გარიელი – თვალხატულა იხვი
რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველისთვის სამცხე-ჯავახეთში მობუდარი და გადამფრენი ფრინველების შესახებ მოგვეთხრო, რადგან საქართველოს ეს მხარე ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დერეფანს წარმოადგენს. სწორედ მაშინ გავიცანი ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი, რომელიც ჩვენს გუნდს ფრინველთა მიგრაციის პირველი ქართული რუკის შექმნაში ეხმარებოდა.
საკმაოდ ბევრი ვიმსჯელეთ მაშინ იმაზე, თუ რომელი ფრინველის ილუსტრაცია დაგვეტანა რუკაზე და საბოლოოდ გარიელზე, ქოჩორა ვარხვსა და დიდ ჩიბუხაზე შევჯერდით. დიდი ჩიბუხა დავიტანეთ, რადგან მისი რიცხვი უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, ქოჩორა ვარხვი საქართველოში მხოლოდ ჯავახეთში ბუდობს, გარიელი კი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.
ადრე ის, გარდა ჩვენი ქვეყნისა, გავრცელებული იყო სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. საქართველოში ჯავახეთის რამდენიმე ტბაზე ბუდობდა, დღეს კი მხოლოდ ტაბაწყურის ტბაზე შემორჩა, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით: „თუ გარიელის მობუდარ პოპულაციას საქართველოშიც დავკარგავთ, მას დავკარგავთ მთელ რეგიონში, მისი აღდგენა კი მომავალში, სავარაუდოდ, ვეღარ მოხერხდება ან ძალიან დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, – მითხრა ნიკა პაპოშვილმა ერთ-ერთი შეხვედრისას, – შესაბამისად, ჩემი, როგორც ადგილობრივი მეცნიერის და კონსერვაციონისტის, პასუხისმგებლობა ძალზე დიდია როგორც ამ სახეობის, ისე მთელი რეგიონის წინაშე“.
მოგვიანებით ტაბაწყურის ტბაზე მოცურავე გარიელების ფოტოებს ვათვალიერებდი: ჩალისფერი მთები, ჩამავალ მზეზე მოელვარე ტბა და მასზე მიმოფანტული იხვების გუნდი შავი მოელვარე ბუმბულითა და სტაფილოსფერი ნისკარტებით, მართლაც რომ ჯავახეთისთვის დამახასიათებელი ჯადოსნური სანახაობა იყო. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩვენც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვქონდა, მოგვეთხრო თქვენთვის გარიელის შესახებ და ხმა მიგვეწვდინა ყველასთვის, ვისაც თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია გარიელის კონსერვაციის პროექტში.
ეს საქმე ჩვენს გამოცდილ ჟურნალისტს, სოფო აფციაურს მივანდეთ, რომელმაც მისთვის ჩვეული გულმოდგინებით შეისწავლა საკითხი და ამჯერად სწორედ გარიელის შესახებ მოგითხრობთ ჩვენი ჟურნალის მორიგ, საიუბილეო ნომერში.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine – საქართველოს.