რა რჩევას აძლევდა ზურა ქაფიანიძე ვაჟს - გზაპრესი

რა რჩევას აძლევდა ზურა ქაფიანიძე ვაჟს

მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე ხშირად ინტერვიუზე უარს ერთი მიზეზით ამბობს: მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილნი არიან ადამიანები, რომლებსაც მასზე საინტერესო ცხოვრება გაუვლიათ. ჩემი აზრით კი, ეს "მიზეზი" თავმდაბლობაა და სხვა არაფერი. არადა, პოპულარობას დახარბებულ საზოგადოებაში ასეთი ადამიანები უკვე იშვიათად გვხვდებიან. როგორ აირჩია მამის " ზურაბ ქაფიანიძის პროფესია, რა დარიგებები ახსოვს მისგან, რა მოსწონს (და არ მოსწონს) ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რას ნანობს და როგორ იქცევა, როდესაც დაძაბული პერიოდი აქვს? " ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

" დაბადების თარიღი...

" ...1986 წლის 17 მარტი. ამ უცნაურ თვეში დავიბადე. მარტი ერთდროულად წყნარიც არის, ავიც, გიჟიც, ამოუცნობიც... ყველა თვისგან გამორჩეულია. ამ თვეს ვგავარ თუ არა? მარტს უფრო მეტად, ქალები ჰგვანან.

" ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

" ...საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი. ეს მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისე მოხდა, თეატრალურ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. მოგეხსენებათ, სხვა სასწავლებლებთან შედარებით, აქ გამოცდები ადრე იწყება და 1 კვირით ადრე გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი. ყველა გამოცდას თავი წარმატებულად გავართვი. უფასო ფაკულტეტზე მოვხვდი, მერე სტიპენდიანტი გავხდი. კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი პროფესია მიყვარს, მაგრამ იქ, სადღაც გულის სიღრმეში, მაინც გამიელვებს ხოლმე ინტერესი, " ნეტავ, საერთაშორისო ურთიერთობებზე რომ ჩამებარებინა, რა მოხდებოდა, როგორი ვიქნებოდი ამ პროფესიაში-მეთქი? მოკლედ, ინტერესი დღემდე მაქვს და ვფიქრობ, გამორჩეულად კარგი პროფესიაა.

" ჩემზე ამბობენ...

" ...კარგსაც ამბობენ და ცუდსაც, ისევე, როგორც ყველა ადამიანზე. ჩემზე ამბობენ (პაუზის შედეგ), " მართალი და ფიცხიაო. იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, პოპულისტობით შეპყრობილნი რომ არიან და ცდილობენ, საზოგადოებას თავი ეპატაჟური ნაბიჯებით დაამახსოვრონ. ვცდილობ, მართალი ადამიანი ვიყო. ფიცხი ვარ თუ არა? უსამართლობას რომ ვეჯახები, ვფიცხდები. ძნელია, რეაქცია არ მქონდეს იმაზე, რაც ჩემს იდეოლოგიაში არ ჯდება. ვიღაცას შესაძლოა, ნაკლებად აეშალოს ნერვები, მე ცოტათი ზედმეტად მომდის.

" თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

" ...ვცდილობ, ადამიანები მიყვარდეს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და სულ მაქვს სურვილი, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდეს. მიყვარს ჩემი სარწმუნოება. მთელი ცხოვრების დასაწყისი და დასასრული ჩემი შვილები " ნინო და მარიამი არიან. გიჟი მამა ვარ და ეს ძალიან მომწონს.

" თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

" ...თავს ზედმეტად ვიტკიებ ისეთ თემებზე ფიქრით, რომლებიც შესაძლოა, ადვილად გაატარო. გულგრილობა არ შემიძლია, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს.

" ჩემი პირველი წარმატება...

" ...იყო თეატრალურ უნივერსიტეტში. პროფესორ-მასწავლებლების საჩვენებლად პიესებიდან ნაწყვეტებს ვთამაშობდით. ერთ დღეს "ირინეს ბედნიერებიდან" ვითამაშე ეპიზოდი. ჩვენებას ვასილ კიკნაძე ესწრებოდა. მოგეხსენებათ, მას კლდიაშვილის შემოქმედებაზე არაერთი ნაშრომი აქვს. იმ ადამიანებისგან, რომელთა აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დადებითი დახასიათებები მოვისმინე და სწორედ ეს იყო წარმატება. წარმატება იყო ისიც, ამ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, შემდეგ სადიპლომო და საკურსო სპექტაკლებიც.

" როდესაც პროფესიად მსახიობობა ავირჩიე, მამამ მითხრა...

" ...ვერავისთან ვერ მივალ და ვერ ვეტყვი, " ჩემმა შვილმა ეს არ იცის, ხელი გაუმართე და ნიშანი დაუწერეო. მამა ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა. მათ ისეთ საქმეებს უკეთებდა, რომ დღემდე მისი მადლიერები არიან. მაგრამ როდესაც საქმე შვილს ეხებოდა, ძალიან პასიურობდა. როცა ვუთხარი, " თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე-მეთქი, მიპასუხა: შენს თავს დაეყრდენი და თუ შეძლებ, კი, ბატონო, მაგრამ მე ვერავის ვერაფერს ვთხოვო.

" როდესაც მამა ჩემს სპექტაკლებს ესწრებოდა...

" ...საქებარი სიტყვების თქმით დიდად არ გამოირჩეოდა. ჩემი სპექტაკლი პირველად რომ ნახა, თქვა, " მომეწონაო. დამარიგა: სცენაზე (და ცხოვრებაშიც) ყოველთვის მართალი უნდა იყო. მაყურებელი სიყალბეს მარტივად ამჩნევსო.

" როცა საჯაროდ მაქებენ...

" ...ძალიან მრცხვენია. რა თქმა უნდა, ამ უხერხულობას თან სიხარულიც ახლავს, მაგრამ ძალიან მერიდება.

" ვიბნევი, როცა...

" ...საქმე შვილებს ეხება. იმის გააზრებაც კი, რომ შესაძლოა, მათ რაღაც ცხოვრებისეული პრობლემა შეექმნათ, ძალიან რთულია. მართალია, გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ, მაგრამ პირველი ემოცია დაბნეულობაა.

" პატიება შემიძლია, თუ...

" ...საქმე ჩემს პრინციპებს არ ეწინააღმდეგება; თუ იმ ნაბიჯის გადადგმა არ მიწევს, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და რასაც ცუდი შედეგი არ მოჰყვება; თუ კონკრეტული ადამიანისადმი თბილად ვარ განწყობილი.

" დაშვებულ შეცდომებს...

" ...ვიხსენებ ხოლმე. ჩვენ ხომ შეცდომებზე ბევრ რამეს ვსწავლობთ. არის შეცდომები, რომლებიც ვფიქრობ, არ უნდა დამეშვა. თუ გულგრილი არ ხარ, გინდა თუ არ გინდა, ერთ დროს არასწორად გადადგმული ნაბიჯი თავს შეგახსენებს " ის შენი ცხოვრების ნაწილია, შენი წარსულია და თან გდევს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში წვრილ, უმნიშვნელო შეცდომებს არ ვგულისხმობ.

" ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

" ...იქ, სადაც ვარ. ჩემს ქვეყანაში. ოღონდ მსურს, დალაგებული სიტუაცია იყოს. მინდა, გაღიმებული და ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში ვიცხოვრო.

" სიყვარული ეს...

" ...უფალია. ყველაფერია, რადგან სიყვარულის გარეშე არაფრის კეთება არ შეიძლება. ეს გრძნობა თითოეულ ჩვენგანში რაც უფრო დიდი დოზით იქნება, სამყაროც მით უკეთესი გახდება.

" პირველად რომ შემიყვარდა...

" ...ვიყავი ბედნიერი. დღევანდელი გადასახედიდან შესაძლოა, ის გატაცება იყო, მაგრამ ამ გრძნობით მაშინ ლაღი და სავსე გახლდით.

" თავისუფლება...

" ...ფართო ცნებაა. თავისუფლება არის მიზანი, მიმართულება, სიყვარული და ის ადამიანისთვის უმთავრესია. თავისუფლება არ არის ამპარტავნება და ბოროტება. ეს სიცოცხლით ტკბობისა და გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭების სურვილია.

" ვრისკავ, როცა...

" ...ეს საჭიროა. ჩემს შვილებს, ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს ან საქმეს თუ დასჭირდება, ყოველთვის ვრისკავ.

" ხშირად მსაყვედურობენ...

" ...ახლობლები მსაყვედურობენ: იმაზე მეტის გაკეთება შეგიძლია, ვიდრე გგონიაო.

" ვნანობ, რომ...

" ...უცხო ენები კარგად არ ვიცი. მინდა, შექსპირს ორიგინალში ვკითხულობდე და ვერ ვახერხებ. მინდა, ყველა უცხოელს თავის ენაზე ვესაუბრო.

" ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

" ...ბევრ ადამიანს გავახარებდი. ამას მთელი გულით ვეცდებოდი.

" ვერავინ მაიძულებს...

" ...გავაკეთო ის, რაც არასწორად მიმაჩნია.

" როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

" ...იმაზე მეტად ვიძაბები, ვიდრე მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ვიყო.

" მდგომარეობიდან გამოვდივარ...

" ...ბევრი ფიქრის შემდეგ. ჩემში "ვხარშავ" ამბებს, მოვლენებს და საკუთარ თავს თავადვე ვშველი.

" ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

" ...დედისა და მამის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდი. დღეს მეგობრების აზრი მაინტერსებს. საერთოდ, ადამიანების მოსმენა მიყვარს.

" დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

" ...13 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მისი დარიგებები სულ მახსენდება. დედის ფენომენი საოცარ სიმაღლზე მყავს აყვანილი. ასევე, მახსოვს მამის დარიგებებიც. მას უნდოდა, "ქართული გზით" მევლო. ზურა ქაფიანიძესთვის სამშობლოზე დიდი და წმინდა არაფერი არსებობდა. უნდოდა, სამშობლოს არასდროს მოვწყვეტოდი.

" მე ვარ შეუმდგარი...

" ...დიპლომატი. ამ მხრივ, რაც პროფესიული კუთხით დამაკლდა, ადამიანებთან ურთიერთობაში ვინაზღაურებ.

" ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენონ...

" ...ეს ჩემს შვილებს შეუძლიათ!

" ვჯიუტდები, როცა...

" ...ჩემთვის რაღაც თემა მიუღებელია და ვერ ვიგებ. ვჯიუტდები, როცა ვფიქრობ, კონკრეტული საკითხი რატომაა სხვისთვის სიმართლე და ჩემთვის " არასწორი?

" როცა მარტო ვარ...

" ...ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ... ყველაფერზე იმდენს ვფიქრობ, რომ მერე საკუთარ თავს ვეუბნები, " ასე არ შეიძლება-მეთქი. განმარტოება არ მიყვარს. შესაძლოა, მარტო ყოფნა ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას მოსწონს, ჩემთვის კი ყველაზე დიდი კომფორტი ხალხთან ურთიერთობაა. შესაძლოა, სრულიად უცნობებთანაც კი.

" ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

" ...გულჩვილობაა. გულჩვილობას სწორად გაგება უნდა. არის საკითხები, სადაც სიძლიერე, ცივი გონებით განსჯა მეტად შედეგის მომატანია, ვიდრე " გულჩვილობა.

" დაბოლოს, გეტყვით, რომ...

" ...რაც შეიძლება მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი, მიუხედავად მატერიალური თუ სოციალური მდგომარეობისა. ყველას ბევრ სიხარულს, წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე