ლეგენდარული შოუ „ვერსალის ბრძოლა“ ისევ გაცოცხლდება - კვირის პალიტრა

ლეგენდარული შოუ „ვერსალის ბრძოლა“ ისევ გაცოცხლდება

ამერიკელი დიზაინერი დონა კარანი მას "ინდუსტრიის დედას" უწოდებდა, მუსოლინი - "ძუკნას", და ორივე აღიარებდა, რომ ლეგენდა იყო, სახელად ელეონორ ლამბერტი. ქალი, რომელმაც შექმნა ნიუ-იორკის მოდის კვირეული, ყოველწლიური ხმაურიანი წვეულება "მეტ გალა", საუკეთესოდ ჩამცმელი ადამიანების­ საერთაშორისო სია, და ა.შ. ელეონორ ლამბერტის სახელს უკავშირდება მოდის სფეროს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის 1973 წელს გამართული ლეგენდარული შოუ "ვერსალის ბრძოლა". სწორედ ამ ისტორიული თარიღის შემდეგ მოინიშნა მოდის მსოფლიო რუკაზე ამერიკა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი მოასპარეზე­ მოდის სამყაროში. დღეს, ლეგენდარული ჩვენებიდან 50 წლის შემდეგ, მოდის მესვეურებმა გადაწყვიტეს ის დღეები­ გაიხსენონ და პარიზი კიდევ ერთხელ გაცოცხლდეს მოდით. 27-29 სექტემბერს პარიზში დიდი ორომტრიალი იქნება, თუმცა მანამდე ჩვენს მკითხველს მინდა მოვუთხრო, თუ რატომ იყო ამერიკისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, 1973 წლის ვერსალის ჩვენება მნიშვნელოვანი და რისი თქმა უნდოდათ ამერიკელებს პოდიუმის საშუალებით.

მოდა, როგორც "იარაღი"

ელეონორ ლამბერტისა და ვერსალის­ კურატორ ჟერალდ ვან დე კემპის შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად, როგორიც "ვერსალის ბრძოლა" იყო. იმხანად ვერსალის სასახლის კურატორი ფინანსური სახსრების მოძიებით იყო დაკავებული - საფრანგეთის ისტორიის მომსწრე კედლები სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებდა. სწორედ ამით ისარგებლა გონიერებით სახელგანთქმულმა Eელეონორ ლამბერტმა და ფრანგ ვან დე კემპს სასახლის კედლებში გალა-ვახშმის და ჩვენების გამართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, ფრანგი დიზაინერების გარდა,­ მონაწილეობა ამერიკელებსაც უნდა მიეღოთ. Lლამბერტი ცნობილი­ იყო როგორც კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი და ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი, სწორედ მას ეკუთვნოდა 1948 წელს "მეტ გალას" დაარსების იდეა, რომლის მიზანი მეტროპოლიტან-მუზეუმისთვის შეწირულობის შეგროვება იყო. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვერსალის კურატორი ამერიკელ ქალს ენდო და ერთ დროს მარია-ანტუანეტას გლამურული ჟრიამულის მხილველი ვერსალის სასახლის დარბაზები დაუთმო. არავინ იცის, რას იტყოდა საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი ამ იდეაზე, თუმცა ღონისძიება ისტორიას დარჩა როგორც ამერიკელი და ფრანგი დიზაინერების უბადლო შერკინება, რომელიც დღემდე შთაგონების წყაროა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.

wifur2-1695578743.jpg

1970-იან წლებში მიიჩნევდნენ,­ რომ მოდას მხოლოდ ფრანგები ქმნიდნენ, ამერიკელები კი მხოლოდ მათ გაკვალულ გზას მიუყვებოდნენ, თუმცა მხოლოდ "ვერსალის ბრძოლამდე" - ამ დღის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა­ - 5 ფრანგ დიზაინერს 5 ამერიკელი დაუპირისპირდა.F ფრანგებმა საუკეთესო ხუთეული წარმოადგინეს: ივ სენ ლორანი, იუბერ დე ჟივანში, პიერ კარდენი, ემანუელ უნგარო და კრისტიან დიორი. მათ საპირისპიროდ "რინგზე" გამოვიდა ამერიკელების ხუთეული: ოსკარ დე ლა რენტა, ბილ ბლასი, ანი კლეინი (მას თან ახლდა 25 წლის ასისტენტი დონა კარანი),­ ჰალსტონი და სტეფან ბაროუ. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შეეჯიბრო დიორს, ჟივანშის, ლორანს, თუმცა­ პარიზულ მაღალ მოდას ამერიკელებმა სრულიად სხვა ღირებულებები დაუპირისპირეს.

"ვერსალის ბრძოლა"

რობინ ჟივანი, ამერიკელი მწერალი, პულიცერის პრემიის მფლობელი, ისტორიული ჩვენების დამსწრე, ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში იხსენებს: "ამერიკელების გამოჩენა ფრანგებთან ერთად ნამდვილად პატივი იყო. გარდა ამისა, ამერიკელების მიერ პოდიუმზე გამოყვანილი 36 მოდელიდან 10 ფერადკანიანი იყო, და ეს საოცრად უჩვეულო და ეფექტური სანახავი გახლდათ. ეს ღონისძიება იმ პერიოდის ანარეკლი იყო, პოლიტიკური, სოციალური და რასობრივი მოვლენების გამოძახილი. ამერიკელებმა წარმოადგინეს არა "მაღალი მოდა", არამედ ყოველდღიური, სპორტული, გასართობი­. აქცენტი იყო ქალთა თავისუფლებაზე, მათი სიტყვის, გამოხატულების, ჩაცმისა და არჩევანის თავისუფლებაზე. სახელოვან სტუმრებს შორის იყვნენ მონაკოს პრიცესა გრეის კელი, ქრისტინა ონასისი, ენდი უორჰოლი, ჟოზეფინ ბეიკერი, ელიზაბეტ ტეილორი და ლაიზა მინელი, რომელმაც გახსნა და დახურა ღონისძიების ამერიკული ნაწილი. ამერიკელებმა ფრანგულ კონსერვატიზმს დაუპირისპირეს ქალების თავისუფლება და სელებრითების მხარდაჭერა. ლაიზა მინელის იმხანად ახალი მიღებული ჰქონდა "ოსკარი" ფილმისთვის "კაბარე" და შესაბამისად, ის გახლდათ ერთ-ერთი სუპერპოპულარული ფიგურა, მის გამოჩენას დიდი ოვაცია მოჰყვა. ფრანგების ჩვენება კი ძალიან წააგავდა მცდელობას, მოქცეულიყვნენ მარია-ანტუანეტას მოსაწონად. შესაბამისად, ეფექტი მთლიანად ამერიკელების მხარეს იყო".

ლაიზა მინელის გავლენა მართლაც დიდი იყო აუდიტორიაზე, გარდა უბადლო შესრულებისა, ლაიზა ამერიკელი დიზაინერის ჰალსტონის მეგობარი და მისი სამოსის ერთგული მომხმარებელი იყო. ჰალსტონის შექმნილია ლაიზა მინელის წარმოდგენის ყველა კოსტიუმის დიზაინი, ასევე ჟაკლინ კენედის ცნობილი ქუდები. "ვერსალის ბრძოლის" შემდეგ მოდის რუკაზე ამერიკამ თავისი ადგილი დაიკავა. სწორედ მას შემდეგ დაიწყეს ფრანგულმა მოდის სახლებმა ამერიკელი დიზაინერების მიწვევა სამუშაოდ. "ვერსალის ბრძოლამ" თავის სათქმელი თქვა.

wifur3-1695578743.jpg

"შოუ უნდა გაგრძელდეს"

"ვერსალის ბრძოლიდან" 50 წლის შემდეგ კომპანია Coffee Bluff Pictures-ის ორგანიზებით პარიზში გაიმართება ღონისძიება "ვერსალი 73", სადაც მონაწილეობას მიიღებენ "ჰალსტონის ფონდი" და ემანუელ უნგაროს მოდის სახლი.

როი ჰალსტონს არ მიუღია სპეციალური განათლება, ის ინსტინქტს ენდობოდა და ასე ქმნიდა სამოსს, ზუსტად იცოდა, რა სჭირდებოდათ იმ ეპოქის ამერიკელ ქალებს და მისი დიზაინი ყოველთვის ულტრათანამედროვედ აღიქმებოდა. ალბათ, ამიტომ იყვნენ მისი ერთგული მომხმარებლები ჟაკლინ კენედი და მისი და, ლი რაძივილი, ელიზაბეტ ტეილორი, ენდი უორჰოლი, ლაიზა მინელი და ა.შ. როი ჰალსტონის მემკვიდრე ლესლი ფროვიკმა "კვირის პალიტრას" ბიძამისის ბოჰემური ცხოვრების ერთი ეპიზოდი მოუთხრო:

wifur4-1695578744.jpg

"როი და იმ პერიოდის ნიუ-იორკის ელიტა ხშირად იკრიბებოდა მანჰეტენზე, ჰალსტონის სახლში. ლაიზა მინელის შოუებისთვის ყველა კოსტიუმს როი ქმნ­იდა. ლაიზას ისეთი სამოსი სჭირდებოდა, რომელიც მასთან ერთად იმოძრავებდა ცეკვის დროს. მისი კოსტიუმებისთვის როი მძივებს, აბრეშუმს, ატლასსა და ხავერდს ამჯობინებდა. 1985-1988 წლებში, როდესაც როისთან ვცხოვრობდი, ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ ბიანკა ჯაგერი და ენდი უორჰოლი. მე და როი, ორივე, 23 აპრილს დავიბადეთ და ამ დღეს ერთად აღვნიშნავდით ხოლმე... ჰალსტონი აღტაცებული იყო, რომ 1973 წელს ვერსალში უნდა გამოსულიყო, ახლა კი მე ვარ ბედნიერი, რომ მხვდა პატივი, ბიძაჩემის როი ჰალსტონის დანატოვარ ისტორიულ ესკიზებს მოვუარო. ჰალსტონი ძალიან იამაყებდა, რომ ენახა, რამდენად დიდია მისი შემოქმედების გავლენა მოდაზე ამდენი წლის შემდეგაც".