სნაიპერული შაშხანა

სნაიპერული შაშხანა წარმოადგენს მაღალი სიზუსტის მქონე შაშხანას, რომელიც გამოიყენება შორი მანძილებიდან ზუსტი სროლისთვის.

კლასიფიკაცია

თანამედროვე სნაიპერული შაშხანები, იყოფა სამხედრო და პოლიციის სნაიპერულ შაშხანებად.

სნაიპერული შაშხანები, რომელიც გათვლილია სამხედრო მიზნით გამოყენებისთვის, ახასიათებთ დიდი სროლის რადიუსი, უკეთესი გამძლეობა და საიმედოობა.  ასევე, რადგან მათ იყენებენ სამხედრო სნაიპერები, მათ ხშირად უწევთ დიდი მანძილის გავლა ფეხით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათი იარაღი იყოს შედარებით  მსუბუქი.

სნაიპერული შაშხანები, რომლებიც შექმნილია ან მოდიფიცირებულია პოლიციის მიერ გამოსაყენებლად, ზოგადად აქვთ უკეთესი სიზუსტე, ვიდრე სამხედრო სნაიპერულ შაშხანებს, თუმცა ნაკლები სროლის რადიუსი.  რადგან მათი გამოყენება ძირითადად ხდება ქალაქებში, მათზე არ  მოითხოვება მაღალი გამძლეობა.

განმასხვავებელი მახასიათებლები

მახასიიათებლები, რომლითაც სნაიპერული შაშხანის გარჩევა შესაძლებელია სხვა იარაღებისგან არის ოპტიკური სამიზნე, იარაღის განსაკუთრებით დიდი სიგრძე,  დიზაინი, რომელიც გათვლილია დაწოლილი პოზიციიდან სროლისთვის, ორფეხა სადგამის და სხვა აქსესუარების ქონა.

ოპტიკური სამიზნე

ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც აშკარად განასხვავებს სნაიპერულ შაშხანას სხვა იარაღებისგან არის მასზე დამონტაჟებული ოპტიკური სამიზნე, რომელიც განსხვავდება იმ პატარა ოპტიკური სამიზნეებისგან, რომლებიც გვხვდება თანამედროვე მოიერიშე შაშხანებში და მსუბუქ ტყვიამფრქვევებში.

სნაიპერულ შაშხანებში გამოყენებულ ოპტიკურ სამიზნეებს ახასიათებთ უფრო დიდი გადიდება ( ზოგჯერ 40X -ზე მეტი) და ასევე უფრო დიდი ობიექტივის ლინზები, უფრო მკვეთრი გამოსახულებისთვის.

ვაზნა

დღეისათვის, დასავლურ სამყაროში და  NATO ს ქვეყნებში ძირითადად იყენებენ 7.62×51 მმ ვაზნებს, როგორც სამხედრო ისე პოლიციის სნაიპერულ შაშხანებში. რუსეთში იყენებნ 7.62×54 მმ ვაზნებს, რომელთაც 7.62×51 მმ ვაზნის მსგავსი თვისებები აქვს.

სნაიპერები ასევე იყენებენ ანტიმატერიალურ სნაიპერულ შაშხანებს-მანქანების, აღჭურვილობის და სტრუქტურების დასაზიანებლად. ანტიმატერიალური სნაიპერული შაშხანები არიან ნახევრად ავტომატური  მოქმედების და უფრო დიდი კალიბრის ვიდრე პერსონალის საწინააღმდეგო სნაიპერული შაშხანები; იყენებენ ვაზნებს, როგორიცაა 12.7×108 მმ, 14.5×114 მმ და სხვა.

ლულა

სნაიპერული შაშხანის ლულის სიგრძე საშუალოდ არის 609.6 მმ ან უფრო მეტი და შექმნილია, რათა ვაზნის სატყორცნი ნივთიერება (როგორიცაა მაგ. დენთი)  სრულად დაიწვას ლულაში, რაც ამცირებს ენერგიის დანაკარგს და ზრდის ტყვიის სიჩქარეს. ბევრი საბრძოლო და მოიერიშე შაშხანისგან განსხვავებით, აქ ლულის დამუშავება ქრომით როგორც წესი არ ხდება, რათა თავიდან იქნას აცილებული უზუსტობა დამუშავებისას. ხშირად სნაიპერული შაშხანის ლულაზე კეთდება მარყუჟები, სროლის ხმის ჩასახშობად.

კონდახი

სნაიპერულ შაშხანებში, კონდახის ის ნაწილი, რომელიც ეხება მხარს,  არის აწეული ცოტა ზევით, რადგან ოპტიკური სამიზნე დამონტაჟებულია უფრო მაღლა ვიდრე რკინის სამიზნე, ასევე ბევრი მათგანის დარეგულირებაა შესაძლებელი, მაღლა ან დაბლა დაწევით, ასევე ზოგჯერ, მისი  სიგრძის დარეგულირებაც შესაძლებელია, რათა კარგად მოერგოს მსროლელის მხარს.

 

Leave a comment