საქართველოსა და საბჭოთა კავშირის შედარებითი დახასიათება

ჩვენ, ვისაც, ასე თუ ისე, ისტორია გვისწავლია (სკოლაში იქნებოდა ეს, უნივერსიტეტში, საჯარო ბიბილიოთეკაში, სახლში თუ კიდევ სადმე სხვაგან), ვიცით, რომ საქართველო, როგორც მინიმუმ, საბჭოთა კავშირის წევრი აგერ უკვე ოცი წელია, აღარაა. თუმცა, სიტყვა “ვიცით” აქ მგონი, ცოტა გადაჭარბებულადაა ნათქვამი, რადგან როგორც ჩანს, ცოდნა იმაზე უფრო პირობითი რამ ყოფილა, ვიდრე აქამდე მეგონა.

რისი თქმა მინდა?

დიახ, სწორად გაიგეთ, ლენინის მადლით, ჩვენი ისევ საბჭოთა კავშირში ვართ.

ახლა, სავარაუდოდ, მკითხველების აზრი, მინიმუმ, ორად გაიყოფა: ერთი იტყვის, რამე ახალი გვითხარიო, მეორე იფიქრებს, გაუფრენია ამ საწყალსო, მაგრამ, მოდი, ჯერ ბოლომდე ჩაჰყევით ტექსტს და დასკვნების გამოტანა მერე იყოს 🙂

ლენინი ვახსენე წეღან, ჰოდა ბარემ ერთ ფრაზასაც გავიხსენებ: თქვენც გეხსომებათ, ალბათ, “ლენინს უყვარდა ბავშვები (ბავშვებს უყვარდათ მურაბა)”. დღევანდელ ბავშვებს, ზუსტად ვერ გეტყვით, რა უყვართ, მაგრამ, ფაქტია, ძველი საბჭოთა გამონათქვამი დღესაც მშვენივრად შეიძლება გამოვიყენოთ ვთქვათ: “მიშას უყვარდა ბავშვები (ჯანდაბას, აქაც იყოს “ბავშვებს უყვარდათ მურაბა”, ეგ მაინც ყველა ბავშვს უყვარს)”.
მაგრამ ბავშვების გარდა კიდევ ბევრი რამ უყვარს ჩვენს პრეზიდენტს (კარგით ახლა, მაინდამაინც ქალებისკენ ნუ გაგირბით გონება!): მაგალითად, უყვარს, როცა ხალხს ეუბნება, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი საუკეთესოდ არის, ეკონომიკურად ვიზრდებით, დანაშაული აღარ არსებობს, კორუფცია აღმოფხვრილია, სიღარიბე მოისპო, მართლმსაჯულება ყველაზე სამართლიანია მსოფლიოში, ჩვენი კურორტები ყველაზე მიმზიდველია, დავეწიოთ და გავუსწროთ კაპიტ… ოოპს, მაპატიეთ, ძალიან შევიჭერი, მაგრამ, ჩემიც გაიგეთ: იმდენად გავს ეს ყველაფერი რომელიმე მაღალჩინოსანი დეპუტატის გამოსვლას სსრკ კომპარტიის ყრილობაზე, რომ მეგონა სააკაშვილის, კი არა, სტალინის, ხრუშჩოვის ან სხვა რომელიმე მსგავსის საუბარს აღვწერდი.

საუბარი კარგია, მაგრამ, საქმე, საქმეა! გასაკეთებელი კიდევ ბევრია! სწორედაც რომ! დიახ, მეგობრებო, ეს არის ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის დევიზი! ერთად, საერთო მიზნისაკენ! გაუმარჯოს საქართველოს საბჭოთ… კიდევ შევიჭერი. ნუ, რა ვქნა, არ შეიჭრა, თუ კარგია. აბა შეხედეთ გაზეთ კომუნისტის 1982 წლის ერთერთი ნომრის პირველ გვერდს. მარჯვენა მაღალ კუთხეში თუ ამჩნევთ მოკრძალებულ წარწერას? არა, არა, როგორ გეკადრებათ, მე რამეს კი არ ვწამებ ჩვენს დიად საპარლამენტო უმრავლესობას: მაგათი დევიზია, “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, აქ კი წერია, “გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”. არა, განსხვავება აშკარაა, რას ვერჩი.

პრინციპში, ზუსტად ასეთივე სიტუაციაა ჩვენი პატრულისა ახალ “ჰიმნსა” და საბჭოთა პიონერულ ჰიმნს შორის. აქ ბევრ საუბარსა და აღწერას არ დავიწყებ, უბრალოდ, თვალსაჩინოებისთვის, ორივეს აქვე გაჩვენებთ და მერე თქვენ იცით. უბრალოდ და მარტივად, როგორც ბავშვობაში გვასწავლიდნენ:

იპოვეთ ათი განსხვავება:

საქართველო, ვუმღერით პოლიციას – 2010

რუსეთი – შევტირით საბჭოთა კავშირს – 2008

იმედია, განსხვავებების პოვნა დიდად არ გაგჭირვებიათ (მე უფრო მგონია, რომ პირიქით მოხდა, მაგრამ მაინც) და ისიამოვნეთ კიდეც შესანიშნავი მუსიკით. ჰოდა ამ მხიარულ ნოტაზე ერთსაც დავძენ და ბევრს აღარ გავაგრძელებ (ან აღარ გამაგრძელებინებენ). არ შემიძლია ამ პოსტში არ ვახსენო ჩვენი საამაყო, მთელს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პროფესიონალური, თავისუფალი მედია, რომელიც აბსოლუტურად აკმაყოფილებს სტანდარტებს, იმდენად აკმაყოფილებს, რომ თვითონაც კი აყალიბებს მათ. დიახ, იგი მყარად დგას სამშობლოს სადარაჯოზე, იცავს ხალხს იმ მცდარი აზრების გავრცელებისგან, ზოგიერთი მოღალატე (და მაგათ მალე აუცილებლად დავიჭერთ, გპირდებით!!!) ასე აქტიურად რომ ცდილობს, გაავრცელოს. აი, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ვინმე თავზეხელაღებულმა მამაძაღლმა თავის უმსგავს ბლოგზე დაწერა, თითქოს, საქართველოში სულაც არაა მშვიდი სიტუაცია; თითქოს, ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ ტრაკშია (ო ღმერთო, ეს რა სიტყვა იხმარა (მაპატიეთ ბოლო სიტყვისთვის)); თითქოს, ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახია; თითქოს პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს საქართველოში (ეს მაინც როგორ მოუვიდა თავში, აბა ეს ჩვენი მარჩენალი მთავრობა თვით პოლიტიკა არაა?!);

არა, მეგობრებო, ჩვენი თავისუფალი საზოგადოება ასეთი სარეველების არსებობას ნამდვილად არ დაუშვებს! ჩვენ პროფესიონალი ჟურნალისტები გვჭირდება და არა ვიღაც თავზეხელაღებული მამაძაღლები! Shift+Delete, Portxlebi.wordpress.com!

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to საქართველოსა და საბჭოთა კავშირის შედარებითი დახასიათება

  1. ann ამბობს:

    “დავეწიოთ და გავუსწროთ კაპიტ… ოოპს, მაპატიეთ, ძალიან შევიჭერი, ”

    ar shechrilxar.. im dges tqva.. ogond evropis qveynebso.. 🙂

  2. Nino Tabaghua ამბობს:

    აი, ამ პოსტს ველოდი კარგა ხანია 🙂
    მშვენიალურია!
    საბედნიეროდ თუ საუბედუროდ დიდიხანია ვიპოვე min10 განსხვავება ( და უფრო მეტი თანხვედრა)..
    გაზეთი ”კომუნისტი” – მეთქი ვის ბაძავენ 😀
    და ბოლოს, გაუმარჯოს პარტიას! დიდება ლენინს!
    მიშა მაგარიაა!

  3. siyvarulovna ამბობს:

    ჰეჰ, ერთ–ერთი ყვეაზე საინტერესო პოსტი სსრკ–სა და დღევანდელ საქართველოს მსგავსებაზე ^^ თუმცა ახალი არაფერი გითქვამს :პ

  4. Mariam Kavtaradze ამბობს:

    და მე კიდევ რა მომეწონა, იცით? ბავშვებს ალისფერი ზედები რომ აცვიათ… ოქროსფერი ვარსკვლავებიც და… “პარტიის” პლაკატი მზადაა 🙂

  5. ლიშთოთა ამბობს:

    ჰო აი ასე ‘ვდევნით ცნობიერებიდან’ საბჭოეთს 🙂

  6. Protopresviteri ამბობს:

    ჰო ამას ერთ კათხა ლუდზეც მოყვებოდი, ახალი რა იყო?

  7. xatia ამბობს:

    ძნელია იპოვო განსხვავება….მაგრამ ჩუუუუუ…:D (“ჩუ” სწორედ ამ მსგავსებისთვის)

  8. Jessie ამბობს:

    ყველაფერი ახალი – კარგადდავიწყებული ძველია ^^

  9. ketusi ამბობს:

    კარგი პოსტია.
    ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ დაივიწყებ კომუნისტურ რეჟიმს,მართლაც,ყველაფერში და ყვლგან სოციაციები გვხვდება.

    ეს პოლიციის რეკლამა ხო საერთოდ….პირიქით არ გამოუვიდეთ ამათ.
    კარგ რამეს რეკლამა არ სჭირდებაო–ხო იცით.

დატოვე კომენტარი