მთავარი » საბჭოთა ისტორია » საბჭოთა კავშირის მოკლე ისტორია: ძირითადი თარიღები და მოვლენები

საბჭოთა კავშირის მოკლე ისტორია: ძირითადი თარიღები და მოვლენები

1922 წლის 30 დეკემბერს რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე დაარსდა სოციალისტური სახელმწიფო – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი), რომელიც 15 საბჭოთა რესპუბლიკას (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი) აერთიანებდა. საბჭოთა კავშირი 1991 წლის 26 დეკემბერს დაიშალა. სტატიაში მოყვანილია საბჭოთა კავშირის ისტორიის ძირითადი თარიღები და მოვლენები.

ლენინის დაბრუნება და რევოლუცია

1917. 4 აპრილს ბოლშევიკური პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა „აპრილის თეზისებში“ ბოლშევიკების სამოქმედო დირექტივები გამოაქვეყნა.

1917. 16 აპრილს ლენინი, მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, სხვა რევოლუციონერებთან ერთად გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. ბერლინი იმედოვნებდა, რომ ლენინის ანტისაომარი განწყობები I მსოფლიო ომში რუსეთის დროებითი მთავრობის მონაწილეობას დაასუსტებდა.

121178-004-945062DD

ვლადიმერ ლენინი რევოლუციის დროს

1917. 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა ალექსანდრე კერენსკის დროებითი მთავრობა დაამხეს. მუშებმა და მეზღვაურებმა სანქტ–პეტერბურგში სამთავრობო შენობები და ზამთრის სასახლე დაიკავეს.

სამოქალაქო ომი

1918. 3 მარტის ბრესტ–ლიტოვსკის შეთანხმებით რუსეთმა გერმანიასა და თურქეთთან საომარი მოქმედებები შეწყვიტა და ტერიტორიის ნაწილი გერმანიას დაუთმო. რუსეთის იმპერიას გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს დაპყრობილმა ერებმა, მათ შორის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა საქართველომ.

1918. 17 ივლისს ბოლშევიკებმა რუსეთის მეფე ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს.

1918–1920. ბოლშევიკებსა („წითლები“) და ანტიბოლშევიკებს („თეთრები“) შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.

1918–1921. ბოლშევიკების „სამხედრო კომუნიზმის“ შედეგად სახელმწიფომ სრული კონტროლი დაამყარა ეკონომიკაზე. სამხედროებმა გლეხებისგან ხორბლის სრული კონფისკაცია მოახდინეს წითელი არმიისა და ქალაქის მაცხოვრებელთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

1920. პოლონეთთან ომი 1921 წლის 21 მარტს რიგის შეთანხმებით დასრულდა. პოლონეთმა და საბჭოთა ჯარებმა უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორია გაიყვეს.

1921. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ბოლშევიკები ნაწილობრივ საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდნენ.

საბჭოთა კავშირის დაფუძნება

300px-Flag_of_the_Soviet_Union.svg

საბჭოთა კავშირის დროშა

1922. 30 დეკემბერს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და ამიერკავკასიის ფედერაციის (რომლის საფუძველზეც 1936 წელს სამი საბჭოთა რესპუბლიკა შეიქმნა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) მონაწილეობით საბჭოთა კავშირი დაფუძნდა. შემდგომ წლებში დამატებით რამდენიმე მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკა დაფუძნდა: 1924 წელს თურქმენეთის სსრ და უზბეკეთის სსრ, 1929 წელს ტაჯიკეთის სსრ, 1936 წელს ყაზახეთის სსრ და ყირგიზეთის სსრ. 1940 წელს შეიქმნა მოლდავეთის სსრ, ესტონეთის სსრ, ლატვიის სსრ და ლიტვის სსრ. ამავე წელს შეიქმნა კარელია–ფინეთის სსრ, რომელიც 1956 წელს ავტონომიური რესპუბლიკა გახდა. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდისთვის სულ 15 მოკავშირე რესპუბლიკა იყო.

800px-Soviet_Union_Administrative_Divisions_1989

საბჭოთა კავშირი

1922. გერმანიამ აღიარა საბჭოთა კავშირი.

კოლექტივიზაცია და რეპრესიები

1924. საბჭოთა კავშირმა მიიღო პირველი კონსტიტუცია, რომელიც აღიარებდა პროლეტარიატის დიქტატურას და მიწასა და წარმოების საშუალებებზე კოლექტიურ საკუთრებას. 21 იანვარს ლენინის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ლიდერი იოსებ სტალინი გახდა.

1928. 1 ოქტომბერს დაიწყო პირველი ხუთწლიანი გეგმა, რაც ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დასასრულს ნიშნავდა. დაიწყო სოფლის მეურნეობაში კოლექტივიზაცია, შედარებით წარმატებული გლეხები („კულაკები“) დახვრიტეს, ბევრ გლეხს კერძო საკუთრება ჩამოართვეს.

Вышибем_кулаков_из_колхозов_1930

პროპაგანდისტური პლაკატი

1931–1933. საბჭოთა კავშირში მასობრივი შიმშილის შედეგად 6 მლნ ადამიანი დაიღუპა.

1933. აშშ–მა აღიარა საბჭოთა კავშირი.

1934. საბჭოთა კავშირი ერთა ლიგაში მიიღეს.

1936–1938. რეპრესიები საბჭოთა კავშირის დაფუძნების დღიდანვე მიმდინარეობდა, თუმცა 1936–1938 წლებში ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებებით, ათასობით ადამიანს სასამართლოს გარეშე სიკვდილი მიუსაჯეს ან დააპატიმრეს.

II მსოფლიო ომი და პოსტსაომარი პერიოდი

1939. 23 აგვისტოს, მოსკოვში, საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი და ტერიტორიები გაიყვეს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ, იოახიმ ფონ რიბენტროპმა.

1111111111

მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის ხელმოწერა

1939–1940. რუსეთმა ფინეთის წინააღმდეგ ომი წამოიწყო და მისი ტერიტორიების ნაწილი შეიერთა.

1940. რუსეთმა სხვა ტერიტორიებთან ერთად ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ოკუპაციაც მოახდინა.

1941. 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.

1943. სტალინგრადთან გერმანელების მარცხის შემდეგ საბჭოთა ჯარებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, რაც 1945 წლის მაისში ბერლინის დაკავებით დასრულდა.

1945. იალტისა (4–11 თებერვალი) და პოტსდამის (28 ივლისი–1 აგვისტო) კონფერენციების შედეგად საბჭოთა კავშირი და მოკავშირეები ევროპაში გავლენის სფეროების გაყოფაზე შეთანხმდნენ.

Potsdamer Konferenz, Konferenztisch

პოტსდამის კონფერენცია

1945. 8 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა იაპონიას ომი გამოუცხადა. ომის შედეგად საბჭოთა არმიამ სახალინის სამხრეთი ნაწილი და კურილის კუნძულები დაიკავა.

1948–1949. საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის ბლოკადის მიუხედავად, დასავლეთის საჰაერო ძალებმა ოკუპირებული ბერლინის მომარაგება მაინც უზრუნველყვეს.

1949. 29 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა პირველი ატომური ბომბი გამოცადა.

1950–1953. კორეის ომის გამო საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

1953. 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სტალინი გეორგი მალენკოვმა შეცვალა პრემიერ–მინისტრის რანგში, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კი, ნიკიტა ხრუშოვი გახდა.

პოსტ–სტალინური პერიოდი

1953. 12 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა წყალბადის პირველი ბომბი გამოცადა.

1955. 14 მაისს, ვარშავაში, საბჭოთა კავშირმა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მისმა შვიდმა სატელიტმა სახელმწიფომ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებას (ვარშავის პაქტი) მოაწერეს ხელი. ორგანიზაცია 1991 წლის 1 ივლისს დაიშალა.

1956. შემოდგომაზე საბჭოთა არმიამ უნგრეთში ანტისაბჭოთა გამოსვლები ჩაახშო.

1956. 14–25 თებერვალს კომუნისტური პარტიის მე–20 ყრილობაზე ხრუშოვი „საიდუმლო მოხსენებით“ გამოვიდა, სადაც დაგმო სტალინის დიქტატორული მმართველობა და პიროვნების კულტი.

photo2_565

ნიკიტა ხრუშოვის “საიდუმლო მოხსენება”

1957. 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე პირველი თანამგზავრი „სპუტნიკი“ გაუშვა.

1960. 1 მაისს საბჭოთა კავშირმა მის ტერიტორიაზე ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

1961. პირველი ადამიანი, იური გაგარინი გაფრინდა კოსმოსში.

1963. კუბაზე საბჭოთა რაკეტების განთავსების გამო კუბის კრიზისი წარმოიშვა.

ბრეჟნევის ეპოქა

1964. 14 ოქტომბერს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშოვი ლეონიდ ბრეჟნევმა შეცვალა.

1968. „ბრეჟნევის დოქტრინის“ შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების ლიბერალიზაციის პოლიტიკის საპასუხოდ, საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის წევრმა ქვეყნებმა ჩეხოსლოვაკიაში ჯარები შეიყვანეს. დოქტრინა კომუნისტურ ქვეყნებს სხვა კომუნისტურ ქვეყნებში შეჭრის უფლებას აძლევდა, თუ მათი პოლიტიკა საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობას ემუქრებოდა.

1969. საბჭოთა და ჩინეთის ჯარებს შორის სასაზღვრო კონფლიქტი მოხდა.

1972. საბჭოთა კავშირმა და აშშ–მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებას (SALT-1).

1979. საბჭოთა კავშირმა და აშშ–მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალ შეთანხმებას (SALT-2). 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა, რითაც ფორმალურად დასრულდა დასავლეთთან „დეტანტი“.

War_0b7375_5702192

საბჭოთა ჯარების შესვლა ავღანეთში

1982. 12 ნოემბერს, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მეთაური სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უფროსი იური ანდროპოვი გახდა.

1984. 13 თებერვალს, ანდროპოვის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მეთაური კონსტანტინ ჩერნენკო გახდა.

გორბაჩოვის რეფორმები

1985. 11 მარტს, ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი გახდა. გორბაჩოვმა დაიწყო ანტიალკოჰოლური კამპანია და მიზნად დაისახა საბჭოთა კავშირის რეფორმირება. ქვეყნის შიგნით გორბაჩოვის პოლიტიკას მოიხსენიებდნენ, როგორც „გლასნოსტი“ (საჯაროობა) და „პერესტროიკა“ (გარდაქმნა).

1986. 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ქალაქ პრიპიატში, უკრაინის სსრ–ში, აფეთქება მოხდა. ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გავრცელებული რადიოაქტიური იზოტოპების ინტენსივობა ატმოსფეროში 400-ჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე, 1945 წელს ჩამოგდებული ატომური ბომბების რადიოაქტიურ კონცენტრაციას.

1987. საბჭოთა კავშირი და აშშ საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

1988. საბჭოთა რესპუბლიკებში ნაციონალისტური და ანტისაბჭოთა გამოსვლები დაიწყო.

1989. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმები დაემხო. 9 ნოემბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობას ბერლინის კედლის გავლით დასავლეთ ბერლინში გადასვლის უფლება მისცეს. საბჭოთა ჯარებმა ავღანეთიდან გამოსვლა დაიწყეს. 9 აპრილს საქართველოში ანტისაბჭოთა გამოსვლა დაარბიეს. ლიტვის კომუნისტურმა პარტიამ საბჭოთა კომუნისტური პარტიიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 26 მარტს პირველად მრავალაპარტიული არჩევნების შედეგად აირჩიეს სახალხო დეპუტატთა ყრილობა. ახლად არჩეული ყრილობის პირველი სესია 25 მაისი–9 ივნისის პერიოდში გაიმართა, სადაც პირველად შედგა საჯაროდ თავისუფალი დებატები.

საბჭოთა კავშირის დაშლა

1990. საბჭოთა ჯარები ბაქოში შევიდნენ. კომუნისტურმა პარტიამ ერთპარტიული მმართველობის დასასრულს დაუჭირა მხარი.

1991. 19 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით, მიხეილ გორბაჩოვის მოწინააღმდეგეებმა  მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმეს. 21 აგვისტოს პუტჩისტები დამარცხდნენ.

the-plotters_1991

პუტჩის ორგანიზატორები

1991. 24 აგვისტოს გორბაჩოვი კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან გადადგა და ყველა პარტიული ორგანიზაცია დაშლილად გამოაცხადა. ხუთი დღის შემდეგ უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საქმიანობა საბჭოთა ტერიტორიაზე შეაჩერა, რაც საბჭოთა კავშირში კომუნისტური პარტიის მმართველობის დასასრულს ნიშნავდა.

1991. 8 დეკემბერს, ბელორუსიაში, ბელოვეჟის ტყეში მდებარე სამონადირეო ქოხში, სამი საბჭოთა რესპუბლიკის (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ლიდერმა (ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი, სტანისლავ შუშკევიჩი) ხელი მოაწერა სამი სახელმწიფო მეთაურის დეკლარაციას და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დაფუძნების შეთანხმებას.

rian_archive_848095_signing_the_agreement_to_eliminate_the_ussr_and_establish_the_commonwealth_of_independent_states

ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერა

1991. 21 დეკემბერს ქ. ალმა–ატაში სსრკ–ის 11 წევრმა, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ხელი მოაწერა დსთ–ს დამფუძნებელი შეთანხმების პროტოკოლს. სამიტის მთავარი დოკუმენტი ალმა–ატის დეკლარაცია იყო, რომელიც აცხადებდა, რომ დსთ–ს დაფუძნებით სსრკ წყვეტდა არსებობას.

1991. 25 დეკემბერს გორბაჩოვი გადადგა და ძალაუფლების ატრიბუტები, საბჭოთა ბირთვული რაკეტების გამშვები კოდების ჩათვლით, რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს გადასცა. იმავე საღამოს, 7:32 კრემლზე საბჭოთა დროშის ადგილი რუსეთის დროშამ დაიკავა.

hqdefault

მიხეილ გორბაჩოვის სატელევიზიო მიმართვა

1991. 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომელიც აღიარებდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობას და დსთ–ს შექმნას. 27 დეკემბერს ბორის ელცინმა კრემლში მიხეილ გორბაჩოვის კაბინეტი დაიკავა.

სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:

  • BBC, Soviet Union timeline, 2013.
  • XX საუკუნის ისტორია, TIME, რუსეთის რევოლუცია და სსრკ, 2014.
  • ინტერნეტ წყაროები.

დატოვე კომენტარი