"ჩემი სურვილია, რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და ჩემს შვილებს ეთქმოდეთ, დედამ დაგვიტოვა და გადმოგვაბარაო" - კვირის პალიტრა

"ჩემი სურვილია, რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და ჩემს შვილებს ეთქმოდეთ, დედამ დაგვიტოვა და გადმოგვაბარაო"

"ჩემი სურვილია, სამყარომ ძალა მომცეს, რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. ჩემს შვილებს ეთქმოდეთ, დედამ წარმატებული ბიზნესი დაგვიტოვა და გადმოგვაბარაო“

"თუ გაქვს მიზანი, იცი დროის ფასი, არ გეშინია, საკუთარი თავის გწამს და სამყარო გწყალობს, მაშინ იცოდე, რომ დიდი ენერგია უნდა დახარჯო... შუაღამემდე იშრომო და გადავარდნამდე დაიღალო, რათა მიზნამდე დროულად მიხვიდე," - ამბობს ახალგაზრდა ფერმერი ეთო კაპანაძე, რომელმაც სოფელ დიდ ლილოში სამი წლის წინ ფრინველების ფერმა გამართა და მეუღლე, ლევან კერესელიძეც საქმეში ჩართო. დღეს ერთად უკვე ხარისხიან პროდუქტს ქმნიან და საოჯახო მეურნეობის განვითარების დიდი გეგმებიც აქვთ.

ეთო კაპანაძე:

- სამი წლის წინ ვიფიქრე, რომ დამატებითი შემოსავალი ურიგო არ იქნებოდა, თან ჩემს შვილებს (ოთხი მყავს) ნატურალური პროდუქტი ექნებათ-მეთქი. ამისთვის რესურსი მქონდა, რომელიც შეიძლებოდა გამომეყენებინა. იხვის ჭუჭულები რომ უნდა გამეზარდა, ამის შესახებ მეუღლეს ვუთხარი... მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში დედას ჰყავდა ჭუჭულებიც, საქონელიც და ამ საქმეზე წარმოდგენა მქონდა, მაინც შეშფოთდნენ. მოკლედ, ეს გადაწყვეტილება მათთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არ ეგონათ, რომ ფერმერობას დავიწყებდი. მერე თქვეს, მალე მოჰბეზრდება და თავს დაანებებსო, საბოლოოდ კი ჩემი არჩევანი ოჯახის წევრებსაც მოეწონათ და საქმეში თვითონაც ჩაერთვნენ.

ixvi2-1650700520.jpg

- და შრომაც დაგიფასდათ.

- დიახ. პროდუქტი რომ მოგვჭარბდა, გავყიდე. ამასობაში ბევრმა გაგვიცნო და მომხმარებელიც მოგვემატა. ასე ავუღე ალღო მარკეტინგს. სოციალური ქსელით ვაქტიურობ. არის ადგილები, სადაც ჩვენი პროდუქციის მიტანა-ჩაბარება შეგვიძლია. პრობლემა ის არის, რომ პროდუქციით მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. ამ ეტაპზე 1000-მდე ფრთა იხვი გვყავს. თავიდან 100-ით დავიწყეთ. ერთი წლის თავზე იხვებმა ახალი თაობა მოგვცეს... კვერცხები სხვის ინკუბატორში ჩავაწყვეთ, რადგან მის შესაძენად სახსრები არ გვქონდა და ორი წელიწადი ასე გაგრძელდა. ახლა უკვე ჩვენი გვაქვს...

- იხვი რატომ აირჩიეთ?

- სიუჟეტი ვნახე. შედარებით ადვილად იზრდება, დილეტანტისთვისაც კი, თან ეს ფრინველი საქართველოში ბევრს არ ჰყავს და ისიც გავთვალე, რომ სამომავლოდ განსხვავებული პროდუქტის წარმოებას შევძლებდი.

ixvi4-1650700521.jpg

- იხვის ხორცზე რას გვეტყვით?

- იხვის ჯიშს გააჩნია. აქვს დაბალ- და მაღალქოლესტერინიანი ხორცი, ცხიმიანობაც ასევე - ზომიერიც და მაღალიც... გურმანებისთვის სასურველი პროდუქტია, დელიკატესია. იხვის ხორცი, შებოლილი იქნება თუ პაშტეტად მომზადებული, საუკეთესოა. მისი კვერცხი ორმაგად შეიცავს D ვიტამინს, ამინომჟავებსა და ბევრ სხვა ვიტამინს. კვერცხის ნაჭუჭი საშუალო სიმყარისაა, შიგნითა აპკი - რთულად ასახევი, ანუ უფრო მკვრივია. თუ ერბოკვერცხისთვის ქათმის ორი კვერცხი მაინც გინდა დასანაყრებლად, იხვის ერთი ცალიც საკმარისია. გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმშიც. მშვენიერი ბეზე გამოდის. ეზოში კენკრა გვაქვს, მასში ცივ ბეზეს ვურევ და ბრწყინვალე დესერტი გამოდის. ჩემს ბავშვებს უყვართ და მიხარია, რომ ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტს ჭამენ, თან საკუთარი ნაშრომი უფრო გემრიელია.

- რით კვებავთ და როგორ უვლით?

- ნატურალურ კვებაზე არიან. ხელოვნურ დანამატებს არ ვაძლევთ. ჭამენ სიმინდს, ხორბალს, ქერს, შორტებს, სოიითა და სიმინდით გაზავებულ ღერღილს და ბალახს. დაავადება იშვიათად ემართებათ. თუ ფრინველს დაბადებისთანავე რამე დეფექტი აქვს, ვარიდებთ. იხვი ქათამზე ადვილი გასაზრდელია. ვაქცინაცია არ სჭირდება. პრევენციის მიზნით მხოლოდ პირველი სამი-ხუთი დღე სჭირდება კუჭ-ნაწლავისთვის ვაქცინასავით პრეპარატი.

- როგორც ამბობენ, ბატები ავები არიან, კბენა იციან. იხვები?

- უწყინრები არიან. დედლები ყვირიან მაშინ, როცა შიათ, ან რამე აწუხებთ. გამოყვანილი, ჰიბრიდული ჯიშია და ნებისმიერ გარემოსთან კარგად ადაპტირდება. ბანაობა უყვართ, მთავარია, ჰქონდეთ წყალი და სივრცე, სადაც ბუნებრივ გარემოში გაიზრდებიან. ღია სივრცეში პატარა ტბორი გვაქვს, სადაც ბანაობა შეუძლიათ. წყალი გამრავლებისთვისაც სჭირდებათ.

- ცოცხლად ყიდით?

- პატარა ჭუჭულებს ცოცხლადაც ვყიდით. თუ ინვესტიცია მივიღეთ, რაოდენობის გაზრდა გვინდა, რომ გაყიდვა არ შეგვიფერხდეს და რამდენიმე ქსელი უწყვეტად მოვამარაგოთ. ვყიდით დაკლულსაც, ჭუჭულებსაც და კვერცხსაც. სამომავლოდ ბუმბულიც გვინდა გამოვიყენოთ. არის ადამიანი, რომელიც გველოდება, ამ საქმეს როდის დავიწყებთ, რომ ხელშეკრულება გავაფორმოთ.

ixvi3-1650700521.jpg

- საოჯახო მეურნეობაში ბავშვებიც გეხმარებიან?

- მეტ-ნაკლებად, როგორც შეუძლიათ. ძირითადად, მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, დედა ბავშვებს უვლის. მე საჯარო რეესტრშიც ვმუშაობ, ლილოში. მეუღლეც მუშაობდა, მაგრამ ახლა, ძირითადად, ჩვენს მეურნეობას უვლის.

ამ ეტაპისთვის რა ჩანაფიქრიც მქონდა, განვახორციელე. ოჯახმა ეს დამოუკიდებლად შევძელით, თუმცა ამას დიდი შრომა, ჯაფა, პრობლემების დაძლევა და რთული დღეების გადალახვა დასჭირდა.

იხვების გარდა, 100-მდე ინდაური გვყავდა და საახალწლოდ გავყიდეთ, ახლა 40-მდე იქნება. გვყავს 50 კურდღელიც... ვფიქრობ, კიდევ რა შემიძლია გავაკეთო, რომ მეურნეობა გავაძლიერო. მინდა საქონელიც მოვამრავლო, რათა ნატურალური რძის პროდუქტები ვაწარმოოთ.

- როგორც კვერცხის მწარმოებელი ფერმერები, ალბათ, სააღდგომოდ იხვის კვერცხს ღებავთ?

- ცხადია, ოჯახში კვერცხის პრობლემა არ გვაქვს და ბევრის შეღებვაც შეგვიძლია. პროფესიით მხატვარი ვარ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე და ტრადიცია გვაქვს - კვერცხებს რომ შევღებავთ, მერე ვხატავთ, ვაფორმებთ. ეს პროცესი ჩემს შვილებს ამხიარულებს. მათ ფანტაზიას გასაქანი ეძლევა. პასქებს დედა იხვის კვერცხით აცხობს. თუ მცალია, მეც ვეხმარები, ბავშვები კი გამომცხვარს მინანქრით, შოკოლადით თუ სხვა ნუგბარით აფორმებენ. წინასააღდგომოდ ამ სამზადისში დიდი ჟრიამულია ხოლმე. აღდგომას ტაძარში მივდივართ. მეორე დღე მიცვალებულებისაა და საფლავზე გავდივართ. ჩემი მეუღლე რაჭველია და აღდგომას, სანამ ფერმერობას დავიწყებდით, რაჭაში ვხვდებოდით. ახლა ამას ვეღარ ვახერხებთ.

- რა სურვილები გაქვთ?

- ჩემი სურვილია, სამყარომ ძალა მომცეს, რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. ჩემს შვილებს ეთქმოდეთ, დედამ წარმატებული ბიზნესი დაგვიტოვა და გადმოგვაბარაო... მინდა ჩემი სიტყვა ვთქვა და შევასრულო, გავფართოვდე და ვიყო ძლიერი ფერმერი ქალი. ჩანაფიქრს, ძირითადად, ვასრულებ. ვისურვებდი, ჩემი პროდუქტი ექსპორტითაც გავიდეს, სხვებს კი ვურჩევ, სჯეროდეთ საკუთარი თავის. მთელმა სამყარომაც რომ უარი გითხრათ, თქვენ თუ გადაწყვეტთ, საქმე აუცილებლად გამოვა. რომ დავიწყე, არავის სჯეროდა, ხუმრობდნენ კიდეც, მაგრამ ვიცოდი, რომ მიზანს მივაღწევდი. მთავარია, არ შეშინდეთ. ერთხელ ცხოვრობს ადამიანი და უქმად ჯდომით და მდორე არსებობით არაფერი გამოვა.