მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა იაპონიიდან თევზის იმპორტი დროებით აკრძალა

ტუნა, თინუსი

ჩინეთის შემდეგ, იაპონიიდან თევზისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი დროებით რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამაც აკრძალა, რაც ამ პროდუქტების შესაძლო საფრთხეს უკავშირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთში დღეიდან მოქმედებს და, როგორც შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს პრესრელიზში ვკითხულობთ, ემბარგო მანამ გაგრძელდება, სანამ რუსული მხარე მკაფიო მტკიცებულებებს არ მიიღებს იმის თაობაზე, რომ პროდუქტები საფრთხეს არ შეიცავს.

ოფიციალური მოსკოვის ეს გადაწყვეტილება იაპონიის მიერ წყნარ ოკეანეში იმ წყლის ჩაშვებას უკავშირდება, რომელიც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის გაგრილებისთვის გამოიყენება. ეს პრაქტიკა ოფიციალურმა ტოკიომ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, იმ ლოგიკით დანერგა, რომ მათი თქმით, წყნარ ოკეანეში ჩამდინარე წყალი გასუფთავებულია და მასში დაფიქსირებული რადიაციის მაჩვენებელი 40-ჯერ ნაკლებია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებზე და 7-ჯერ ნაკლებია გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სასმელი წყლისთვის დადგენილ სტანდარტზე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იაპონიასა და რუსეთის ფედერაციას შორის თევზითა და ხორცპროდუქტებით ვაჭრობის მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია: 2022 წელს, იაპონიიდან რუსეთში 190 ტონა თევზი მოხვდა, ხოლო 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, მაჩვენებელი 118 ტონას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგური დაზიანდა, რაც 1986 წელს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ, უდიდესი ატომური კატასტროფა გახდა.