმცა კი სრულიად გასაგები. პოლიტიკური ცხოვრების  ტრადიციები ჯერაც სუსტია. სუსტია იმის გააზრებაც, თუ რას მოითხოვს საზოგადოება პოლიტიკოსებისგან. თავის მხრივ, არც პოლიტიკოსები იწუხებენ თავს საზოგადოებრივი დაკვეთისა და ისტორიული ამოცანების გაგებით, აღარაფერს ვამბობ ამ ორის შეთავსების მცდელობაზე. ამიტომაც, სრულიად გაუგებარი პოლიტიკური მიზანდასახულებები და წარმონაქმნები შეიძლება შეგვხვდეს. ამას უმალ, კალეიდოსკოპს შევადარებდი, რომელშიც მყისიერად იცვლება ფორმები, ფერები და ახლები იბადება. თანაც ამ, ერთი შეხედვით, ახლების დაბადება ისევ ძველი და ზოგჯერ საკმაოდ გახუნებული ფიგურანტების მიერ ხორციელდება. ამიტომაც არის, რომ ქართულ პოლიტიკაში მოდიან და შემდეგ სწრაფად ქრებიან ადამიანები, ალიანსები და ასე შემდეგ“.  

 ბრძოლა სასტიკი და დაუნდობელი იქნება. ჩვენ კი, კვლავაც იმედით ვიმოსებით. ამგვარი სამოსელი რა თარგზე შეიკერა უცნობია, ისე როგორც ჯერ არავინ უწყის, რა იქნება პოლიტიკურად ჭრელი, ცივი თუ თბილი ფერების ერთმანეთთან შეზავება-განზავების მთავარი პრინციპი. ვინ ვის "დაუმეგობრდება", ვინ ვისზე აიყრის გულს, შეერევა, შეეზილება და ვინ დაეფერება მოლბერტს ეულად.

 ზაზა ფირალიშვილი: შედარებით მდგრად პოლიტიკურ წარმონაქმნებშიც კი ისეთი იდეოლოგიური სიჭრელე და პოლიტიკური შეუთავსებლობებია, აშკარაა, მათი კავშირი მხოლოდ მიმდინარე მომენტის ინტერესებმა განაპირობა. სამწუხაროდ, მოცემული მომენტის პრაგმატული ინტერესები  ზედმეტად ხშირად სძლევს პრინციპებსაც, იდეოლოგიებსაც და ზოგჯერ ქვეყნის ისტორიულ სტრატეგიასაც. ალბათ, 2016 წლის არჩევნებისთვისაც უნდა ველოდოთ პოლიტიკური კალეიდოსკოპის არაერთ ახალ ბრუნს, ახალ შემთხვევით კავშირებსა და ალიანსებს. უცნაური ისაა, რომ თითქოს ყველამ წინასწარ ვიცით, თუ რამდენად განწირულია ეს კავშირები და რომ საკმარისია, მათი გამომწვევი კონკრეტული პირობები გაქრეს, სულ მალე აღარც გაგვახსენდება მათი არსებობა. 

 დროსა და სივრცეში „შემომქმედნიც“ იცვლიდნენ ზნეს, იერსა და სასურველ ფერს. „ხელოვანთან“ პალიტრაზე ძალიან ახლოს განფენილთაგან ყოველი ფერი ფიქრობდა და ახლაც ფიქრობს, რომ ხელმარჯვე „ოსტატმა“ მხოლოდ მისი გამოისობით და მისთვის შემართა ფუნჯი. „ფერმწერის“ ხედვა, ხშირად მისი უბრალოდ გართობის სურვილი კი დავიწყებას ეძლევა.

 ერთხელ ხელოვანს, ბალღობის მეგობარს ვესტუმრე. უყვარს ფერებით თამაში. იგავი მიამბო უცნობი. კურდღელმა ლომს გადახვიაო ხელი. ლომმა არ იუკადრისა, კურდღელი გახდა მამაცი. კურდღელს ხმამაღლა უკითხავს — მე და ლომს ვინ მოგვერევაო. მეგობარს აღარ ვაცალე. არც ვიცი, კურდღელს რა უპასუხეს. ჩემის მხრივ, უბრალოდ ვიკითხე — რამდენი ლომია ჩვენში. მხატვარმა ფუნჯი გადადო, სახეზე ჰქონდა ღიმილი. ძმობილმა ხისტად მომიგო — ჩვენში იმდენი ლომია, რამდენიც არის კურღელი. ერთხანს ნათქვამზე ვიფიქრე, დასტურად იყო დუმილი. ზურგს უკან მედგა მოლბერტი, თეთრი ტილო და ჩვენი დროების კოლექტიური პორტრეტი. ეს რა სურათია, ვკითხე მეგობარს — სურვილი გამიჩნდა გაფერადების. თუმცა, უკვე დიდი ხანია, „გაფერადებული შედევრის“ ადგილი პოლიტიკურ სასაფლაოზეა, სადაც უნდა იდგეს ერთი დიდი ობელისკი წარწერით — იყო და არა იყო რა! 


ყველა ახალი ამბავი
0