ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას  ორმოცი წელი საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ - კვირის პალიტრა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას  ორმოცი წელი საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ

გაეროს გარდა საბჭოთა სპეცსამსახურების მიზანი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც იყო. ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია “მშვიდობის მსოფლიო საბჭოს” დაფინანსების 90%-ს საბჭოთა კავშირზე მოდიოდა, ამიტომაც ცნობილი ჭეშმარიტება - “ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს”, ამ შემთხვევაშიც წარმატებით მოქმედებდა. დაფინანსების სანაცვლოდ საბჭოთა სპეცსამსახურები ამომწურავად იყენებდნენ ამ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციის, ოპერატიულ რესურსებს და წლების მანძილზე ეს ორგანიზაცია საბჭოთა დაზვერვის ნამდვილი “ფილიალი” იყო, რომლის საშუალებითაც საბჭოთა კავშირი „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებდა დასავლეთის წინააღმდეგ. ქვემოთ მკითხველი გაეცნობა ამონარიდებს ერთ-ერთი საბჭოთა საიდუმლო დოკუმენტიდან.

1978 წლის 20 სექტემბერს სკკპ ცკ საერთაშორისო განყოფილების გამგის მოადგილე ვ. შაპოშნიკოვი “საიდუმლო” წერილით მიმართავს სკკპ ცენტრალურ კომიტეტს: “მშვიდობის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტმა ამხანაგმა (უკვე მიმართვის ფორმა მეტყველებს ყველაფერზე – ბ.ა.) რომეშ ჩანდრამ 1978 წელს დამატებითი მატერიალური დახმარების თხოვნით მოგვმართა. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს (შემდეგში “მმს” – ბ.ა.) მოქმედებების განსაკუთრებულმა გააქტიურებამ გამალებული შეიარაღების და ნეიტრონული იარაღის წინააღმდეგ, საშუალება მოგვცა . . . გაგვეზარდა მასების მობილიზაცია და გაგვეფართოებინა სოციალურ-პოლიტიკური ბაზა კაპიტალისტურ ქვეყნებში, უპირველესად აშშ-სა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში . . . . ამ აქციების ჩასატარებლად საჭირო გახდა ფინანსური დანახარჯები, რომლებმაც წინასწარ დაგეგმილს გადააჭარბა. მმს-მ მოსკოვში გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე შეიმუშავა მოქმედების გეგმა, რომელიც მიმართულია კაპიტალისტურ ქვეყნებში საზოგადოების მასობრივი გამოსვლების გააქტიურებისკენ . . .მიმდინარე წლის ბოლომდე გფრ, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში იგეგმება დიდი ღონისძიებები გამალებული შეიარაღების წინააღმდეგ და ნეიტრონული იარაღის აკრძალვის მოთხოვნით. მმს ამზადებს ანტიმილიტარისტულ გამოსვლებს (ანუ ანტიამერიკულ – ბ.ა.) უშუალოდ აშშ-იც. . . .ეს ყველაფერი მოითხოვს დამატებით ხარჯებს”.

ამ საიდუმლო წერილს სკკპ ცკ-ს “სრულიად საიდუმლო” დადგენილება მოჰყვა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ:

“ სრულიად საიდუმლო

სტ.-126/8ს

26.IX.1978წ.

ამონაწერი ცკ სამდივნოს # 126 ოქმიდან

მიღებულ იქნას გადაწყვეტილება მშვიდობის მსოფლიო საბჭოს 1978 წლის ბიუჯეტში დამატებით 150 ათასი აშშ დოლარის შეტანის შესახებ”.

ინდოეთის კომუნისტური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი რომეშ ჩანდრა 1977-1990 წლებში იყო მშვიდობის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე მან მრავალგზის გააკრიტიკა აშშ და ნატო, როგორც "ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიო მშვიდობისთვის". ფულსაც ამისთვის უხდიდნენ,

alada-2-1663916851.jpg
რომეშ ჩანდრა აჯილდოებს საბჭოთა ლიდერს ლეონიდ ბრეჟნევს

საბჭოთა სპეცსამსახურები მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებში შეღწევით არ იფარგლებოდნენ. მათი „ ოპერატიული ყურადღების“ მიღმა არც საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები რჩებოდნენ. 1978 წელს კა–გე–ბემ დაამყარა მჭიდრო ურთიერთობა ფიდე-ს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) ვიცე-პრეზიდენტ ფილიპინელ ფლორენსიო კამპომანესთან და დაიწყო მისი, როგორც „გადაბირების კანდიდატის დამუშავება“. გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, რომ კამპომანესი ფიდე–ს პრეზიდენტობაზე ოცნებობდა. ფლორენსიო კამპომანესის პრეზიდენტობის დროს (1982-1995 წწ) ის ყოველთვის ჯერ საბჭოთა, შემდეგ რუსეთის იმპერიის დავალებებს ასრულებდა. ამას ადასტურებს ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი გარი კასპაროვი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას მრავალი წელია ჯერ კა–გე–ბე, ამჟამად კი რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

ფლორენსიო კამპომანესი საბჭოთა ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა და ყოველთვის მხარს უჭერდა ანატოლი კარპოვს, ჯერ საბჭოთა კავშირიდან გაქცეული ვიქტორ კორჩნოის დამარცხებაში, ხოლო შემდეგ კი – ჭადრაკის ამომავალი ვარსკვლავის, ახალგაზრდა გარი კასპაროვის წინააღმდეგ „მარათონულ მატჩში“. ბატონ ფლორენსიოს „ამაგი“ დაუფასდა და ის 1995 წლამდე იყო ფიდეს პრეზიდენტი.

brejnevi-1663916920.jpg
ლეონიდ ბრეჟნევი და ანატოლი კარპოვი

ამის შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურებმა ფიდე ყალმიკიის პრეზიდენტსა და მილიონერ კირსან ილუმჟინოვს „ჩააბარეს“. არავის შეეპაროს ეჭვი, რომ ილუმჟინოვი რუსეთის „რბილი ძალის“ გამტარებელი იყო მსოფლიოში. 2018 წლიდან კი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას არკადი დვორკოვიჩი ხელმძღვანელობს. გადახედეთ მის ბიოგრაფიას და უცბადვე მიხვდებით: მსოფლიო ჭადრაკს ფაქტობრივად, პუტინი მართავს. ფიდე დღეისთვის 191 ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს და წარმოიდგინეთ რა სამოქმედო არეალი აქვს კა–გე–ბეს ყოფილ პოდპოლკოვნიკს, ამჟამად კი რუსეთის დიქტატორ პუტინს. სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის და 2018 წელს რუსეთში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაში რუსეთის სპეცსამსახურების როლზე სხვა დროს ვისაუბროთ.

(დასასრული)