გოგა ბარბაქაძე: ,,ჩემი ცოლი ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე 15 წლის წინ”

გოგა ბარბაქაძე: ,,ჩემი ცოლი ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე  15 წლის წინ"მსახიობი გოგა ბარბაქაძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “შუა ქალაქში” გაიცნო. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ პერსონაჟ დათოს პოპულარობა დღემდე მოჰყვება. სერიალის ეკრანზე უკვე რამდენჯერმე დაბრუნდა, მაგრამ როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ისევ რეიტინგულია და მისი გმირების ხალასი იუმორი მაყურებელს ისევ ძალიან ახალისებს.

გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრისა და “თავისუფალი თეატრის” მსახიობია. სპექტაკლების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ მისი ფინანსური მდგომარეობა მაშინ უფრო მაღალი იყო, როცა სერიალში თამაშობდა.

პროფესიის მიღმა გოგა იდეალური მეუღლე და მამაა. მსახიობ და ახლა უკვე რეჟისორ მაია დობორჯგინიძესთან ქორწინება მე-16 წელს ითვლის. მათ ორი შვილი ჰყავთ – გაბრიელი და ბარბარე.

– გოგა, 10 წლის წინანდელი “შუა ქალაქში” უკვე მერამდენედ დაუბრუნდა ეკრანს, როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როცა ამ ტელეპროექტში მონაწილეობდით?

– ძალიან კარგ დროს ვატარებდით. ბედნიერები ვიყავით იმით, რომ კარგი გუნდი შევიკრიბეთ და საყვარელ საქმეს ვაკეთებდით. ჩემი აზრით, ამ სერიალის წარმატება ბევრ სხვა რამესთან ერთად იმანაც განაპირობა, რომ მსახიობების ძირითადი ნაწილი ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, ვმეგობრობდით. მაგალითად, მე, თათული ედიშერაშვილი და ნიკა ქაცარიძე ჯგუფელები ვიყავით.

ჩემი მეუღლე, მაია დობორჯგინიძე, ერთი კურსით უკან სწავლობდა, მაგრამ ერთი პედაგოგი გვყავდა – შალვა გაწერილია. თამუნა ნიკოლაძეს თეატრიდან ვიცნობდი. მოკლედ, მსახიობებს ერთმანეთის ერთი შეხედვით გვესმოდა.

– სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ირაკლი ექიმის, როლის შემსრულებელი ოთარ ტატიშვილი გადასაღებ მოედანზე გაიცანით?

– ოთარი კომუნიკაბელური ადამიანია, ამიტომ ძალიან ადვილად შემოვიდა ურთიერთობაში. მისი სახით კარგი მეგობარი შევიძინე, რომელთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა. ამ სერიალმა მე და ბაჩო ქაჯაიაც დაგვაახლოვა. მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ამის შემდეგ უფრო დავუახლოვდით. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ სერიალის გუნდიდან ყველაზე იშვიათად ჩემს ცოლს, მაიკოს, ვხედავ.

– დღესაც გეცინებათ იმ ხუმრობებზე, რაც სერიალშია?

– მე საერთოდ არ მიყვარს იმის ყურება, რასაც ვაკეთებ, ამიტომ ვცდილობ, არც ეს სერიალი ვნახო. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ ეპიზოდში შეიძლებოდა უკეთესად მეთამაშა და ნერვები მეშლება.

– მსახიობებს ხშირად აღიზიანებთ კიდეც ის სერიალი თუ როლი, რომლითაც პოპულარულები გახდნენ. ალბათ დღემდე დათოს უფრო ხშირად გეძახიან, ვიდრე გოგას.

– დათოს დაძახება ნაკლებად მაღიზიანებს. ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მაყურებელი კომედიური ჟანრის მსახიობად არ მთვლიდეს, თუმცა ეს ალბათ ბოლომდეც მაინც არ არის გასული. როდესაც ვითამაშე სერიალებში “ტფილისში” და “ქერჩში”, მაშინ უფრო შევძელი დამტკიცება, რომ არამხოლოდ კომედიური ჟანრის მსახიობი ვარ. თეატრში ასეთი იმიჯი ისედაც არ მქონდა.

ბევრ რეჟისორს ალბათ ეშინია, თუ ფილმში დამამტკიცებენ, მაყურებელი ჩემს დანახვაზე გაიცინებს. რატომღაც მე ამას ვაბრალებ, რომ კინოსა და ტელესერიალებში აღარ ვჩანვარ. თუმცა შეიძლება, ეს სულაც არ იყოს ამის მიზეზი და უბრალოდ, ვიღაცებს როგორც მსახიობი, არ მოვწონვარ.

– როგორი იყო თქვენი ცხოვრება 10 წლის წინ და როგორია ის დღეს?

– 10 წლის წინ დიდი ხელფასი მქონდა, ახლა აღარ მაქვს. როცა ტელევიზიაში ხარ დასაქმებული, გაცილებით კარგი ანაზღაურება გაქვს, ვიდრე მხოლოდ თეატრში. ფინანსური კუთხით, თეატრში სახარბიელო არაფერი ხდება.

კულტურის სამინისტროს მსახიობები ალბათ ძალიან მდიდრები ვგონივართ. როგორც თოჯინების თეატრში ხდება, სპექტაკლის შემდეგ მსახიობებს, ანუ თოჯინებს, გარდერობში რომ შეაწყობენ და სპექტაკლის წინ გამოალაგებენ, ალბათ ასე თვლიან მსახიობებს ისინი, ვისაც ჩვენი ფინანსური საკითხი ეხება.

სხვის ჯიბეში არასოდეს ვიხედები, მაგრამ ამას წინათ ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე თვალი მოვკარი სათაურს – “ყველაზე ძვირადღირებული ქართველი სპორტსმენი”. კარგი იქნებოდა, იქვე დაეწერათ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მსახიობი თავისი შემოსავლით და ყველა მიხვდებოდა, რა ანაზღაურება გვაქვს.

ძალიან ცუდია, რომ დღეს, როცა ცხოვრება ხუთჯერ არის გაძვირებული, იმაზე ნაკლები შემოსავალი აქვს ჩემს ოჯახს, ვიდრე 10 წლის წინ ჰქონდა. პოლიტიკას არასოდეს შევხებივარ, ამიტომ არ იფიქროთ, რომ ეს პოლიტიკური შინაარსით არის ნათქვამი. უბრალოდ, როცა გყავს ოჯახი, ორი შვილი და მათ სჭირდებათ ელემენტარული რაღაცები და შენ, როცა ორი თეატრის მსახიობი ხარ, არ უნდა ფიქრობდე, რას როგორ გაწვდე. ორ თეატრში ვმუშაობ და ჩემი შემოსავალი რომ ვთქვა, ძალიან ბევრს გაეცინება.

– ცნობილია, რომ მსახიობებს ფონდი ,,ქართუ” ყოველთვიურად მაღალ სტიპენდიებს ურიცხავს. ამიტომ ბევრი თვლის, რომ მათ აღარ უნდა უჭირდეთ.

– ბევრ მსახიობს 100 დოლარი აქვს და ვინმე თუ ფიქრობს, რომ ამ თანხით შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება… ზოგი 50 ლარს იღებს. დიდი მსახიობები ჩვენზე მეტს იღებენ და ეს ასეც უნდა იყოს. ეს ფონდის კეთილი ნებაა და ვერავითარ პრეტენზიას ვერ გამოხატავ. მსახიობის ღირსეულ ანაზღაურებაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. იმ გამოქვეყნებულ სიაში, სადაც მსახიობებისთვის გამოყოფილი თანხაა გაწერილი, ბევრი არასწორი იყო. ყველაფერი იმ კაცის გადასაწყვეტია – რომელი მსახიობიც უფრო უყვარს, ბუნებრივია, მას უფრო მეტს ჩაურიცხავს.

– რამდენადაც ცნობილია, თქვენ მეუღლის სახლში ცხოვრობთ. ამ კუთხითაც არაფერი შეცვლილა?

– ჩემს სახლს 10 წელია ვარემონტებთ. სწორედ ასეთი შემოსავლის გამო ვერ დავასრულეთ. კრედიტსაც ვერ ავიღებ, რადგან ჩემი ხელფასის რაღაც ნაწილი კრედიტში რომ წავიდეს, ბავშვის სწავლის ფული აღარ მექნება. სახლის რემონტს კი ბავშვის მომავალს ვერ ვანაცვალებ.

– რა არის თქვენი დამატებითი შემოსავალი?

– 4-5 თვეა მე და მაიამ ბავშვებისთვის თეატრალური სტუდია გავაკეთეთ. იმედია, ეს ცოტა მაინც წაგვადგება.

– თქვენ და მაიას თხუთმეტწლიანი ოჯახი გაქვთ, რაც იშვიათია თეატრალურ წყვილებს შორის. რაზე დგას თქვენი ურთიერთობა, რა განაპირობებს მის სიმტკიცეს?

– მეთექვსმეტე წელი დაიწყო, რაც ოფიციალურად ვართ ცოლ-ქმარი. ჩვენი ამდენწლიანი ურთიერთობა, პირველ რიგში, სიყვარულის შედეგია. ერთმანეთს ვავსებთ, გვერდში ვუდგავართ. სიყვარულის გარდა, ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ, მან ჩემი პრობლემები იცის, მე – მისი, ამიტომ ყოველთვის ვგრძნობთ ერთმანეთის გვერდში დგომას. გვყავს ორი შვილი, რომლებიც ჩვენთვის ყველაფერია.

– ისევ ისე გიყვართ მაია, როგორც 15 წლის წინ?

– უფრო მეტად. წლები გადის, მაგრამ სიყვარული არ ნელდება, პირიქით, ძლიერდება. როცა ჩვენი პირველი შვილი, გაბრიელი გაჩნდა, უფრო მეტად შეგვიყვარდა ერთმანეთი. როცა ბარბარე დაიბადა, ეს სიყვარული გაძლიერდა. ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ერთმანეთს, ვიდრე ადრე. 1 თებერვალს 38 წლის გავხდი და, ბუნებრივია, უფრო მეტი ყურადღება მჭირდება.

– ასაკის მატებას მტკივნეულად ხომ არ აღიქვამთ, მოახლოებული 40 წელი ხომ არ გაშინებთ?

– ასაკი უნდა მოგემატოს, ამას ვერ გაექცევი და არც ღირს ამ თემაზე ბევრი ფიქრი. ისე უნდა იცხოვრო, რომ ყოველი წლით ბედნიერი იყო. კარგად ვგრძნობთ თავს და წინ ბევრი საინტერესო რამ მელოდება.

– შვილებისთვის როგორი მამა ხართ?

– როგორც ჩემი შვილები ამბობენ, კარგი მამა ვარ და ორივეს ვუყვარვარ. მეც და მაიკოც მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველაფერი ჰქონდეთ, რაც სჭირდებათ. ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ყურადღება ცოტა აკლიათ, მაგრამ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, მათთან ვატარებთ. თვითონაც კარგი ბავშვები არიან, რაც მთავარია, კეთილები, თანატოლებთან ადვილად შედიან კონტაქტში. შვილებს მუდამ ვეუბნები და ვუხსნი, რომ ცხოვრებაში მთავარი სიკეთეა.

– ოჯახში როგორ გაქვთ მოვალეობები გადანაწილებული – ბავშვების მოვლა, კერძების მომზადება, ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვა… ვინ აგვარებს ასეთ რაღაცებს?

– ნამდვილად არ ვიცი, შემოსავლებს როგორ ვანაწილებთ. გაკვეთილების მომზადება უფრო მაიას მოვალეობაა, მე შვილების გართობა-გასეირნება მევალება. საჭმელსაც ვაკეთებ. კარგად გამომდის და რატომ არ უნდა გავაკეთო? თუ ჩემი ცოლი დაღლილი მოვიდა სახლში, არ ვარ ისეთი, დაღლილს საჭმლის გაკეთება მოვთხოვო.

– რომელი კერძი გამოგდით კარგად, რომელი მოსწონთ ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს?

როგორც ამბობენ, ძალიან გემრიელ ლობიოს ვაკეთებ. ბებიაჩემი აკეთებდა უგემრიელეს ლობიოს და საიდუმლო მეც გამანდო. ყველანაირი კერძი შემიძლია გავაკეთო, მთავარია მონდომება.

– ხშირად ამბობენ, რომ ხელოვანები სამეურნეო საქმეებში ცუდად ერკვევიანო. მართალია?

– არა, ამ კატეგორიის ადამიანებს არ მივეკუთვნები, ყველაფერი გამომდის, მაგრამ სახლის სარემონტო საქმეებში დიდად ვერ ჩავერთე ისევ და ისევ თეატრის გამო. როცა დამჭირდა, სარეცხი მანქანაც შევარემონტე.

– აგარაკიც გაქვთ და ამბობდით, რომ ქალაქიდან მოშორებით ცხოვრება გინდოდათ.

– საგურამოს მახლობლად, კოტორაანთკარში გვაქვს პატარა აგარაკი. ისიც ბავშვებისთვის გავაკეთე, რომ მიწასთან ჰქონოდათ შეხება. დავრგეთ ბალი, ალუბალი, დავთესეთ პომიდორი და მთელ ამ პროცესში ჩართულები იყვნენ. კარგი შემოსავალი რომ მქონდეს, სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ, რადგან ამ ქალაქში ნორმალურად სუნთქვა შეუძლებელია. ქალაქგარეთ რომ ცხოვრობდე, ფინანსურად ძლიერი უნდა იყო.

– შემოქმედებითად კმაყოფილი ხართ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ისე ვერ იხარჯებით, როგორც საჭიროა.

– მეტი როლი მინდა, იმიტომ, რომ შემოქმედებითად ძალიან ბევრი ენერგია მაქვს. თუმცა ამ მხრივ არაფერი მაქვს საწუწუნო, პოპულარულიც ვარ და საინტერესო როლებიც მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც მომავალში რომეოს როლს ვეღარ ვითამაშებ. ისეთი ტენდეციაა, რომ რეჟისორები “ჰამლეტს” ხშირად ჰამლეტის გარეშე დგამენ, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომეოს როლი 38 წლის მერეც ვითამაშო. ვთვლი, რომ მაინც იღბლიანი ვარ. ჩემს თაობაში ბევრი მსახიობია, რომლებსაც სამუშაო უნდათ, მაგრამ არ აქვთ.

– საქმის მიღმაც იღლბიანი ხართ?

– ადამიანებთან ურთიერთობაში – კი. ბევრი კარგი მეგობარი მყავს. ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით იმ დროს, როცა ძალიან მიჭირდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა “შუა ქალაქში” გაჩერდა და ბევრი სამუშაო არც თეატრში იყო.

– დაგიკარგავთ მეგობარი, გქონიათ გულისტკენა?

– იყო შემთხვევა, როცა ადამიანისთვის მეგობარი უნდა დამეძახა და სწორედ მაშინ მივმხვდარვარ, რომ მასთან საერთო არ უნდა მქონოდა. რა თქმა უნდა, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით, სანადიროდაც კი დავდიოდით ერთად. ყველაზე მეტად ადამიანებისგან უმადურობას ვერ ვიტან.

– შემთხვევით, ის ადამიანი სერიალის გუნდის წევრი ხომ არ იყო?

– ,,შუა ქალაქშიც” იყო ერთი შემთხვევა, მაგრამ დაკონკრეტებისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ. იყო ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც გული ძალიან მატკინეს. პრინციპში, ჩემი გულისტკენა ძალიან ადვილია, რადგან ადამიანებს ძალიან ვენდობი.

– რა გეგმები გაქვთ?

– მოლოდინის რეჟიმში ვარ. მინდა, რომ, თეატრის გარდა, კიდევ მქონდეს სამუშაო.

ავთო ჩიტიძე, სარკე