logo
ENG



"მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეში?" - სტატია Frankfurter Allgemeine-ში

16 თებ 202317:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/16/6q5gotrdqzc1zck.jpg

გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიმოიხილავს და განიხილავს ვერსიას მის მოწამვლასთან დაკავშირებით. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობაც და ის, რამდენად არის დამოკიდებული ქვეყნის ევროპული მომავალი სააკაშვილის სიცოცხლეზე. 

პოლიტიკის რედაქტორი რაინჰარდ ვესერი სტატიაში "მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეში?" პარალელებს ავლებს სააკაშვილის ორ მდგომარეობას შორის: ციხემდე და ციხეში მოხვედრის შემდეგ. იგი აღწერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბოლო ვიდეოჩანაწერებში ნაჩვენებია "გაუპარსავი, დაღლილი გარეგნობის კაცი, ჩაცვენილი სახით, რომელიც საავადმყოფოს საწოლზე წევს და მოძრაობა უჭირს".

FAZ-ის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ანალიზებსა და კვლევებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიტარა. როგორც ის აღნიშნავს, თმისა და ფრჩხილის ანალიზების საფუძველზე დაასკვნეს, რომ პრეზიდენტი ციხეში ვერცხლისწყლითა და დარიშხანით მოწამლეს. ასევე, საუბარია არასათანადო მკურნალობაზე და სააკაშვილის წონის მკვეთრ კლებაზე, რამაც შეიძლება საბოლოოდ მისი სიკვდილიც გამოიწვიოს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საკითხი "საქართველოს თავზე არის დაკიდებული ისევე, როგორც გაურკვევლობა იმისა, რა მოხდება შემდეგ“.

"არის დიდი შიში იმისა, რომ საქართველო მოხვდება შიდა არეულობის მორევში, დასავლეთის მხრიდან ოსტრაკიზმსა და რუსეთის მხრიდან ჩარევაში, რაც ქვეყანას ძალიან ღრმად ჩაითრევს.

ოღონდ საქართველოს ხელისუფლება გულგრილია. ქართული ოცნების პოლიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ექიმების კომპეტენტურობას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პაციენტს არ შეუძლია გავლენა იქონიოს წონის კლებაზე, და სააკაშვილს ურჩევენ, უბრალოდ მეტი ჭამოს - სასურველია "ბევრი კალორიული საკვები", - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნას იზიარებენ ევროპარლამენტარები, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. მათგან განსხვავებით კი ქართული ოცნების ლიდერები საქართველოს მიმართ "ბოროტ ინტერესსა" და "მეორე ფრონტის" გახსნაზე საუბრობენ. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, კონსპირაციული თეორიის გავრცელებაში ჩართულია პრემიერმინისტრიც.

"FAZ-ის კითხვაზე, რატომ არ სურს ხელისუფლებას მისი გაშვება, მიხეილ სააკაშვილმა მერყევი, არარეგულარული ხელნაწერით პასუხს სცემს: "რადგანაც რუსეთი ამას არასდროს აპატიებთ. პუტინი პირობას დებს, რომ ****ებით დამკიდებს". რუსეთის მმართველმა ეს მუქარა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დროს გააჟღერა. მაშინ რუსეთს სურდა, სამხედრო საშუალებებით დასავლეთისკენ შემობრუნება შეეჩერებინა, რომელიც საქართველომ 2003 წლის ბოლოს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გააკეთა. სააკაშვილის აზრით, ახლა კრემლის სახელით მოქმედებს ადამიანი, რომელმაც დააფუძნა ქართული ოცნება 2011 წელს და საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა: ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში", - აღნიშნულია სტატიაში.

ცალკე ქვეთავში რაინჰარდ ვესერი საუბრობს ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საქართველოს "საიდუმლო მმართველზე", რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვე და უცნობია, კვლავ აქვს თუ არა იქ ეკონომიკური ინტერესები:

"ივანიშვილი პრემიერმინისტრი ერთი წლის განმავლობაში იყო, მას შემდეგ მას სახელმწიფო თანამდებობა აღარ დაუკავებია. მაგრამ თბილისში სერიოზულად არავის სჯერა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარლამენტსა და მთავრობაში მიიღება".

"რუსი ოლიგარქი არასოდეს დათმობს ძალაუფლებას მშვიდობიანად. ოლიგარქის ოცნებაა ქვეყნის ფლობა, ის უნდა განიდევნოს მოსახლეობის მობილიზაციით, ჯერ კიდევ მძიმედ დაავადებული სააკაშვილი ციხიდან წერს FAZ-ის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ ქართული ოცნება მის მაგალითს გაიმეორებს და არჩევნებში დამარცხებას აღიარებს".

სტატიაში განხილულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლები და აღნიშნულია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის განმავლობაში სააკაშვილი ყველასთვის საყვარელი ადამიანიდან ბევრისთვის საძულველ ფიგურად იქცა. ავტორი წერს, რომ ვარდების რევოლუციამ ბევრი შესამჩნევი წარმატება მოიტანა, რაც შემდგომ წლებში პოლიციის მხრიდან ძალადობამ და გადაცდომებმა გადაფარა.

"სააკაშვილთან დავის გამო ბევრი მისი ყოფილი თანამებრძოლი გამოეყო მას. ისინი მას უცხოეთიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში მუდმივი ჩარევის გამო აკრიტიკებდნენ. ქართული ოცნებისთვის ეს კარგი შაბლონი იყო: პარტია ერთი მეორეს მიყოლებით საარჩევნო კამპანიას სააკაშვილის დაბრუნების შიშის გაღვივებით აწარმოებდა".

სტატიის ავტორი იხსენებს დამოუკიდებელი საქართველოს წინა პრეზიდენტებს, ზვიად გამსაზრდიას სიკვდილსა და ედუარდ შევარდნაძეს, რომლის მოკვლაც ორჯერ სცადეს. ის სვამს კითხვას: რას იტყოდნენ საქართველოზე, თუ ასეთ პირობებში პატიმარი მესამე პრეზიდენტი გარდაიცვლებოდა?

"საქართველოს მთავრობას ეკისრება "სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ რამე დაემართება მას", ნათქვამია ევროპარლამენტის გასული წლის დეკემბერში მიღებულ რეზოლუციაში. ამ პოზიციას იზიარებენ - თუმცა არა ღიად - ევროკომისიასა და ბევრ ევროპულ დედაქალაქში. ეს ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველოს შანსები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მალე გახდეს, ნულამდე დაიწევს", - ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოს მთავრობის კურსის განხილვისას ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ოფიციალურად ქართული ოცნება დასავლეთისკენ ისწრაფვის. ორი ათეული წლის განმავლობაშიც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობაც უცვლელად სწორედ დასავლეთისკენ სვლას უჭერს მხარს.

ევროკომისიის 12 პუნქტზე საუბრისას ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ყველა პუნქტი ჩამოყალიბებულია ისე, რომ ადგილი რჩება პოლიტიკურად სასურველი ინტერპრეტაციებისთვის, თუმცა მიხეილ სააკაშვილი საქმე იმ წერტილამდე მიდის, რომ "ნაცრისფერი ზონები აღარ არის".

"საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გასული წლის მარტში გააკეთა მას შემდეგ, რაც ამის გაკეთებისკენ თბილისში დიდ დემონსტრაციებზე მოსთხოვეს. როდესაც ბრიუსელიდან უარი მოვიდა, ათი ათასობით ადამიანი კვლავ დედაქალაქის ქუჩებში გავიდა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა - ორივე შემთხვევაში იმაზე მეტი ადამიანი იყო, ვიდრე სააკაშვილმა ბოლო ათი წლის განმავლობაში მობილიზება შეძლო. ვერავინ ბედავს პროგნოზირებას რა მოხდება თბილისში, თუ ევროკავშირთან დაახლოების იმედი მასთან ერთად მოკვდება", - წერია სტატიაში.


close დახურვა