არქიტექტურული სამკაული და ვერსალის აშენების შთაგონების წყარო

მე-17 საუკუნის არქიტექტურის ხელოვნების ნიმუშმა, თვით ლუი XIV, „მეფე-მზე“, შურით აღავსო. ამან მეფე იქამდეც კი მიიყვანა, რომ სასახლის მფლობელი, იმდროინდელი მეფის ფინანსთა მინისტრი – ნიკოლას ფუკე ციხეში ჩაამწყვდია და თავისთვის მისი სახლის, ვო ლე ვიკონტის პროტოტიპი – ვერსალი აიშენა. როგორც ცნობილია, მისი დაპატიმრება საკუთარ თავზე ცნობილმა მუშკეტერმა – დ’არტანიანმა აიღო, მანვე გადაიყვანა პატიმარი ბასტილიის ციხეში, სადაც ფუკემ თავისი დარჩენილი სიცოცხლე გაატარა. აქედან დაიწყო ლეგენდა რკინის ნიღაბზეც.

შატო ვო ლე ვიკონტი პარიზიდან 60 კმ-ში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დიდი სასახლეა, რომელიც კერძო მფლობელობაშია. ის ეკუთვნის გრაფ ვოგიუებს. სასახლე ასევე არქიტექტურული სამკაულია, რომელიც ვერსალის აშენების შთაგონების წყარო გახლავთ.

„მე და პატრიკმა, ეს სასახლე 1967 წელს საქორწინო საჩუქრის სახით მივიღეთ“, - ამბობს გრაფინია კრისტინა დე ვოგიუე.

ახალბედა წყვილს სასახლის შენარჩუნება სურდა, თუმცა ამისთვის საკმარისი თანხები არ გააჩნდა, სწორედ ამიტომ სასახლე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს და მალე პატარა რესტორანიც გახსნეს.

„ოცდაექვსი წლის ვიყავი და ერთ ციცქნა სამზარეულოში ვამზადებდი ომლეტს ლორით სტუმრებისთვის“, – იხსენებს გრაფინია, – „ვემსახურებოდი მათ, ვასუფთავებდი მაგიდებს, მიმქონდა ჭურჭელი. ეს იყო თავგადასავლებით სავსე რვა წელი. მახსოვს, ერთ დღეს მოხუცების წყვილი მიყურებდა. მე ლურჯი წინსაფრით იატაკს ვგვიდი. ისინი ისე დაჟინებით მიყურებდნენ, რომ ბოლოს მივუტრიალდი: „გნებავთ რამე?“ მამაკაცმა კი წამოიძახა: „შესანიშნავი მომსახურება გაქვთ, მადამ!“ გამეცინა“.

რესტორნის წარმატების შემდეგ, ქმარმა კრისტინას სუვენირების „ბუტიკის“ გაკეთება შესთავაზა. ასე ნელ-ნელა, წყვილმა ერთი-ერთი ულამაზესი სასახლე შემოსავლის საკმაოდ სოლიდურ წყაროდ აქცია.

ზევით