უფასო ონლაინ-მეგზური საფრანგეთსა და პარიზში


 ვერსალი - საფრანგეთის მეფეების სასახლე

ვერსალის სასახლე პარიზის გარეუბანში მდებარე მდიდრული სასახლისა და პარკებისგან შემდგარი ანსამბლია. ეს არქიტექტურული ძეგლი ცნობილია თავისი ბაღებით, შადრევნებით, მდიდრული ინტერიერით და, რაც მთავარია, უჩვეულო ზომების წყალობით - ვერსალი ყველაზე დიდი სასახლეა ევროპაში და მასში ერთდროულად 20 ათასზე მეტი ადამიანი ეტევა. 1979 წელს ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც იუნესკომ მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ვერსალის სასახლე საფრანგეთის დიდების სიმბოლოდ გადაიქცა. დღეს კი მას პარიზში ჩასული უამრავი ტურისტი სტუმრობს. ის ყველას აოცებს თავისი მასშტაბებით და გულგრილს არავის ტოვებს.



ვერსალის სასახლის ისტორია ლუდოვიკო XIII-ის ბრძანებით იწყება. მან განკარგულება გასცა, რომ პარიზის გარეუბანში მომცრო სამონადირეო კოშკი აეგოთ. ამის შემდეგ მისმა მემკვიდრემ, ლუდოვიკო XIV-მ, ანუ "მეფე-მზემ", გრანდიოზული სასახლის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. გეგმის სისრულეში მოყვანა 1661 წელს დაიწყო. მუშაობა მომდევნო მეფის დროსაც გაგრძელდა, ოღონდ ნაკლებად აქტიურად. ლუდოვიკო XV-ის დროს დასრულდა სასახლე "პატარა ტრიანონი", ოპერა და ნეპტუნის აუზი.



უნდა ითქვას, რომ ინჟინრებს ძალზე ძნელი ამოცანა დაუსახეს, მაგრამ მათ საუცხოოდ გაართვეს თავი წყალგაყვანილობისა და წყლის მიწისქვეშა რეზერვუარების რთულ სისტემას და ასობით კილომეტრი სიგრძის მილები დღესაც გამართულად მუშაობს.


შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ვერსალის პარკში 1400 შადრევანია. ვნახოთ ზოგიერთი მათგანი.





სასახლისა და პარკების კომპლექსი ერთიანი კლასიკური სტილითაა შექმნილი. 1789 წლის რევოლუციამდე ვერსალის სასახლე ფრანგი მეფეების ოფიციალური რეზიდენცია იყო. მონარქიის დამხობის შემდეგ მისი დაცემის პერიოდი დაიწყო და ბევრი ფასეულობა აუქციონებზე გაიყიდა. აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ ნაპოლეონმა დაიწყო, როდესაც ძალაუფლება მის ხელში გადავიდა.



ვერსალის უზარმაზრი პარკი აკურატული ფრანგული ბაღებით უშუალოდ სასახლის მიღმა იწყება. მისთვის დამახასიათებელია იმ ეპოქაში პოპულარული სწორი გეომეტრიული ხაზები. ბევრი მცენარე მუზეუმის ისტორიული საარქივო დოკუმენტების მიხედვით აღადგინეს. აქვეა სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ტროპიკული ხეები და ყვავილები. ზამთარში ისინი სპეციალურ ორანჟერეებში გადააქვთ დაბალი ტემპერატურისგან დასაცავად.



ჩვენს დროში ვერსალის პარკი უდიდესია ევროპაში და საბაღე-საპარკო ხელოვნების შედევრია.



ვერსალის სასახლე იმ ტურისტული ადგილების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შემოვლა ერთ დღეში ძალზე ძნელია - მხოლოდ ბაღებს ცხრაას ჰექტარამდე მიწა უკავია. სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე სამი სასახლეა: მთავარი, დიდი ტრიანონი და პატარა ტრიანონი. ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, აგრეთვე, სამეფო საჯინიბოები და მარია ანტუანეტას სოფელი.


აი, როგორ გამოიყურება სამეფო სამლოცველო:



ტრიანონის პატარა სასახლეს ყველაზე ხშირად მისი ბოლო დიასახლისის, მარია ანტუანეტას სახელს უკავშირებენ. ახალგაზრდა დედოფალი თითქმის მთელ დროს მთავარი სასახლიდან და მისი მოძულე დიდგვაროვნებიდან მოშორებით ატარებდა. პარკის გვერდით გაჩნდა ოპერის შენობა და პატარა უტოპიური სოფელი, სადაც ქალი არარსებული სოფლის ცხოვრებაში იძირებოდა.



დედოფალი მარია ანტუანეტა შემოქმედებითი ადამიანი იყო. მას არ მოსწონდა სასახლეში ცხოვრება და იქაური გარემოცვა. ამიტომ, როდესაც სასახლე პატარა ტრიანონი მის მფლობელობაში აღმოჩნდა, ბრძანა, რომ მისთვის თორმეტი სახლისგან შემდგარი სოფელი გაეშენებინათ. გლეხური ყოფის შესაქმნელად იქ შინაური ცხოველები და ფრინველებიც ჩაიყვანეს.



ბევრ ტურისტს სწორედ ეს ადგილი იზიდავს. იქ საოცრად ლამაზი და მშვიდი გარემოა. ყველა კოხტა პატარა სახლი ტბორის გარშემო მდებარეობს. ტრიანონიდან სოფლამდე ფეხით ათი წუთის სავალია.



დიდი ტრიანონი, ანუ მარმარილოს სასახლე, სპეციალურად მეფისა და მისი გარემოცვისთვის ააგეს. იქ გამგზავრება პრივილეგიად ითვლებოდა. რევოლუციის შემდეგ ის აირჩიეს თავის რეზიდენციად ნაპოლეონმა და გენერალმა შარლ დე გოლმა. სასახლე გამოირჩევა ვარდისფერი მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადითა და აყვავებული ბაღებით.



ახლა ვერსალის სასახლის დარბაზებზეც ვთქვათ. ძალაუფლების სათავეში ახალი მონარქის მოსვლის შემდეგ მათ ხშირად გადააკეთებდნენ ხოლმე. მათ გაფორმებაში შეიმჩნევა ამა თუ იმ მეფის ხოტბა, საფრანგეთის ისტორიის აღწერა და სხვა ქვეყნებზე თავისი უპირატესობის ჩვენების სურვილი. ახლა ისინი საფუძვლიანად არის რესტავრირებული და რევოლუციების დროს დაკარგული ბევრი რელიკვიაც დაბრუნებულია.



ვერსალის სასახლე, იმავდროულად, ხელოვნების ნაწარმოებთა საცავიცაა. აქ იხილავთ ნახატებს, ქანდაკებებს, ავეჯს, საიუველირო ნაკეთობებს. ტურისტებისთვის ხელმისაწვდომ ყველა დარბაზში შესასვლელად აუცილებელია გადაადგილება სპეციალური რუკის მიხედვით, რომელსაც მთავარ სასახლეში შესვლისას გადმოგცემენ. ყველზე ცნობილია სარკეებიანი, სეფედარბაზი (იგივე აპოლონის)და ვენერასი. დანარჩენ სალონებს ბერძნული ან რომაული ღმერთების, ქალღმერთებისა და მითოლოგიური გმირების სახელები ჰქვიათ: ჰერაკლე, დიანა, მერკური, მარსი და სხვ.


აი, სარკეებიანი დარბაზი:



სეფედარბაზი:



ვენერას დარბაზი:



ვერსალამდე მისასვლელად (პარიზის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრია) ისარგებლეთ:


- მატარებლით RER, C ხაზი. გაჩერება - სადგური Versailles Chateau – Rive Gauche (30-40 წთ.), იქიდან სასახლემდე ფეხით 10-15 წთ. ან ავტობუსით №117. გირჩევთ, იყიდოთ ორივე მხარის ბილეთი, რათა რიგში დგომა თავიდან აიცილოთ. ეს დაახლოებით 7 ევრო დაგიჯდებათ. დაგჭირდებათ 1-4 ზონის ბილეთი;


- ავტობუსით: №171. ჯერ მეტროს მე-9 ხაზით მიდით გაჩერებამდე Pont de Sevres, მიჰყევით გზის მაჩვენებელ ისრებს და მეტროს გამოსასვლელთან დაინახავთ ავტობუსის გაჩერებას. გამოიყენეთ ჩვეულებრივი ბილეთები;


- ტაქსით: ერთ მხარეს დაახლოებით 50-60 ევრო.



ვერსალის სასახლის ბილეთების ღირებულება:


ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დღის განმავლობაში მიხვალთ და რას დაათვალიერებთ, დაესწრებით თუ არა შოუს, მიხვალთ თუ არა მუსიკალურ დღეებში.


- 1 დღით, ყველა ზონის ნახვით - 21,50 ევრო. თუ დაუმატებთ Grandes Eaux Musicales ან Musical Gardens, 25 ევრო.

- 2 დღით, იმავე დეტალებით - 25/30 ევრო.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ვერსალის სასახლისა და ბილეთების შესახებ (ონლაინ ყიდვის ჩათვლით) იხილეთ ოფიციალური საიტი: http://www.chateauversailles.fr/.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!