Accuracy International AS50 - მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა(დიდი ბრიტანეთი) Accuracy International AS50 - მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა(დიდი ბრიტანეთი) />


  05:52:11     20-02-2012

Accuracy International AS50 - მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა(დიდი ბრიტანეთი)

a15270.jpg

მსოფლიოში მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანების ბუმია. ყოველწლიურად იარაღის მსოფლიო ბაზარზე ამ კლასის ახალი იარაღი ჩნდება, თანაც იმ ქვეყნებში, შექმნილი, სადაც იარაღის წარმოების დიდი ტრადიცია არ აქვთ. მაგალითად, ხორვატიული RT-20 20 მმ კალიბრის ვაზნაზეა გათვლილი (რაც დიდი იშვიათობაა, რადგან 20 მმ-დან, როგორც წესი, უკვე მცირეკალიბრიანი ჭურვების კალიბრი იწყება), იუგოსლავიური 12,7 მმ-იანი Crna Strela M93 თუ ჩინური M99.

AS50-ზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ის გამოუცდელმა ფირმამ შექმნა, რადგან ეს უახლესი მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა კონსტრუირებულია ლეგენდარული ბრიტანული კომპანია Accuracy International Ltd-ს სპეციალისტების მიერ. სწორედ ბრიტანული კომპანია აწარმოებს AWP ტიპის ცნობილ საპოლიციო სნაიპერულ შაშხანებს, რომლებიც ძალიან მოსწონთ კომპიუტერული თამაშების მოყვარულ ჩვენს თინეიჯერებს.

AS50-ი, ისევე როგორც სხვა მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანები, ძირითადად, დიდ მანძილზე შეუჯავშნავი საავტომობილო ტექნიკის, რადიოლოკატორებისა და აეროდრომზე მდგარი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების დასაზიანებლად გამოიყენება, ვიდრე ადამიანების გასანადგურებლად.

სპეციალური ოპერაციების ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აღწევენ მტრის ზურგში (მათ შორის საჰაერო დესანტირებითაც) და 1,5-2 კმ-ს სიშორიდან მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანებით იწყებენ ნადირობას მოწინააღმდეგის საშტაბო მანქანებზე, მართვის პუნქტებზე, მობილურ რადიოსადგურებზე, რადიოლოკატორებზე და ა.შ. AS50-ით 1,5 კმ-ზე ნასროლი 12,7 მმ კალიბრის ტყვიის კაბინის ფანარში მოხვედრის შემდეგ, აეროდრომზე მდგარი მტრის თვითმფრინავი ასაფრენად აღარ გამოდგება და დროებით მწყობრიდან გამოსულად ითვლება.

სწორედ ეს უპირატესობა აქვს მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანებს და არა ის, რომ მაინცდამაინც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა გაანადგუროს.

პირველად AS50 ფართო საზოგადოებრიობას 2005 წელს აშშ-ში, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარუდგინეს. მისით მალევე დაინტერესდა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურობა და AS50-ის გამოცდა უშუალოდ საბრძოლო პირობებში, ერაყსა და ავღანეთში დაიწყო.

დოსიე: AS50 ვაზნებისა და სამიზნის გარეშე 14,1 კგ-ს იწონის. მისი სიგრძე 1369 მმ-ია, ლულის სიგრძე კი 692 მმ. მჭიდში 12,7X99 მმ (50BMG) ტიპის 5 ვაზნა ჩადის.

დოსიე: მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა AS50 თვითდამტენია. მისი ავტომატიკა მუშაობს აირდგუშის (რომელიც ლულის ზემოთაა განთავსებული) გადაადგილების ხარჯზე. საკეტის ჩაკეტვა ქვემოთ, ცერად ხდება. ლულის კოლოფი ფოლადისგანაა დამზადებული. მასიური ლულის ბოლოში ლულის მუხრუჭი აქვს დაყენებული. ლულის კოლოფის მაღლა, მთელ გაყოლებაზე, დამონტაჟებულია picatinny ტიპის მიმმართველი, რომელზეც ნებისმიერი უნივერსალური ოპტიკური სამიზნისა და ღამის ხედვის მოწყობილობის დამაგრება შეიძლება. ორი მოკლე მიმმართველი ლულის კოლოფის გვერდებზეცაა განთავსებული, რომლებზეც ლაზერული მიზანმაჩვენებლის, ტაქტიკური ფარანის ან სხვა აქსესუარის განთავსებაა შესაძლებელი. შაშხანას აქვს დასაკეცი ფეხები, რომლებიც სიგრძეში რეგულირდება. კონდახის ბოლოში მოთავსებულია დასაკეცი სადგამი, რომელიც ასევე აუმჯობესებს მძიმე მსხვილკალიბრიანი შაშხანის სტაბილურ დგომას გასროლის დროს. ტრანსპორტირების დროს შაშხანა რამდენიმე ძირითად კომპონენტად იშლება, რაც აადვილებს მის გადატანას.

კალიბრი:        12.7x99mm / .50BMG

მექანიზმი:      აირდგუშის გადაადგილება, ნახევრად ავტომატური

ლულა:            692 მმ

წონა:   14,1 ვაზნებისა და სამიზნის გარეშე

სიგრძე:           1369 მმ

მჭიდი:            12,7X99 მმ (50BMG) ტიპის 5 ვაზნა.

Armda.ge

0

ავტორი: