მაიას ლექსები

ჭიამაია ქალი... 



სული ბობოქრობს ისე
გულმაც აუბა მხარი
და ვინც წამართმევს
შენს თავს
ვაი, იმისი ბრალი.
მიყვარს ეგ შენი თრთოლა
და შუქიანი თვალი,
თვალთა ციალი შენი
მიყვარს ყველაზე მეტად,
როდის შევხვდებით ჩემო
სიყვარულისთვის , ნეტავ.
ჩაგაცმევ თეთრსა კაბას
თმას აგიწეწავს ქარი,
შენა ხარ ჩემი ხვალე,
ჭიამაია ქალი...
ჭიამაია ქალი...
ჭიამაია ქალი...


ერთხელ გაკოცებ

როგორ დამშვენდი
ამ გაზაფხულზე,
ბროწეულივით
აფეთქდი როგორ.
ტოტების მტვრევით
რად გადამრიე,
არ გებრალები,
შავთვალა გოგო?
ერთხელ გაკოცებ
თავდავიწყებით,
ან დაგაკვდები,
ძვირფასო, მკერდზე.
რა ვქნა,მითხარი,
თუკი მიყვარხარ,
თუკი გაკოცებ
ამ გაზაფხულზე.

მიყვარხარ ცამდე




ვარსკვლავებს
ვითვლიდი
ნიშნობის ბეჭდებად.
რა ბედნიერი მქონდა
თვალები...
თვალები ცამდე.
ანგელოზებო,
მაცალეთ ფიქრი,
ცოტაც მაცალეთ,
თქვენ გენაცვალეთ.
მალე ცისა ფერს
მომართმევთ კაბას,
სულ ცოტა დამრჩა
ჯვარისწერამდე.
ანგელოზები
მაცმევენ პერანგს,
გვირგვინს
დაგვადგამს
ამაღამ მთვარე.
როგორ მიყვარხარ
ჩემო ვარსკვლავო,
გზად ფეხშიშველი
ვივლი შენამდე.
რა მეჯლისი აქვს
პრანჭია მთვარეს,
რა ვნებიანად
აცეკვდა ღამე...
და ვგრძნობ
მიყვარხარ,
მიყვარხარ ცამდე.
სულ ცოტა დარჩა
ჯვარისწერამდე.

წითელი ტუჩები 




დაგებაგები,
ვნების კვირაში,
ტუჩებს გაგითბობ
ალერსის თქეშში,
მერე  შეგივსებ
სიყვარულის
ახალ სასმისს,
ახალი ღვინით
და საფერავად
დაგეღვრები
ღვინობისთვეში.


ყვავილების ქვეყანა





მე ფერებისთვის ვკრიფე ყვავილები,
ფერებისთვის და ფერებისთვისაც.

აი, მოგართვი ფერების ფერები,
ფერებისთვის და ფერებისთვისაც.

ფერადი ალერსის ფერებში დაგმალე,
ფერებისთვის და ფერებისთვისაც.

მომეფერები, მოგეფერები,
ფერებისთვის და ფერებისთვისაც.

ჯადოსნურია ეს ყვავილები,
ფერებისთვის და ფერებისთვისაც.

გულზე დაგაბნევ ია -ენძელას,
ფერებისთვის და ფერებისთვისაც.

ჩქარა, გულები გავაფერადოთ,
ფერებისთვის და ფერებისთვისაც.

მოდი, დავსახლდეთ ფერთა ქალაქში,
ფერებისთვის და ფერებისთვისაც.

გამოზაფხულზე მიყვარს ფერები,
ფერებისთვის და ფერებისთვისაც.

ჩემო.....




დილა მშვიდობისა
საქართველო,
ჩემო დედოფალო.
დილა მშვიდობისა
ქვეყნის თვალო,
ზურმუხტლალო.
დილა მშვიდობისა
მზის სადარო,
ვის გადარო...
დილა მშვიდობისა
ჩემო მოხატულო,
გულზე დახატულო.
დილა მშვიდობისა
ფიქრებად მოსულო
ტურფა ასულო.
დილა მშვიდობისა
ჩემო საქართელო,
სხივებით შემოსილო.
მე სიყვარულის
დაგადგამ გვირგვინს,
მზეო, ამოსულო...

ჩემი რომანი

ჩემზე თქვეს, რომანი აქვსო,
იმას არ ამბობენ, ვისთან.

შეხედეთ, როგორ მალავსო,
არკი არ ამბობენ, ვისგან.

რა მემალება, როცა ასე მიყვარს,
კურთხეულია ცისგან.

თბილზე თბილია ჩემი რომანი,
გამოგზავნილი მზისგან.

ბედნიერი ვარ, დღეს ვინახულებ,
ამბორსაც მივიღებ მისგან.

ყველა პაემანი დღე - სასაწაულია,
ჯვარი სიყვარულისა ბზისგან.

შუა ქალაქში შევხვდებით სიონთან,
დალოცვას მივიღებთ ღვთისგან.

რაო, როგორ თქვეს, რომანი აქვსო?
კარგი, მე ვიტყვი ვისთან.

ჰო, რომანი მაქვს, ბავშვობის რომანი,
ჩემ უსაყვარლეს ქალაქ თბილისთან.

ნაზამთრალი თბილისი



ხოხობი ისევ
გადაუფრენს
ნაზამთრალ
თბილისს,
როცა დათბება
აპრილ - მაისში.
დილის თბილისი,
ჩემი თბილისი,
საოცრებაა
მთაწმინდის
ნისლში.
მეც ავფეთქდები
გაზაფხულივით,
ამ ქალაქივით,
მის სიყვარულში.
არადა, თოვლში ,
უბრალო ბეღურაც,
როგორ ამშვენებს
თბილისს
თბილისში.
აპრილ - მაისში
დათბება ისევ,
ისევ დათბება ამ
ჩემს თბილისში.

თბილისური წვიმა

აუ , როგორ
აშხაპუნდა წვიმა.
მიყვარხარო,
დაეხატა ღრუბელს.
სიყვარულის დროა,
თურმე, ახლა -
"შენმა დარმაც
იდარაო,"ხალხმა.
სველ ნოტებზე
ჩაიმღერა წვიმამ,
თბილის - ქალაქს
მოეფერა თბილად.
ასკინკილად
დაწკაპუნობს,
დახტის,
როგორ მიყვარს,
თბილისური
წვიმა.

ჩემს შვილს, ლევანს - დედას გულს



თოლებისა

შენი თოლების ჭირიმე,
შენ შემოგევლე შენაო.
ქორივით შამაიჭერი,
ცაში მამინდა ფრენაო.
მაგ შენი გულის ფეთქვამა
ეს ჩემი გულიც არია,
ბიჭავ, ვერ დაგთმობ, იცოდე,
რა ვქნა, რა ჩემი ბრალია?
მიყვარხარ, ჩემო თოლებავ
მიყვარხარ, ჩემო ყველაო,
მიყვარხარ, სულო და გულო,
შემოგევლება დედაო.

ნანას!




(ვუძღვნი ნანიკოს, ჩემს რძალს)

ჩემი ბინის მერცხალია ნანა
ჩემი ბუდის დედოფალა გოგო,
ია - ია თვალები აქვს ნანას
ამ თვალების შუქი მიყვარს
როგორ.
დედოფალა დედოფალი გახდა,
ის სასახლის ღირსი არის მხოლოდ,
ბუდეს ისე ალამაზებს ნანა
ღმერთო, ჩემო, მიხარია როგორ.
ჩემი ბინის მერცხალია ნანა,
მზის სადარი, დედოფალა გოგო.

ავტოპორტრეტი




(ვუძღვნი ჩემს დიდ სიყვარულს, ბებოს დიმიტრის)

გულის - გულით, ბაგის - ბაგით,
ჩუმად - ჩუმად, ბაღის - ბაღით,
ვარსკვლავები ბეჭდებად და
ნეტარება მთვარით, ალით.
იდგა ორი სილუეტი,
ორივ გულით, ორსავ თვალით.
ეჰეი და ბიჭი, გოგო,
ეჰეი და გოგო, ბიჭი.
და დაიწყო ვნების ათვლა,
ვნების ვნებით, ღამის ღამით.
მერე ფიქრი, ფიქრის ფიქრი,
ბედის ბედი, ჟამის ჟამი.
მერე სახლი, კაცი, ქალი.
ქალი კაცი, კაცი, ქალი.
მერე შვილი, ბიჭი? გოგო?
ბიჭი, ბიჭიი!
მერეს მერე შვილიშვილი,
ბიჭი? გოგო?
ბიჭი, ბიჭი!
ისევ ფიქრი, ფიქრის ფიქრი.
გულის გული, ჟამის ჟამი.
და იცვლება კედლის ფოტო
ჩემი შვილის შვილის შვილით...
აი, ჩემი პორტრეტი და
აი, ჩემი ჯილდო უფლის!

მე, შენ და ზღვა




ზღვას აფრიანი შვენის ნავები
ქალს - სიყვარულის ცხელი ალები,
კაცს - ერთგულებით სავსე თვალები,
პაემანს - მზე და ზოგჯერ - ქარები.
მე შენი გულის ვიცი წამლები,
მე ტაძარივით დაგეწამლები,
მე ავასრულე შენი სურვილები,
ვიცი, ვიცი, რომ გესურვილები.
ჰოდა, შემომხვიე ძლიერი მკლავები,
გადამიყარე ყველა დარდები,
ზღაპრად მიამბე ტკბილი ამბები,
ცისკენ ავუშვათ თეთრი აფრები,
ცა და აფრები, ზღვა და ნავები.
ერთგული თვალები,
ერთგული თვალები...


შემოფეთება




გოგოვ, სამჯერ შემეფეთე, ჩემთვისა თუ
შენთვისაო?
სამჯერ თვალი ჩაგიკარი, შენთვისა და
ჩემთვისაო,
სამი დარდი გამიჩინე, შენთვისა და
ჩემთვისაო,
სიზმრად უთვალავი გკოცნე, შენთვისა და
ჩემთვისაო,
გენაცვალე, გოგოვ, შენა, შენთვისა და
ჩემთვისაო,
ტყის პირს ია დაგიკრიფე, შენთვისა და
ჩემთვისაო,
ლექსიც ბევრი დაგიწერე, შენთვისა და
ჩემთვისაო,
ანგელოზებს ლოცვა ვთხოვე,შენთვისა და
ჩემთვისაო,
უფალს კიდე, სიყვარული, შენთვისა და
ჩემთვისაო,
ამ საღამოს მოგიტაცებ, ჩემთვისა და
შენთვისაოოო.

პაპას გოგო




ბედნიერი ვარ, გზას დავადექი
კახეთს მივდივარ, მიმაქვს ხელადა,
ბედნიერი ვარ, ზე - ბედნიერი
ჯიში კახური დამყვა ბედადა.
ჯერ მამულეთში დავკოცნი ეზოს
მამის საფლავზე ვილოცებ გულით,
მან შემყვარა ეს სილამაზე
ჩემი სამოთხე და სიხარული.
იებისთვეში კეკლუცობს ია
ქალწულის ტანით მეხვევა, როგორ,
ცელქი ფიქრები შემომისია
აქ რომ დარბოდა პატარა გოგო.
პაპას გოგოო... მიცნობდა ყველა
ბებოს გამომცხვარ ნაზუქებს ვნატრობ,
დედულეთს ხვალვე დავესტუმრები...
წინაპრებს, მამას, ბავშვობას ვდარდობ.
დარდს გადამიყრის ეს გაზაფხული
დაველოდები მაისის დარებს,
მეფეთმეფეო, ჩემო კახეთო,
მე ჩავეწნები შენამდე ქარებს.
* * *
და სიყვარულის დავცლი ხელადას.

სიყვარულს ვარიგებ




მსურს სიყვარული ბადაგად ჩამოგისხათ,
მინდა გიმასპინძლოთ, სასმისი მოგართვათ.

გულის გულებში გული გაგიხაროთ,
ჩემი ერთგულება ხონჩით მოგართვათ.

თქვენ გაგიმარჯოთ, ბიჭებო, გოგოებო,
ეს რქაწითელიც უნდა მოგართვათ.

მზის კალათაში გრძნობები მოგიგროვოთ,
სხივები გიწილადოთ, სითბო მოგართავათ.

მხურვალე ლოცვით გზები დაგილოცოთ,
ღმერთმა ხომ იცის, რარიგ მიყვარხართ.

გფარავდეთ ყველას მფარველი ანგელოზი,
სადა ხართ, მეგობრებო, სადა ხართ...

ეხლავე სიყვარულს დაგირიგებთ,
სიყვარული მინდა მოგართვათ...

გიორგობა დღესაო




რა იყო მაინც
დილა სისხამზე,
როგორ წამოვფრინდი,
ჯერაც მეძინა,
ანგელოზის თმა მეფინა
თავსასთუმალზე.
კაკუნმა გამაღვიძა
და დავინახე ცა,
რწევა - რწევით,
რუხცისფერთეთრად
განისლისფერდა.
განისლისფერდა
დღესასწაულზე,
ჰო, გიორგობას,
გიორგობის
დღე - სასწაულზე.
მზე ამოდიოდა
თბილისის ცაზე,
ჩიტებიც აჭიკჭიკდნენ
მეზობლის აივანზე,
ქალაქი იღვიძებდა
საათის რვაზე.
რა იყო მაინც
ის კაკუნი ,
დილა სისხამზე?
წმინდა გიორგიმ
მომიკაკუნა
ფანჯრის იქიდან,
ფანჯრის მინაზე.

როცა აყვავდა ნუში




ბედის სასწორმა
მაშინ შეგვახვედრა,
როცა ყვავილობდა
ნუში.
ვიცი, გედარდები
ვიცი, გეფიქრები
ვიცი, გემზევები
გულში.
დარდი ძნებად
ვკინძე,
სევდაც ბევრი
ვკრიფე,
უჩვენოდ აყვავდა
ნუში.
მაინც მედარდები,
მაინც მეფიქრები,
მაინც მიზიხარ
სულში.
ეს რა ყოფილა
ბედის სასწორი,
თმები გაიწეწა
შურით,
გულგათანგული
ნუშის ყვავილები,
წარსულს
ჩავაბარე გუშინ.
ხვალიდან იმ ბაღში
ვიხეტიალებ,
მაშინ რომ
ყვავილობდა,
ნუში.

მარტმა რარიგ გამაგიჟა




შხაპუნა წვიმაში მარტად გადავიქეც,
წვეთები  ონავრობდნენ
ღამის  სახურავზე,
როცა  ცხელი  კოცნით  დამაძინე
წვიმამ გვიმასპინძლა  გაზაფხულზე.
წვიმამ - წვიმა, კოცნამ - კოცნა,
ცეკვამ - ცეკვა, ბედმა - ბედი,
მარტმა - მარტი, გულმა - გული,
სიყვარულმა - სიყვარული...
უფრო სწორედ, სიყვარულზე.
ხოხო, ხოხოოოოოოო...
მარტმა  რარიგ  გამაგიჟა
ამ  წვიმიან  გაზაფხულზე?!

იმერული ვარდი 

(ხუმრობით ქმარს)



მე მახსენდება
ქუთაისი და
სასტუმროს წინ
ლამაზი ბაღი.
მე მახსენდება
ბაღის კიდე,
საიმერეთოს
ამაყი ვარდი.
ვარდი უეკლო
მაჩუქე, მაგრამ
"რაფერ გეიქეცი,
რაფერ გავარდი.
შეგრცხვა, ბუჯოო,
მართლა შენ იყავი
თუ შენი ლანდი?"
რა მოხდა მერე
თუ წაგასწარი,
რად უნდოდა
მოპარულ ვარდს
ამდენი დარდი.
მთავარი ხომ
ჩვენ ვიყავით,
მეც კარგი და
შენც - კარგი.
დღესაც ღიმილით
მახსენდებით
შენ და ის ვარდი.
***
"ტიტუუუ, ვარდი..."

ქალი, ღმერთი და სიყვარული



ეხეთქებოდა სიყვარულის ზვირთები ნაპირს,
ტალღებზე იწვა ვნებიანი ლურჯი სონეტი.

გული  დამირჩა ცივ  ღამეში მარტო, ეული,
აღარსად  ჩანდა  მებადური  გზააბნეული.
                                             
გადაიარა გულზე ცხოვრებამ თმაგაწეწილმა,
გავებუტე  და  გავიქეცი  გულამღვრეული...

სხვისი მიზეზით, ხელისგულში მეჭირა გული,
აქეთ - იქიდან, ტკივილისგან  გადაღალული.

ვერა, ვერ მოვირგე მარტოობის ახალი კაბა,  
ძველ მოგონებებს გავატანე  ჩემი სხეული.

ვნების  წამებად  დამეკაწრა  მერე  ტუჩები,
რა  სიჩუმეა, სადღაც  გაქრა ძველი  სონეტი.
მე გადავფურცლე გარდასული დღეების წიგნი,
მეტი აღარ მსურს წავიკითხო,აღარ მსურს მეტი.

დედამიწაზე დედოფალი სიყვარულია, ისევ
მობრძანდა  ჩემს  უბეში  გრძნობის  ასული.

ღმერთო, მადლობა  სიყვარულისთვის. შენ,
შენ გეკუთვნის ეს მხურვალე აპლოდისმენტი.


გადატეხილი ფიქრი




საწუთრომ ჩემმან
ერთგულების
ჩამაცვა წინდა.
ვფიქრობდი,
გრძნობა წმინდა იყო,
წმინდათა - წმინდა...
დღეს აღარ ვიცი, აღარ
გული დათხლიშა სეტყვამ,
ფასი დაკარგა სიტყვამ,
ფიქრის ფიქრია ისევ
გადატეხილი ფიქრად.
თანდათან გაცვდა წინდა,
თანდათან ცივა როგორ,
მე კი ისევ ის გრძნობა,
ის სიყვარული მინდა.
ღმერთო, რა ტრფობა იყო
ღმერთო, რა ჟამი იდგა,
წმინდათა - წმინდა,
წმინდათა - წმინდა,
გაცვდა - წინდა...

ბრუნავს დრო




თოვლი თოვს,
წვიმა წვიმს,
ქარი ქრის,
ცოლი ქმრის
მოლოდინით
თრთის,
ქმარს გააჩნია.
გააჩნია - ცოლს
სარეცელს ორს,
ო, როგორ
ბრუნავს დრო,
სიცოცხლის
დრო.
თოვლი თოვს,
წვიმა წვიმს,
ქარი ქრის,
ქმარიც თრთის,
გულში რომ
ისევ ცრის?!
ნუ გეშინია,
ხვალიდან
გაივლის...
ნელ - ნელა
მშვიდდება დრო,
ვხედავ, ჰო.

დაკარგული სამოთხე




სამოთხე დავკარგე,
ჩემი სამოთხე,
არ ვიცი, რატომ
ვინ მეტყვის რამეს.
გაყიდა, ალბათ,
მეფემ, მოღალატემ
ატირებული
დამტოვა კბოდეს.
უფალო, დამარიგე
საით გავწიო,
საით მოვძებნო,
რომელსა მხარეს.
ვაიმე, ღმერთო,
ეს რა დამემართა,
ჩემი თილისმა
როგორ დავკარგე...
ქართული სამოთხე
გულიდან ამომგლიჯეს,
ღვთისმშობლის
წილხვედრი მიწა
დამიკარგეს...
ჰოდა, მეც ვეძებ
დაკარგულ სამოთხეს,
არავის გინახავთ?
მითხარით რამე...
*
ურცხვად შლის ხელებს,
მეფე - მოღალატე...

შენგან გავაჩენ გოგოს და ბიჭს




მე შენგან მინდა
გავაჩინო
გოგო და ბიჭი,
ესეც  ნიჭია,
საყვარელო,
ლამაზი ნიჭი.
მე შენ გეწვევი
სასახლეში ამის
სათქმელად,
მე შენ გაგიმხელ
ახალ  ამბავს,
ახალი კოცნით.
მე შ ენ  გაჩუქებ
სიყვარულის
ახალ  ამბორს
ახალი ლოცვით.
მერე  ოთხივე
ვისეირნებთ
სასახლის  ბაღში,
ვიცი, მომიწყვეტ
ღვინისფერ
ვარდებს  და
სიყვარულით
დამაბნევ  თმაში.
რაღა თქმა უნდა,
შენგან  გავაჩენ,
შენგან  მინდა
გოგოც და ბიჭიც.
საოცრებაა
საყვარელო,
ფიქრების ნიჭი!


ერთი ზღაპრისა




როგორი უკარება მეგონე,
როგორი ცივი და გულქვა.
მერე, დავალაგეთ ზღაპარი,
ორივემ
ჭირზეც და ლხინზეც ითქვა.
მერე,
კარებთან ვარდები დამიფინე,
კარი მოვიხურეთ, ნელა,
რამდენი კოცნა მაჩუქე,
რამდენი - "ჩემო ყველა".
სიზმრად მეგონა თავი,
მესმოდა შენი სუნთქვა.
შეგცივდებაო? - არა!
ამაზე გვქონდა დავა,
ჩემთან იყავი შენ
და
შემცივდებოდა, განა?!

წუხელ მე შენი სიყვარული ვიმშობიარე




შემომაღამდა...
რა იყო მაინც,
რამდენი ვიარე,
შენზე ფიქრებში
ცხრა მთა, ცხრა ზღვა
გადავიარე,
მეტეხის გალავანთან
ჩავიმუხლე,
ფიქრები დამებნა
მტკვართან,პაემანზე.
მერე ღამის ვნებამ
ამიტანა, ღამეს
თვალი - თვალში
გავუყარე,
ნაღამურ ფიქრებს
თავი მოვუყარე,
მივხვდი, როგორი
სიგიჟით შეგიყვარე.
ღამე მიცურავდა
თბილისის თავზე,
ისიც დარდობდა
შავთვალა ქალზე.
შემომაღამდა...
რამდენი ვიარე,
წუხელ მე შენი
სიყვარული
ვიმშობიარე.

მე და ანგელოზი




შენთვის მინდოდა სიზმარიც, ცხადიც
უნიჩბო ნავით მივენდე ბედს,
ბედი კი უნაპირო დამიწერე
ნაპირზე, ღალატზე, მე დავწერ ლექსს.
არ ვიცი როდის, არ ვიცი - როგორ
მე დავწერ შენზე, ჩემზე , ღალატზე,
უნდა დავანთო ლექსის კოცონი
ღამის ბუხარში ცხელ ნაკვერჩხალზე.
ჩამოქცეულა ცაზე ტკივილი
ტკივილის ცეცხლი ტკაცუნობს როგორ
მაჯას მისინჯავს მე ანგელოზი,
უნიჩბო ნავში ჩვენ დავრჩით მხოლოდ
მე და ანგელოზი, მე და ანგელოზი,
მფარველი ჩემი, მლოცველი ჩემზე...
მიყვარდი ისეე, მიყვარდი - როგორ
სიზმარშიც, ცხადშიც, ბედისა ნავშიც.
შენ კი მიღალატე, ფერი იცვალე
იმ უმზეო დღეს, გზაგასაყარზე.
მაჯას მისინჯავს მე ანგელოზი,
ჩემი ანგელოზი, ჩემი ანგელოზი!

ნამდვილი ამბავი




ისეთი ჭიკჭიკა ცოლი გყავს
ისეთი კოხტა ქალი,
თვალებით შველისფერი
ბაგით კი მარწყვის დარი.
ტუჩებთან მარცხნივ,
ზემოთ,
მართლა შავ-შავი ხალით.
მართლა ცეცხლივით
გოგო,
მართლა ალივით
ქალი.
იაგუნდია დასტურ
ძვირფასი ბროლი,
ლალი,
ბედნიერი ხარ,
შე კაცო,
სადღა გაგირბის
თვალი...

მოლოდინი




უშენოდ საღამო
უშნოდ ზოზინობს,
ლოდინის ღამე
ფიქრებად მაკრთობს.
აივნის კუთხეში
მერცხლებმაც
მიიბუდეს,
გული უშენობას
დარდობს.
შენ ხომ დამპირდი,
დამპირდი ფრენას,
ცამდე სიყვარულს,
ცამდე აფრენას...
ჰოდა, მეც გნატრობ,
გნატრობ,
გნატრობ...

აღმართები




გზაზე შემხვდა ერთი
გოგო
სიფრიფანა ქალა,
ორივ თვალი უყვარს
შენი
ორი გული - არა.
ორი სიტყვა მაინც
უთხარ
შეყვარებულ ქალას.
შენზედ ფიქრობს,
შენთვის ტირის,
ცრემლი წვიმად მოდის,
აირბინე აღმართები
დაედევნე ქალას,
ნიავქარად გადაიქეც,
დროზე, თორემ წავა.
გადანასკვე ბიჭავ, ბედი,
რად ატირებ ქალას.
ორივ თვალი გაახილე,
ჩქარა, ჩქარა, ჩქარა.
გზაზე შემხვდა ერთი
გოგო,
სიფრიფანა ქალა.

ბედი



სიყვარულმა
ასე იცის
თუკი მოგკრავს
თვალს,
მერე ბედის
ვარსკვლავი,
ეხეთქება ცას,
მერე უცებ შენ,
მერე უცებ - მას.
ცამ სარკმელი
გამოაღო,
დრომ ახედა ცას,
ბედმა ისევ
ჩაიცინა,
რას გაუგებ
სიყვარულსო,
რას?!

გამათბე მზეო




დღეს - ხვალ,
ხვალ - ზეგ...
მოდი მზეო,
დასახლდი ჩემში,
ვიაროთ ერთად
გამათბე ისევ.
ოჰ, ჩემო დღეო,
სადა ხარ მზეო,
მოდიხარ?
იცოდე - დღეს
და არა ხვალ.
გამათბობ მზეო?
მოდი მზეო,
გავგიჟდი, მზეო...
დღეს - ხვალ,
ხვალ - ზეგ.
როდემდე, მზეო
მცივა მზეო,
კარგი, რა
დღესვე მზეო.
მოხვალ მზეო?
მოდი, რა...


ახალი მარტოობა




როგორ მოვიწყინე გუშინ,
როგორ შემოღამდა მზეცა.

აღარ დამიკოცნე უბე,
აღარ დაგედევნე მეცა.

ვეღარ ავუყევი აღმართს,
ბედმა დაღმართებად მკეცა.

ისევ გამიცისფრდა ცრემლი,
ისევ ჩამოვარდა ზეცა.

მახსოვს - გაპატიე მაშინ,
მახსოვს - დამიფიცე შენცა.

როგორ გამიმეტე, როგორ,
ღამეც დამიგლიჯე, დღეცა.

ვერა გავიგე რა შენი,
ვერა გაიგო რა ზეცამ.

მაინც გამიავდრე გული,
მაინც მომიღრუბლე მე ცა.

წავალ...გაგშორდები სადმე,
წავალ...ავტირდები დღესაც.

აღარ გიწილადებ პერანგს,
აღარ გავაშიშვლებ ზეცას.

როგორ დავიღალე გუშინ,
ეს რა დარდისფერი მეცა...


გულის ჭინკა



რა ვქნა, რა გინდა,
რა გითხრა...
როგორ ჩაიარა დღემ?
როგორც გამთანგე,
ისე ჩაიარა.
როგორ ჩაიარა ღამემ?
როგორღაც ჩაიარა...
იმ წყვდიადში
აღარც გინატრე,
ტკივილმა ისე
დამიარა...
დილამ რაღა ქნა?
რას იზამდა,
დილის ჭინკამ
გულის წნულში
გამიარა...
მზე, მზე სად იყო?
მზესთან რაღა გინდა,
მზემ თავი გააქნია და
უხალისოდ გაიარა.
მერე შენც ჩაიარე,
ჰო, ჩაიარე...
ჭინკებთან ერთად
მიდიოდი,
დასაკარგავად
თუ დასაკარგავში...
რა ვქნა, რა გინდა,
რა გითხრა,
შენ ხომ ჭინკებთან
ერთად ჩაიარე?!
ჩაიარე...

ორი გიჟი




ვიღაცამ  მითხრა,
გიჟური  სიყვარული
მალე  გადისო.
დამიწყეს მერე
ვაი ჭკუისაგან,
– არ დაიჯერო,
ასე  კი არა,
ისე არისოოო...
აბა, თქვენა ხართ,
მე ისე მომწონს,
ეს გიჟობა,
ისე  ვხალისოობ...
გიჟური სიყვარული
თუ  გაივლის,
მე ნაღადად არ ვიქნები,
არც – ისოოო...
ზარების რეკვაა
გულების საგიჟეთში,
ჰოდა, ორივე "გიჟი"
ხარხარით დადისო...
არა, არ გაივლის
"გიჟების"  სიყვარული,
არც გულის,
არცა თვალისოოო.
გიჟობა  ორშია  ისეთი
გამაგიჟებელი,
მიყვარს ეს სიგიჟე,
მიყვარს და ვხალისობ...


ჩიტბატონა




შემომხედე  ჩემო  კარგო,
ჩემო ფიქრო,
ჩემო დარდო.
სიხარულად  ჩამეხუტე
გულის გულო,
ხატის  ხატო.
სიყვარულის  აგვისტოა
მიყვარხარ და
არ მადარდო.
შენი უბის  ჩიტბატონად
გადავიქეც
ჩემო  კარგო.
დილა– ღამე ცისქვეშეთში
რომ მატარო,
რომ მატარო...
ჩამიხუტე, ჩაგიხუტებ
შენი ვარო,
შენი ვარო...
ვაი, როგორ  მენატრები,
როგორ ვჩქარობ,
როგორ ვჩქარობ.


ღმერთო, ჩემო მეგობარო





ვინც  მიყვარს
და  მენატრება,
მხოლოდ ერთმა
ღმერთმა  იცის.
იცის, იცის...
შემოდგომას
ჯვარს დავიწერთ,
დღესვე ვეტყვი,
თუმცა, იცის ...
ფერად ქორწილს
გადავიხდი
მაყრიონით,
ესეც იცის...
ცამდე  ფერხულს
რომ ჩავაბამთ,
რა  თქმა  უნდა,
ესეც იცის.
ღმერთო,
ჩემო მეგობარო,
როგორ მიყვარს,
შენც ხომ იცი?
ქორწილის  დღე
დამინიშნე,
შენ ხომ ყველაფერი
იცი,
      იცი,
              იცი...

ღიღილო თვალები




როგორ აცეკვდნენ
დილიდანვე
ცის  მინანქარზე
ცისფერი ფთილები.
თქარათქურობენ
ნატვრის  პერანგზე,
ალერსით აწყვეტილი
მაცდური  ღილები.
შენი  თვალები,
ჩემი  თვალები,
მეწამულები,
გადაწნულები.
შენი  ვნებები,
ჩემი  ვნებები,
ჩვენი ხელები,
მოგონებები...
ღიღილო  თვალები,
ღიღილო  თვალები,
ზღაპრები,          
             ზღაპრები...


ხუტებაქალო




დარაი  ჩემო  ხუტებაქალო,
რას გადარო, ვის  გადარო.
საჩემჭკუოდ გიპოვე  და
საჩემჭკუოდ  მიყვარხარო.
არაფერიც  არ  გამქრალა,
გოგოვ,  ქარო, როგორ ხარო?
საშენჭკუოდ  ჩაგეკვრები,
საშენჭკუოდ  შენი  ვარო.
შენი ვარსკვლავთმრიცხველი ვარ,
სულის  ჰანგო, გულის  ქნარო.
მზის  სასახლეს დაგახვედრებ,
მინდა  სხივებს  დაგადარო.
დაგიკოცნო  ეგ  თვალები,
სიყვარულით  გაგახარო...
იფურცლება  ვნების  კვირა,
დარაი  ქალო, მოვდივარო...
საჩვენჭკუოდ  გადამრიე,
საჩვენჭკუოდ  მიყვარხარო.


სად ხარ...




გულში  ხომ  მყავხარ,
სულში –
თავისთავად.
სახლშიც მინდა მყავდე
ბედის იავნანად.
თვალიც  გელოდება,
თვალშიც  ხომ  მყავხარ.
სად ხარ?..

აქედანა და შენამდე




ნეტამც კი გულის ფარვანავ
ჩემკენაც  ჩამაივლიდე,
მეტყოდე მონატრებისას,
მეც  ალერსისას გეტყოდე.
ნეტამც, რა ტკბილად გიმღერებ
 "აქედანა  და  შენამდე ,"
თვალებად გადავიქცევი,
ცეცხლი მედება ყელამდე.
ნეტამც, გულდამიყუჩებდე,
ნეტამც, ამ ტკივილს  ხედავდე,
გამოჰყევ, ეგე, ფარვანას
უცბად  მოგიყვანს  ჩემამდე.
ცრემლები მტკივა ძუძუსთან,
ძუძუსთან მტკივა, ცრემლამდე...


ბალადა სექტემბერში




ვერა, ვერ  შეძელი
მეწამულში  ჩემი  დაძინება,
შენმა  თვალებმა  კაენივით
გაკვესა  ცეცხლი  ნება – ნება.
ბალიშზე ცრემლის
ციმციმებს  წვეთი...
რა  გსურდა  განა,
სისხლი, ვნება  თუ  სულთათანა?
განზრახვამ  შენმა
ჩამისახლა  მწუხრი  და  კვნესა.
კარგი, გპირდები,
როგორც  კი  წახვალ
შევასრულებ  მე  ყველა  თხოვნას.
უპირველესად,
უარს  ვიტყვი  შენ სიყვარულზე,
როგორც  კი  წახვალ...
(და  ვინ  გვაძალებს  მეწამულში
ძილს  სისხლისფერად?)
ყვითელი შხამის შესმა აღარ მსურს,
მე  შენი  ნახვა აღარ მსურს მეტად.
შავი  ლეკვივით
წკმუტუნებს ღამე,
კაენმაც  ბოდვა შეწყვიტა  ბედად,
შენ სამოთხეში ვერ მიხვალ  კაენ,
დახურეს კარი, დაეშვა  ფარდა...
სიყვარულისთვის  დამსაჯე  განა?
აღარ  გატარებ  გულთან  და თანა.
თუკი  ასე  გსურს,
უარს ვამბობ  შენ სიყვარულზე
მაცდურო  კაენ,
აღარ  გინატრებ  და იმ  წუთიდან
ჩემ  ცხოვრებას  გავაფერადებ,
როგორც  კი წახავალ...
სიმღერა  შეწყდა ცივ  სასახლეში,
აღარ ვიმღერებ  მე  სულთათანას.
ჩამოუშლია  სექტემბერს  თმები,
ჩუმს  სულთათანა...


მთაწმინდის შაშვი




ჩემი  ნებით არ  დაგთმობდი,
ნება  მხოლოდ  შენი  იყო.
ღმერთო,  ეს  რა  ჩავიდინე,
რატომ დაგთმე საშენნებოდ.
წიგნს დავწერდი გულისფერადს,
შენზე,  ჩემზე,  საჩემნებოს.
ისევ  დამთმე... არა მკითხე,
საამქვეყნო, საიმქვეყნო...
პარკში  შაშვი  რომ  გალობდა
ესეც  შენი  ნებით, ალბათ.
სულის გავლით გულამდე კი,
დავიღალე, ღმერთო, მაგრად.
ვაჰ, დედამიწაც  მის  ნებაზე
მატრიალებს, მაგრამ – რაღად?
უშენობის  ნისლით  სავსე,
აბა, როგორ  ვიყო  კარგად.
არა, მთაწმინდაზე აღარ წავალ,
ნაღდად...


ამაღამ, ალბათ, გადავგიჟდები




ასე  მგონია  სულ  მესიზმრები...
სულის  სიმშვიდე  ვერ  მოვფინე
უშენო  ღამეს.
ფოტოზე  მაინც  გიყურო, ჩემო
ასე  შორებელს, ასე  ახლობელს.
ამაღამ, ალბათ  გადავგიჟდები,
როგორ  არ მინდა უშენო  ღამე,
მითხარი  რამე, მითხარი  რამე
უშენო  ღამე, უშენოდ  ღამე...


თავი ხომ არ ჩამოვიხრჩო




ჩაგიფიქრებ  შემოდგომის  პირას
ჩაგიფიქრებ, ამისრულდე, იქნებ,
ბოდბის  სანთელს  მეც  აგინთებ,
წმინდას,
მომიკითხავს შენგან, ალბათ, ვინმე.
ჩაგიფიქრებ ფიქრის ფიქრად ისევ
ჩაგიფიქრებ, ამისრულდე, იქნებ,
მოლოდინით  მოქანცულა  სევდა,
მონატრება ხელებს როგორ მიქნევს.
ჩაგიფიქრებ, მზე  ამოვა  ვიდრე
ჩაგიფიქრებ, ამისრულდე, იქნებ,
ფიქრისფერი მაწანწალა  გავხდი,
ამ ცხოვრების ვეღარაფერს  ვიგებ.
ჩაგიფიქრებ  შემოდგომის  პირას
სადმე  მაინც  ამისრულდე, იქნებ,
თავი ხომ  არ  ჩამოვიხრჩო, ნეტავ
რა  ვქნა, რაღა  გავაკეთო  კიდევ...


ცხელი დილა




ფერებმა ფერების ფერებით გადამრია,
ჩვენი  ფერებით  აღელდა  მკერდი.
შენ  ცისარტყელის  დამკიდე  მძივი,
ფერებ – ფერებით  მკოცნიდა  ბედი.
ო, ცისარტყელას  ფერებო  ჩემო,
ნეტავ, რა  უნდა  მიმარჩიელო.
ცხელი  ალერსით  გათენდა  უკვე,
ფერების  დილავ, გულო და სულო.
მე  მოვიწამლე  შენი  ფერებით,
დაგედევნები  ტკბილი  ვნებებით.
გრძნობის  პალიტრად  იქცა  ფერები,
დახატულები, მოხატულები...
მე  შემთბარი  ვარ  შენი ფერებით
და  მიჯნურობას  ვეღარ  ველევი.
ფერების  ფერებმა  ისე  ამრია,
მომწონს კიდევაც ეს  რია – რია.


გიტოვებ პერანგს




ისე უეცრად  მეტკინე  სულო
გაგეცალე  და  წავედი  ველობს,
ღალატისაგან  ბალახს  გავერთხე,
წავხეტიალდი გრძნობების ბოლოს.
გველის პერანგი გამხადეს წუხელ,
ხორცთან გაყრას კი
ნუ მომთხოვ სულო...


ასტრების ბაღი




როგორ გიხდება
ეს შემოდგომა,
როგორ უხდები
ლილისფერ კაბებს,
გიტოვებ ამბორს
ვიდრე შენი ვარ,
ვიდრე ამ გულში
უკრავენ ქნარებს.
გიტოვებ ძარღვებს,
რომელშიც შენ ხარ,
გიტოვებ ბაგეს
მე რომ დამდაგეს.
გიტოვებ თვალებს
ორივეს, შავებს,
გიტოვებ სუნთქვას
შენით რომ სუნთქავს.
მე შენ გიტოვებ
ასტრების ბაღებს,
მე სიყვარულით
გაგიღებ კარებს.
ნუ მომკლავ, ვიდრე
ყვავის ასტრები,
გენაცვალები.
გენაცვალები...
გენაცვალები...


სიზმარი, რომელიც აფრენს

(ვუძღვნი მეგობრის ცარიელ  გულს...)



     
             
მარტოკაცის  გული
ასო – ასო  აქნეს,
სიტყვა  მაინც  ეთქვა,
ჩემი  ცოდვით სავსეს.
ვერ  გაუთბა, ვერა
ცარიელი  გული...
მერამდენე  დღეა
ვტირი  დაღალული.
როგორ  ვერ შევძელი,
როგორ  ვერ გავათბე
მეგობარი  ჩემი...
ვაი, დედა, რა  ქნეს,
მარტოკაცის  გული
ცოდვილებმა  აქნეს...
*
ხო, სიზმარიც  აფრენს.


დაიცადე გულო




ყვავი  არა  ვარ, არა  ვარ  ყვავი
ვიცოცხლებ, რამდენს...
გაჩნდა უბრალოდ (უბრალოდ?!)
ამ  ქვეყნად  ქალი,
გულო  არ  გაქრე, დაიცდი  ამდენს?
მოდი ახლავე  ვუთხრათ  მეგობარს
სანამ  ჯერ  კიდევ  დრო  არის  ამის:
გგონია  ამ  გულს  არა  აქვს  თვალი,
ეს ისეთი მყავს, ყველაფერს  ხედავს.
დარდი  მასწავლეო –  აიჩემა,
რად  უნდა, ნეტავ...
ტირილი  ვასწავლე, ტირის  ხოლმე,
ვხედავ...
როცა  გელოდება, დაციმციმებს  და
ღელავს...
სიცილიც მე ვასწავლე, შენზე ფიქრი,
ლოდინი  შენი...
ყველაფერი  ვასწავლე  ბედად.
რას  გეტყვი  იცი, მეგობარო,
ყველაზე  მეტად  მე და ჩემს გულს
სიცოცხლე  გვიყვარს,
ოღონდ, "ეს" ჩემზე  ძლიერია,
მოკვდება – იცის!
ჰოდა, ახედე  ცას, ყვავი  არა  ვარ,
ვიცოცხლებ, რამდენს...

.......გული დაიცდის ამდენს?!


მესაათე




საოცარია  მარტოობა,
როცა გესმის როგორ წიკწიკებს
საათი  კედლის.
იმასაც  ხედავ, დრო, რომელიც
ასე  გიყვარს,
ვერაფერს  შეცვლის.
და იმიტომაც  მარტოობ მარტო,
ტყვე  ხარ  წამების...
მარტოობ,
რადგან  აღარ  გსურს  ზიდვა
წარსული  ტვირთის.
და  აღარ  გჯერა  მესაათის
ცამეტი  წამის,
წამებმა  წუხელ  მარტოსულად
ათენეს  ლამის.
მერე  ვერაგი  მესაათე  მივიდა
ჩუმად  და  გააჩერა  საათი
ქალის.
...ოდესღაც, ღამით  ფეთქვდა
მთვარე,
ოდესღაც,  ღამით  წიკწიკებდა
საათი  მთვარის...


გზააბნეული  კაცის  სიყვარულზე




(მეგობრის  ნაამბობი)
                  *
ჰო, ყველაფერი  ასე  იყო, ასე:
არ მიყვარდა მე, ვუყვარდი მას,
არ ვჩქარობდი მე, ჩქარობდა ის,
წადი, რას აკეთებ-მეთქი, რას?
ვერა, ვერ  გადავწყვიტე  მე,
გადაწყვიტა  მან, რა ვიცი – რად.
ვუყვარდი  მას, ანთებულ  ქალს
არ მიყვარდა მე, მივეძალე სმას,
ო, რა თვალებით  მეძებდა  სულ
მპოულობდა, მაბრუნებდა, სად
მაძლევდა  სიყვარულის  ძალს,
მე კი... არ ვგავდი საკუთარ თავს,
ყოველდღე  ვლანძღავდი  მას,
აქ  რას  აკეთებ-თქო, რას?!
იმოდენა  სარკე   დავულეწე,
მხოლოდ  თავს  აქნევდა,
მიღიმოდა  მაინც...  ვააა...
ყველაფერს  მპატიობდა  ის,
არაფერს  ვპატიობდი  მას,
გრძნობდა, ვღალატობდი  მე
არც  მაშინ  იღებდა  ხმას.
ტიროდა ფანჯარასთან  ჩუმად,
აჰყურებდა  ყოველ  ღამე  ცას.
მერე  ისეთი  თოვლი  მოვიდა
სხვასთან  გავიზამთრე, რად?
ჯიბრზე  ვეფერებოდი  სხვას,
სასმელს  ვატანდი  დარდს...
ჰო, ასე  იყო  ყველაფერი  ასე,
არ  მიყვარდა მე და ვუყვარდი
მას..............................................
სად  მქონდა  ჭკუა  ამხელა  კაცს?
მარტომგზავრივით  ვაწყდები გზას,
ვეღარ  ვპოულობ  საყვარელ  ქალს,
დავუკოცნიდი  მტირალა  თვალს.
ის  ის  ქალია, მე  რომ  მიყვარს,
მას  კი... აღარ  ვუყვარვარ  მას...
გამყევი  კარში  ჭია-ჭიამაია,
გახედე  მთას, მაპოვნინებ მას?
იცოდე, დღესვე მოვიკლავ  თავს!
ზეპირად  გეტყვი  რასაც  მეტყვი,
მიდი  და  თავი  ახალეო  ქვას...
ამიტომაც  აღარ  ვიღებ  ხმას...
ხედავ, როგორ  მენატრება  ის?
ხედავ, როგორ  ვერ  ვივიწყებ მე?
ღმერთო, როგორ  გავაგიჟე – ის,
ღმერთო, როგორ გავახურე – მე.
ჰო, ასე  იყო  ყველაფერი, ასე...
ასე  არის, ყველაფერი,  დღეს.
წავალ ისევ, ვესტუმრები ღმერთს.


აწვიმდა ქუთაისს...




აწვიმდა ქუთაისს ჩემი სტუმრობისას
ოქტომბრის  წვიმა, როგორ  აწვიმდა.
წვიმაც კი სხვანირი იცის, რაღაცნაირი
უფრო  სწორედ  კი – რაცხანაირი...
აქანა, ხან  წვიმაა  და  ხან  დარიაო
აპა, რაფერ  გინდა, დაიაო,
თვითონ  ქუთეისიაო  ამფერნაირი,
ხომ  ხედავ,  რავარი  კაიაო?..
სტუმარიც  გვიყვარსო  ყველანაირი,
მეიჩოჩეო  აქეთ... რავა,
თბილისში  არ  წვიმს, სულ  დარიაო?
ახლა შენ  გაგიმარჯოს  ჩვენო  დაიაო,
მოქუთათურება  კაი  გცოდნიაო,
მზესაც  ქე  გაგატანთ,  რაიაო...
წამოვედი  და... მართლა  საოცრება,
საცხა  გადამალეს  წვიმა და ქარიაო,
სითბო  გამაყოლეს  კიდევ  იმნაირი
მხოლოდ  ქართველბმა  რომ  ვიცით,
აი,  ჩვენნაირი,  იმფერნაირი...
არაფერი  ვიცი  სხვა  ამნაირი,
არაფერი  მინახავს  ჩემი
საქართველოსნაირი...


დაღლილი გულის კარდიოგრამა




იქნებ, ოდესმე, გაპატიოთ
გულის  წანწალი,
დაღლილი გული,
სველი  დარდი,
ფიქრი –  წაწალი.
თქვენ  ხომ  ამ  გულში
ცხოვრობდით  ადრე,
გუშინ, გუშინწინ?
მორჩა  ალერსი...
თვალებში  შუქი...
შეღამდა  გული...
რიბირაბო აჭრიალდა
ცივი  ფანჯრის  წინ.
ცა  შეტორტმანდა,
თენდება  მგონი,
ყივის  მამალი...
სიზმრების  კვირას
უსიტყვოდ, უხმოდ
გულგაძარცული
ატირდა  ქალი...
გადაარჩინეთ,
გადაუღეთ
კარდიოგრამა...
––––––––––––––
გააჩერეთ
მისი  დარდი, მისი
წანწალი...


სადღაც იქ




წამიყვანეთ  აქედან, წამიყვანეთ  შორს,
თქვენთან  ყოფნის  სურვილი
მაკარგვინებს  გონს.
წამიყვანეთ  აქედან,  წამიყვანეთ  შორს,
მცხუნვარე  მზე  ვნებისფრად
ჩაგვეხვევა  ორს.
წამიყვანეთ აქედან,  წამიყვანეთ  შორს,
და  მაძინეთ  მონატრებულ  მკლავებში,
გესტუმრებით – როს.
წამიყვანეთ  ნარინჯისფერ  სიზმრებში,
აი, ეტლი  ორი  ცხენით,  ნუღარ  კარგავთ
დროს.
წამიყვანეთ,  წამიყვანეთ  შორს...


გამოიხედე, ჰო, მე ვარ




გგონია შორს ვარ?–ახლოს  ვარ,
ცაში  გგონივარ? – აქა  ვარ.
მე  მონატრების  ვნება  ვარ,
თუ  გეფიქრები, შენად  ვარ.
თუ  გეგულები, გულში  ვარ,
მზერა  დაგებნა... სადა  ხარ.
გამაგებინა  ღმერთმანი,
ასეთი  შორი  რადა  ხარ?
ვინ გითხრა აღარ  მიყვარხარ,
მიყვარხარ, ჩემო, მიყვარხარ.


იცი – ვიცი




გულოო,
ნუ  ეცდები  ჩემი  გულის  მოკვლას,
დრო  მოვა  და  ვიცი, თავად  მომკლავ,
შენ  არ  კურნავ  ყველა ტკივილს  ვიცი,
დარდსაც  რომ  არ  ვავიწყდები – ვიცი.
და  ერთხელაც  ყველაფერზე
პასუხს  აგებ,  იცი?.
იქამდე  კი  უნდა  მომცე  ფიცი
გულის  გულში  ჩამიხუტებ, ციმციმ
.     – უშენოდ  რომ  ვერ  ვიცოცხლებ, იცი?
– ვიცი,  ჩემო  ახტაჯანავ, ვიცი...


მეზღაპრე



- მის  გარეშე ვერა?
- მის  გარეშე  რისთვის,
  მის  გარეშე  ჩავქრი,
  ყველასთვის  და სხვისთვის.
- მართლა  ასე  გიყვარს,
  რისთვის, ნეტა, რისთვის,
- იცი,  როგორ  მიყვარს,
  მისთვის, გოგო, მისთვის.
- ასე  ნელა – ნელა
  ვისთვის  კვდები, ვისთვის?
- იყო  არა  იყო...
  ჩემი  მეზღაპრისთვის.
- ვააჰ, მის  გარეშე  ვერა?
- ვერა, გოგო, ვერა...
  მის  გარეშე, რისთვის?!


სველი ფანჯარა




ფიქრები  ფანჯრის აქედან
ფანჯრის  იქიდან  შენ,
ფარდები  გადაწეული,
გადმოწეული  მზე.
ლოდინი  ფანჯრის იქიდან
ფანჯრის  აქედან  მე,
ფიქრები მიმობნეული,
მირმორეული – შენ...
ფანჯარა  აცრემლებული
ჩემსავით, ჩემით, მე...
აწვიმდა  ფანჯრის  იქიდან
შენსავით, შენებრ, შენ...
დავრჩები ფანჯრის აქედან,
რადგან  ასე  გსურს  შენ,
გადავწევ ფარდას უმზეოს,
სველ  ფანჯარაზე – მე...
წვეთებს დავითვლი  შენამდე
შენს გამო, შენით, შენ...
ხვალამდე  გადავიწვიმებ,
შენთვის, შენა  და  მე...


ჩემი სიგიჟის ქალი




ავდარია  თუ  დარია
მე  შენთან  მომიხარია,
უშენოდ  გული  მიკვდება,
უშენოდ  სულში  ქარია.
წუხელ სიზმარში ჩაგიკარ
ვნებებმა  ამრი – დამრია,
სიზმარიც  მალე  ახდება,
ბრალია, შენი  ბრალია.
ჩემო  დარო  და ავდარო
საშენოდ  გამიხარია,
საშენო  კოცნა  ხელდება,
ჩაგკოცნი, გაგიხარიაა...
ჩაგიკრავ – ჩაგეხუტები
ჩემი  ხარ, ჩემი  ქალია,
უშენოდ  გადავბერდები,
დღემ  ღამე  უკვე  გალია.
სიხარული  ხარ  გულისა
ავდარია  თუ  დარია,
როგორც  კი  შემომენათე,
გაგიღე  გულის  კარია.
დაგათბობ გულის წნულებში
გიდარებ, დარიმ – დარია,
აგიმღერდები  ალერსად,
ბრალია, შენი  ბრალია...
ჩემია, ჩემი  ეს  გოგო
ჩემი  სიგიჟის  ქალია,
დიახაც, შენთვის  ვიღამებ
მოვდივარ, მომიხარია.
საშენო  კოცნა  ხელდება,
ჩაგკოცნი, გაგიხარიაა...


ტირილობა




გული  შემომწყრა  როგორ,
დრო  აღარ  არის  ორის,
დრო  დაიკარგა, როდის
ჩვენში  და  ჩვენ  ორს შორის.
სიყვარულს  დრო არ  უყვარს,
დრო  მსაჯულივით  მოდის,
ტირილობს  სიყვარული,
ჩვენში  და  ჩვენ  ორს  შორის.
ვეღარ  გისურვე  მეტად,
დარდი  მოვქსოვე  ორის,
სიტყვა, საბრალო  სიტყვა
ჩვენში  და  ჩვენ  ორს  შორის.
(რას  აკეთებ, ნუ  ზოზინობ,
რა  გამღერებს... რა  გჭირს?
რას  იცინი... ვის  უცინი?
მე  დამტირი, რატომ  ტირი?
ეს  რა  არის,  რა  სადილი,
თავს  მოგაჭრი, რა  გჭირს?.)
*
დარდი კი  ცრის  და  ცრის,
და  შენ  არა  ხარ  ის,
შენთან  არაფერი  ჭრის,
შენგან  ყველაფერი  მჭირს...
*
მე  ავად  გავხდი  როგორ,
დრო  აღარ  დაგვრჩა  ორის,
სიტყვა  გაგიჟდა  ლამის,
ჩვენში  და  ჩვენ  ორს  შორის.
დრონი  გასრულდა  მეფის,
უჩემობის  დრო  მოდის,
შენ  ვერც კი მიხვდი  როდის,
იყო  წვალება  ორის...
იყო  წამება  დრონისსსს,
ცამეტი  ტირილობის
დედაც  ვატირე  ომის,
ორ  ადამიანს  შორისსს!!!


ვისი  სული  გსურს



რა  მნიშვნელობა  აქვს,
რა  მნიშვნელობა  აქვს,
გარეთ  ყინვას  და  სუსხს,
როცა  სიყვარული  გსურს?
როცა  ეზამთრები  გულს,
როცა  გადაივლი  მთებს,
როცა  გადაცურავ ზღვებს,
როცა  ზღვების  ნისლი
სხეულს  აგიმღვრევს,
როცა  ვნების  კვირა
თავ – გზას  აგიბნევს...
რა  მნიშვნელობა  აქვს
ფიქრის  ფრთონას,
ქარის  ტკაცუნს,
ამინდს – ცუდს,
როცა გულს ამოხტომა სურს?
ღამის  არრა  სჭირს  გულს...
გათვალული  ღამეც  დუმს.
მხოლოდ  კაპოეტი  კივის,
ვისი  სული  გსუურსსსს?!


რად მეფიქრები



აი,  დეკემბერიც...ზამთრის  ფიქრები
სიზმრად  ხომ  მაინც  ჩემი  იქნები?
ცივი  ზამთარი  გულში  ბალახობს,
თვალთან  ჩამოდგა  ლურჯი  ნისლები.
სულში  მადნება  სველი  ფიფქები,
თუკი  ვიქნები, თუკი   ვიქნები...
მე  დავეკიდე  უშენო  უფსკრულს,
რად  მეფიქრები,  რად  მეფიქრები.
ჩემში  სევდაა  ზამთრის  ოდენა,
როგორ  მეგონა, როგორ  მეგონა,
გამიფიქრებდნენ  შენი  ფიქრები...

2 комментария: