ჩაქაფული ქათმის ხორცით
გთავაზობთ ქათმის ხორცისაგან მომზადებულ ჩაქაფულს. ჩაქაფულს ბატკნის ხორცისაგან ამზადებენ, მაგრამ ვისაც ბატკანი (ცხვარი) ჩემსავით არ უყვარს, ქათმის და ძროხის ხორცი კარგი გამოსავალია. ქათმის ხორცისაგან მომზადებული ჩაქაფული არის ძალიან მსუბუქი, უაღრესად არომატული და უგემრიელესი კერძი.
ამასთანავე უნდა აღვნიშნო. რომ ჩაქაფული დიდი “ფოტოგენურობით” არ გამოირჩევა, მაგრამ მერწმუნეთ ძააალიან გემრიელია!
მასალა:
- 1 კგ ქათმის ბარკლები (ან ერთი ქათამი)
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 70-100 გ ქინძი
- 70-100 გ ქორფა ტარხუნა
- 50 გ კამა
- 30 გ ოხრახუში
- 100 გ მკვახე ტყემალი
- მარილი და წითელი მწარე წიწაკა (გამხმარი ან ნედლი) გემოვნებით
- 100 მლ თეთრი ღვინო
- 1-2 კბილი ნიორი
მწვანილეულის რაოდენობა შეგიძლიათ თქვენს გემოვნებას მიუსადაგოთ.
მომზადება:
გარეცხილი ქათმის ნაჭრები მოათავსეთ ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე თავდახურული. 5-10 წუთში დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაახურეთ სახურავი და განაგრძეთ შუშვა. ასევე 5-10 წუთში ჩაამატეთ დაჭრილი მწვანილი, წიწაკა და ტყემალი და აცალეთ მწვანილს ჩათუთქვა.
ამასობაში ხორცი წვენს მოიგდებს. დაამატეთ ღვინო და გააგრძელეთ ხარშვა. ჩაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი და შეკმაზეთ მარილით. ხორცი რომ მოიხარშება, ჩაქაფული მზად არის.
სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. მოაფრქვიეთ დაჭრილი მწვანილი (სურვილით).
მიირთვით გემრიელად!
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ ახალგაზრდა ქათამი სწრაფად იხარშება და ფრთხილად იყავით, რომ არ ჩაგეშალოთ.
რჩევა: ტყემლის სეზონზე გაყინეთ მკვახე ტყემალი და ზამთარშიაც ისიამოვნეთ არომატული ჩაქაფულით და ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმით!
didi madlobaa, ugemrielesi gamomivida ❤️
დიდი მადლობა! <3