სოვლაბი - "კოალიცია ინფორმაციის სანდოობისათვის" წევრი გახდა
28 იანვარი, 2022


2022 წლის 27 იანვარს "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" - "კოალიცია ინფორმაციის სანდოობისათვის" წევრი გახდა.

2010 წლიდან, ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ფუნდამენტურ კვლევებზე, რითაც ქმნის ახალ და სანდო ცოდნას იმ სფეროში, რომელიც გაჯერებულია საბჭოური იდეოლოგიზირებული ისტორიისა და პოსტ-საბჭოთა და თანამედროვე რუსული საინფორმაციო ომის მანქანის მიერ შექმნილ ნარატივებსა და დეზინფორმაციის ნაკადით და საფუძველს აცლის მათ დომინაციას. ორგანიზაცია, თავისი კვლევითი და საგანმანათლებლო მუშაობით საქართველოს უახლოესი წარსულის შესახებ რეალისტურ, კრიტიკულ და დემოკრატიულ მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს ამკვიდრებს.

საბჭოთა ტოტალიტარული ისტორიით მანიპულირება, ისტორიის დამახინჯება და გეოპოლიტკური დღის წესრიგის სასარგებლოდ ინსტრუმენტალიზაცია რუსული პროპაგანდისა და დაზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი ქმედითი იარაღია, მათ შორის, საქართველოში. საბჭოთა წარსულისა და საქართველოს საბჭოთა კავშირში აღმოჩენის მოვლენებისა და კონტექსტის ხარისხიანი კვლევა დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაეწვის აუცილებელი წინაპირობაა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას საბჭოთა წარსულისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კვლევის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორედ სოვლაბი დაასახელა ისტორიის მთავარ „გამყალბებლად“ საქართველოში.

ინფორმაციის სანდოობისთვის კოალიციაში გაწევრიანებით სოვლაბი შეეცდება საკუთარი კვლევები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჩაბმული ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ითანამშრომლოს კოალიციის წევრებთან საბჭოთა წარსულის თემატიკის ირგვლივ დაზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში სხვადასხვა კამპანიებისა და პროექტების განსახორციელებლად.

კოალიციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და კვლევა.